„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ ციხეებში პატიმრების მდგომარეობაზე და პატიმართა გარდაცვალების ფაქტებზე ისაუბრა.
„თუ სააკაშვილის რეჟიმს შევადარებთ, ნებისმიერი, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდის პენიტენციარული სისტემაც ვარდისფრად მოგვეჩვენება. ერთადერთი, ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს ციხეებში იყო 30-იანი წლები, რომელიც შეიძლება უფრო მუქად გამოიყურებოდა, ვიდრე სააკშვილის დროს. თუმცა, ეს არანაირად არ ამსუბუქებს იმ მდგომარეობას, რაც დღეს ციხეებშია. არაერთი გარდაცვალების ფაქტი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. თვენახევრის განმავლობაში, ჩემი ინფორმაციით, 7 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ძალიან ახალგაზრდა პატიმრები.
მნიშვნელოვანია სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება ციხეებში. ძალიან კარგია, დეპუტატები რომ შედიან და ნახულობენ პატიმრებს, რაც წინა რეჟიმის დროს არ გვქონდა, მაგრამ მხოლოდ მათი შესვლა ვერ იქნება საკმარისი პატიმრებისთვის", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.