reportiori.ge - ელისო კილაძე: რატომ არ დავწერე ხელწერილი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:36
პრეს-დაიჯესტი
ელისო კილაძე: რატომ არ დავწერე ხელწერილი?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2013. 01:38

2007 წლის 1-ლ ოქტომბერს სამსახურიდან წამოვედი.იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალი პოსტი მეჭირა და იმის გათვალისწინებით, რომ გუბერნატორი ჩემი მეგობარი გახლდათ, არც გავლენა მქონია ვინმეზე ნაკლები. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ოპოზიციაშიც ვიყავი და არც არაკეთილმოსურნენი მაკლდნენ, მაგრამ ვერც ერთმა ოპონენტმა ვერც ერთხელ ვერ დამაბრალა, რომ თანამდებობა ბოროტად გამოვიყენე, ან ტენდერები "ვიჩალიჩე", ან უძრავ-მოძრავი ქონება შევიძინე. უბრალოდ, მაშინ ძალიან ოპტიმისტი ვიყავი და მეგონა, ჩემი წესიერებით რამეს შევცვლიდი იმ სისტემაში, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული ქუთაისის მერიასა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კულუარებში. გვიან მივხვდი, რომ ეს ქარის წისქვილებთან ბრძოლა იყო. ჩემივე მეგობრები ჩემს ზურგსუკან ფულს აკეთებდნენ და ასწრებდნენ, სანამ პოზიციები და თანამდებობა ამის შესაძლებლობას აძლევდათ.მერე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში წავედი. პრესსამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი უნდა ყოფილიყო, მე კი მისი მოადგილე. სამი დღის მერე ნათია, უბრალოდ, გაქრა, მხოლოდ მეხუთე დღეს გავიგეთ, რომ  საპატრულო პოლიციის შეფს გაჰყვა ცოლად, ამიტომ ამ ექსტრემალურ სიტუაციაში პრესსამსახურის უფროსობა მე მომიხდა.ეს იყო პირველი ნაბიჯები "დიდ ავიაციაში" და პირველი რეალობა, როცა შენი თანამებრძოლები "შენები" არ არიან. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ამ წლებმა მოიტანა გამოცდილება და პოლიტიკის ანაბანასაც  უკეთ გავეცანი. ამ წლებმა მოიტანა ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელზეც სხვა დროს, ალბათ, ხელი არ მიმიწვდებოდა. ამ წლებმა შემძინა მეგობრები და გამიორმაგა მტრები. ამ წლებმა მასწავლა, როგორ უნდა გაუძლო განსაცდელს, როცა ოჯახის წევრები უმუშევრები რჩებიან, როცა შენს შვილს შეთითხნილი ბრალდებით ორჯერ იჭერენ მხოლოდ იმის გამო, რომ შენი შვილია და ციხეში ვერ სვამენ იმიტომ, რომ სრულწლოვანი არ არის. კიდევ იმიტომ, რომ შენი ბავშვობის მეგობარი პროკურორი იმ სისტემაშიც კი პრინციპულ პოზიციას იჭერს, ელისოს შვილს არ დავიჭერო!!! ეს მაშინ, როცა მეორე ბავშვობის მეგობარი პროკურორი ნამდვილ დამნაშავეს, რომელიც მისი მეზობელია, ხელს აფარებს და ყველაფერს აკეთებს, რომ შენი შვილი დამნაშავედ გამოიყვანოს. ამ წლებმა დამანახა, როგორ იქცევიან ჟურნალისტები, მაგალითად, ადამიანი, რომელსაც  "ვარდების რევოლუციის" მერე სამსახური შევუნარჩუნე, მანამდე, როცა მისი ძმა ყაჩაღობაზე დაიჭირეს და ამაზე სტატია არ დავწერე, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციაში მომუშავე მარტოხელა დედა ულუკმაპუროდ არ დარჩენილიყო და საქმე ჩაეფარცხა, მოგვიანებით როგორ დარბოდა ქუჩა-ქუჩა და რესპონდენტებს ეძებდა გადაცემა "პატრულში" ჩემს შვილზე სიუჟეტის მოსამზადებლად და რომელსაც ჩემთვის უცნობმა ადამიანებმა კარი ცხვირწინ მიუხურეს. ამ წლებმა ადამიანების ცნობა მასწავლა...თანამშრომლობის ხელწერილის დაწერა ორჯერ შემომთავაზეს. პირველად 2008 წლის ზამთარში, როცა ჩემთან ჩემი ბავშვობის მეგობარი მოვიდა  ძალოვნების წინადადებით, _ შექმნი პარტიას ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ბაზაზე, გექნება ფული, მდგომარეობა, იქნები უსაფრთხოდ, შენი მეუღლე სამსახურში დაბრუნდება, გახდები პარლამენტის წევრი, მოკლედ _ უზრუნველ ცხოვრებას მპირდებოდნენ.  სამაგიეროდ, მხოლოდ ერთ რამეს მთხოვდნენ, _ ნახევარ ფურცელზე თანამშრომლობის ხელწერილი უნდა დამეწერა "კუდის", ანუ დათა ახალაიას უწყების სახელზე. ანონიმურობა  დაცულია, ვერავინ ვერაფერს გაიგებს, იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში 30 წლითაა მოსული.