საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მოსალოდნელი ზარალის შემცირებისა მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მიმართა. გაფრთხილებულია ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ.
სინოპტიკოსები 4 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ამის შესახებ ,,რეპორტიორი" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს ესაუბრა.
,,4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები".