ამ ათიოდე დღის წინ, ჩვენი საიტის მეშვეობით გაუწყეთ, რომ ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ ინტერნეტ-მუქარა ხორციელდებოდა.
არც დაგვიმალავს, რომ ჟურნალისტის „ფეისბუქ-კედელზე" გაჩნდა მუქარის შემცველი კომენტარები, რომელთა ავტორიც საკუთარ თავს „პოლიციელად" მოიხსენიებდა. „ისანი-სამგორის განყოფილების ცვლის უფროსი ვარ გოგა მერაბიშვილი... ჩამოდი განყოფილებაში და 9 წელი კამერაში გაგატარებინებ ჯიგრიკ" - წერდა ის. იყო ფიზიკური განადგურების მუქარებიც: „მაგას უთხარით გაჩერდეს, თორემ დედამისს ლანგარზე დადებულს მივუტან მაგის თავს!"
ამასთანავე, მუქარების ავტორი აცხადებდა, რომ იგი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრი.
„რეპორტიორის" ექსკლუზიური ინფორმაციით, იგივე მომხმარებელი პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძესაც მიმართავდა, მაგრამ ამჯერად შინაარსი შანტაჟსა და პროვოკაციის ელემენტებს უფრო შეიცავს, ვიდრე მუქარას.
ბატონმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს" გადასცა ფეისბუქ-მომხმარებლისა (ნიკით - „პოლი ტიკოსი") და მისი პირადი მიმოწერის ასლები.
ამჯერად, „ფეისბუქ-მომხმარებელი", რომელიც ჟურნალისტ ბაკურ სვანიძეს მუქარის კომენტარებს „გოგა მერაბიშვილის" სახელით უგზავნიდა, პოლიტიკოს სანდრო ბრეგაძეს ეკონტაქტება, როგორც „ბექა ფერაძე" და სთავაზობს მას შექმნან ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდება ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს. ბრეგაძისაგან უარის მიღების შემდეგ „ბექა ფერაძე" „გულაჩუყებული" „აღიარებს", რომ „ნაციონალური მოძროაბიდან" „ქართულ ოცნებაში" გადასვლა სურს და დახმარებას კვლავ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს სთხოვს.
„ბექა ფერაძე" უფრო შორსაც „მიდის"! დიახ, საუბრობს რა 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მიტინგზე, იმასაც კი ამტკიცებს, რომ ამ დღეს საქართველოს პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვლის ლიკვიდაცია იგეგმება!
„რეპორტიორი" დღეს თავს იკავებს ამ მიმოწერის ასლის გამოქვეყნებისაგან და დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს!
ისე, სავარაუდოა, რომ ბატონ გოგა მერაბიშვილს (თუ ბექა ფერაძეს) პოლიტიკოსთა ასეთ ავანტურაში ჩათრევა სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ შემდგომ ეს ყოველივე ისევ და ისევ მოქმედი ხელისუფლების საწინაააღმდეგოდ გამოეყენებინა!
ერთიცაა: ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ განხორციელებულ ღია მუქარზე რეაგირება მოახდინა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. თუმცა, დღემდე მათი რეაგირება ჟურნალისტისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევით შემოიფარგლა და პოლიციის მოქმედებებს ამ მხრივ რაიმე კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია!
შეგახსენებთ, რომ ჟურნალსტის მიმართ მუქარა 31 ოქტომბერს განხორციელდა და როგორც სანდრო ბრეგაძის შემთხვევაში, თემა ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი მიტინგია!
ძვირფასო მკითხველო, ალბათ, ის განცხადებაც გემახსოვრებათ, რომლითაც ბაკურ სვანიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა:
„ამთავითვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ დაზუსტებული არ მაქვს და არ ვიცი - ადამიანი, რომლის შესახებაც მოგმართავთ, რეალურად არსებობს თუ ეს მხოლოდ ვინმეს ფანტაზიის უშნო ნაყოფია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაქტის არდაფიქსირებაც არ ივარგებს.
დღეს, 31 ოქტომბერს, ჩემი „ფეისბუქის" პირად გვერდზე განთავსებულ პოსტებზე გაჩნდა რამდენიმე მუქარის შემცველი კომენტარი.
მსგავსი მუქარა-დაშინებების მცდელობები ჩემი მისამართით სოციალურ ქსელში ადრეც მრავლად ყოფილა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევა, მათი ავტორები „დამიბლოკია" და ამით დასრულებულა ყველაფერი.
თუმცა, ამჯერად მსურს ოფიციალურად მოგმართოთ, რადგან მუქარების ავტორი აცხადებს, რომ ის პოლიციის თანამშრომელია და თავის ოფიციალურ თანამდებობასა და სახელ-გვარსაც ასახელებს!
ამასთან, ის აცხადებს, რომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი!
მის კომენტარებში არის პირდაპირი მუქარა როგორც ჩემს მიმართ, ასევე ჩემს „კედელზე" კომენტარების დამტოვებელი სხვა ადამიანების მიმართაც.
მისი მუქარები შეეხება ჩემს მიერ დადებულ პოსტებს, რომელთა თემაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციები იყო.
მომყავს ციტატები:-
(სტილი დაცულია)
„აგერ ვარ ფრაქცია უმცირესობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტივისტი და პარტიის წევრი. ცენტრალური ოფისის თანამშრომელი გოგა ვარ მერაბიშვილი. „
„სანამ კარგ ხასიათზე ვარ, ფეისბუქი შენი ნებით გააუქმე და საიტზე აღარ დაგინახო შემოსული. თუ რამე პრობლემა გაქვს ნაცმოძრაობასთან ჩემს პარტიასთან აბა ერთი ისანი სამგორის სამმართველოში მოდი კაბინეტში ჩემთან დავილაპარაკოთ, 9 წელი ხინკლის ჭამაში გაგატარებინებ კამერაში ჯიგრიკ."
„სამართველოს განყოფილების ცვლის უფროსი ვარ გოგა ვარ მერაბიშვილი და თუ რამე კაბინეტში დავიბაზროთ"
„მაგას უთხარით ყურებს მოვაჭრი, მაგის თავს ლანგარზე დადებულს დედამისს მივუტან, გაჩერდეს უთხარი სანამ კუბოში აღმოჩენილა"
ბატონო მინისტრო!
დაუჯერებელია, მაგრამ თუკი თქვენს რიგებში მართლაც მუშაობს ასეთი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, „ცენტრალური ოფისის თანამშრომელი" და ამავე დროს „სამმართველოს განყოფილების ცვლის უფროსი" გოგა მერაბიშვილი, გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება თქვენს თანამშრომელს და კიდევ, სავარაუდოდ ქართული პოლიციის რიგებში შემორჩენილ იმ ადამიანებს, ვისაც პოლიციია პოლიტიკური ორგანიზაცია ჰგონია, ხოლო მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან სასაუბრო ენად - მუქარა და ლანგარზე დადებული მოჭრილი თავი მიაჩნია!
ამ მიმართვას თან ახლავს შესაბამისი „სქრინებიც".
გთხოვთ რეაგირებას შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.
პატივისცემით, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე"
გიორგი მამაცაშვილი
მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის"
გენერალური დირექტორი
„რეპორტიორის" მინაწერი:
ბატონებო, არც დაჯერება გვინდა და რატომღაც, გვგონია, რომ მსგავსი სახელისა და გვარის ადამიანი ნამდვილად არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, არც ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა... ჟურნალისტის მიმართ გამოხატული აგრესია და მუქარა კანონით დასჯადი ქმედებაა! ესაა მთავარი! მეტიც: დასჯადია თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული შანტაჟის ენითა და პროვოკაციული ფორმით გამოხატული ქმედებაც! მოკლედ, ორი სიტყვით ვამბობთ ჩვენს სათქმელს და გამგებიც გაიგებს: პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ვთხოვთ სათანადო რეაგირებას და „რეპორტიორთან" ერთად საზოგადოების ინფორმირებას!