მხოლოდ ნახევარი ფურცელი და  ხელმოწერა...ცხადია, უარი ვთქვი! თავისუფლება ბევრად უფრო ღირებული იყო...რატომ არ ვილაპარაკე ამაზე მაშინვე? იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრისა და შვილის ნათლიის ვინაობას ვერ დავასახელებდი, უწყება კი შემიძლია გითხრათ, _ სამხედრო პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტი...მერე იყო მძიმე წლები.საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტენდერმოგებული პროექტი გამიჩერეს. "სტუდია ბორბლებზე _ რეგიონის დროით", _ ასე ერქვა პროექტს, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა მაუწყებელში მივიტანეთ. დღემდე ვინახავ ლევან ყუბანეიშვილის წერილს, _  პროექტი ძალიან კარგია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებსო. მერე? მერე ის, რომ "კუდის" შავ სიაში ხარ და ვერც პროექტს დაიწყებ, ვერც სამსახურზე იოცნებებო.ამის მერე იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასევე მოწონებული პროექტი: "პირველად არჩევნებზე". მერე... მერე,  უკვე 2011 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველო" დავაფუძნე. ახალ პროექტს პოლიტიკური პარტია "ჩემი საქართველო" და თანამოაზრეების შეკრება ერქვა. მარტივი გეგმა იყო,  არც თუ ისე დიდი ბიუჯეტით. მოლაპარაკებები დაიწყო შესაძლო დამფინანსებლებთან და სწორედ ამ დროს, ერთი ჩემი "მეგობრის" მეშვეობით ისევ მომივიდა შემოთავაზება _ ყველა გზა გექნება ხსნილი, პარტიასაც გააკეთებ, პარლამენტი გარანტირებული გაქვს, ოღონდ საჭიროა მოლაპარაკების სხვა უწყებასთან და სხვა მაგიდასთან გადატანაო. ამ წუთას, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ზუსტად მახსოვს, ელბაქიძის აღმართზე მივდიოდით მანქანით და ჩემმა "მეგობარმა" მითხრა, _ ყველაფერი მოგვარებულია, მხოლოდ ხელმოწერაა საჭიროო. რა ხელმოწერა? ისევ ის ნახევარი ფურცელი... თანამშრომლობის ხელწერილი... მწარედ გამეცინა, რადგან ამჯერად "დამკვეთი" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აღმოჩნდა.ცხადია, უარი ვთქვი. ზუსტად ვიცოდი, სანამ ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო, თანამშრომლობის ხელწერილის გარეშე არც სამსახური მექნებოდა, არც თანამდებობა, არც ფული, არც გავლენა და პოზიცია.მიუხედავად ამისა, ხელწერილი არ დავწერე. სულ ნახევარი ფურცელი იყო საჭირო, ჩემი ხელმოწერა და პირადობის მოწმობის ნომერი, მერე ვიღაც ჩინოვნიკი, სავარაუდოდ, დათა ახალაია ან სოსო თოფურიძე ამ ხელწერილზე დაწერდა ცნობას, დაადებდა რეზოლუციას, გაატარებდა რეგისტრაციაში, მიანიჭებდა პირად ნომერს და იწყებოდა უზრუნველი ცხოვრება ანონიმურობის გარანტიით, რადგან მაშინ ბიძინა ივანიშვილი ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და ხელისუფლების გამოცვლის არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. ხელწერილდაწერილი ოპოზიცია კი გაზაფხულიდან შემოდგომამდე ერთ წრეზე დადიოდა და ყველა საპროტესტო აქცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან მთავრდებოდა, უკეთეს შემთხვევაში _ მაუწყებლის დირექტორის გადაყენებით.მესამე კვირაა, "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი "კუდის" აგენტების ხელწერილებს ვაქვეყნებთ. როცა პირველი ხელწერილი ვნახე, მწარედ გამეცინა, მაშინვე გამახსენდა ნახევარი ფურცელი და ხელმოწერა... ანუ ის, რაც ოპოზიციაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში ორჯერ შემომთავაზეს.მე არ დავწერე თანამშრომლობის ხელწერილი. არა იმიტომ, რომ თქვენზე მაგარი ვარ და გმირის მანტიაზე, ან დაფნის გვირგვინზე მაქვს პრეტენზია, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩემი არჩევანი იყო, მძიმე, მაგრამ არჩევანი თავისუფლებასა და ფულს შორის.მე თავისუფლება ვარჩიე. ჰოდა, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეუბნებით, _ ამიტომაც ვწერ ამ სტრიქონებს ახლა ასე თავისუფლად და ამიტომაც ვერ აკეთებთ კომენტარებს იმაზე, რასაც მე ვწერ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016