reportiori.ge - დათო ოქიტაშვილი „Placebo“-ს მოწინააღმდეგეებს აერთიანებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:48
ინტერვიუ
დათო ოქიტაშვილი „Placebo“-ს მოწინააღმდეგეებს აერთიანებს
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 16:05


თბილისში Open Air ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც კომპანია „ალტერვიჟენი" მართავს. წლევანდელ ღონისძიებაზე, პოპულარულ ინგლისურ ალტერნატიულ როკჯგუფს Placebo-ს ელოდებიან.


მოსალოდნელ კონცერტს ჩრდილი ერთმა ფაქტმა მიაყენა. ჯგუფის ბასისტმა, სტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსელში თბილისში მოსეირნე ჰიპოპოტამის ფოტო გამოაქვეყნა და მას საკმაოდ არაადეკვატური მინაწერიც დაურთო, რომ სულ მალე თბილისში კონცერტს გამართავდა და ამ ცირკს შეუერთდებოდა. „ალტერვიჟენი" მუსიკოსს ორჯერ ესაუბრა და მორიგ „პოსტში" ბასისტმა ბოდიში მოიხადა, დაწერა, რომ არ იცოდა, თუკი თბილისში გამანადგურებელი სტიქია მძვინვარებდა, თუმცა მისი ბოდიში ბევრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.  მათ შორისაა საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დათო ოქიტაშვილი, რომელიც აპირებს, „პლაცებოს" კონცერტი აქტიურად გააპროტესტოს.


მანამდე - რა ჯგუფია „პლაცებო"? ალბათ, ესეც ამ ამბის საინტერესო დეტალია. „იდენტობის" „ფეისბუკის" გვერდზე ვკითხულობთ, რომ „პლაცებო" არის ჯგუფი, რომლის წევრებსაც, ღიად და საჯაროდ, მრავალჯერ უსაუბრიათ თავიანთ არანორმატიულ სექსუალობაზე. მათი სიმღერების ტექსტებსა და სათაურებში ხშირია ჰომოსექსუალური თემატიკა. მეტიც, ბენდის წევრები საკუთარ თავს უწოდებენ „პედარასტებს" და მაქსიმალურად მიმართავენ პროვოკაციას, რათა ჰეტერონორმატიულ წესრიგს დაუპირისპირდნენ: „ძალიან მინდა ჰომოფობები მოვიდნენ კონცერტზე, ქალი ვეგონო და მოვეწონო", - ამბობს ბენდის წევრი მოლკო.

 

რას გეგმავენ „პლაცებოს" კონცერტის მოწინააღმდეგენი და რას პასუხობს „ალიას" „ალტერვიჟენის" წარმომადგენელი აჩიკო გულედანი?


„ალიას" დათო ოქიტაშვილი ესაუბრა:


- არ ვიცი, რა ჯგუფია და არც მაინტერესებს, მაგრამ მე გული მწყდება იმ პერიპეტიების გამო, რაც ჩემი მისამართით დაიწყეს. მე გამომიყვანეს გარეწრად, თურმე, როგორ გავბედე და ვთქვი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ საზოგადოებას, სულში ჩაგვაფურთხა, მიცვალებულის გვამებზე იარა, კონცერტი არ უნდა ჩაატაროს.


ქართველ კაცს დედას რომ შეაგინებენ, მერე ბოდიშსაც რომ მოუხდიან, ნამდვილი ქართველი მამაკაცი ამას არ აპატიებს შემგინებელს და მე მიკვირს ზოგიერთი თანამდებობის პირის განცხადება, კონკრეტიკა არ მინდა ახლა, რომლებიც ამბობენ, რომ იცით, რა - სიტუაციაში რომ გაერკვა, თურმე მას მერე მოიხადა ბოდიში. რა ბოდიშზეა საუბარი? რა, ამ ადამიანმა თბილისის ქუჩებში მარტო ბეჰემოთი დაინახა? დანგრეული ქალაქისა და გარდაცვლილი ადამიანების კადრები ვერ ნახა? მთელი მსოფლიო ამ კადრებს აჩვენებდა. რაღა მაინცდამაინც ბეჰემოთი შეამჩნია? ვერ დამაჯერებს ამას ვერავინ. საერთოდ, მოიხადა თუ არა ბოდიში, ესეც საკითხავია. შესაძლოა, ეს ბოდიში სპეციალურად იყო გაკეთებული ორგანიზატორების მხრიდან, რომ მერე სასაუბრო ჰქონოდათ.


ცირკს შეუერთდეს თავის სამშობლოში! ამ უბედურებამ მთელი ახალგაზრდობა გააერთიანა და დაგვანახა, რა ჯანსაღი თაობა გვეზრდება. თუ ეს ახალგაზრდები დაუშვებენ, რომ ვინც ჩვენ სულში ჩაგვაფურთხა, ასეთი ადამიანი მაინც უნდა ჩამოვიდეს და მაინც უნდა გამართოს კონცერტი, თან მაშინ, როცა საამისო მდგომარეობა არ არის ქალაქში, მაშინ გააკეთონ. მაგრამ მე არა მგონია, ეს დაუშვან. „ფეისბუკზე" მლანძღავენ, წერენ, - „ესროლეთ ოქიტაშვილს, დააძინეთო". მესროლონ და რაც უნდათ, ის ქნან, მე აზრს მაინც არ შევიცვლი. როგორ გგონიათ, ვინც 24 საათი მლანძღავს, გული შესტკივა იმაზე, რაც საქართველოში განვითარდა?! აზრი ორადაა საზოგადოებაში გაყოფილი. ახალგაზრდები წერენ, ერთ მოლოტოვის კოქტეილს მე ვისვრი, თუ კონცერტი გაიმართებაო.


- რას გვეტყვით უშუალოდ ამ კონცერტის ორგანიზატორებზე?


- ამ ღონისძიების ორგანიზატორია „ალტერვიჟენი". ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" დროს დააფუძნეს, აჩიკო გულედანმა და ა.შ. აქ იმას კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვისი მმართველობის დროს დაფუძნდა ეს კომპანია, არამედ საქმე ისაა, რომ ამ კონცერტის ორგანიზატორებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს, ხოლო იმათ უთხრან, რომ თქვენმა გამონათქვამმა ასეთი რამ გამოიწვია.


- თუ შეხვედრიხართ კონცერტის ორგანიზატორებს? რას ამბობენ, რით იმართლებენ თავს, რატომ ვატარებთო ამ შექმნილ სიტუაციაში?


- არ შევხვედრივარ ორგანიზატორებს, არ ვარ საქართველოში. მე რატომ უნდა შევხვდე?! მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და მათ თუ რამე პრეტენზია აქვთ ჩემთან, დამირეკონ და პასუხს გავცემ.


- საზოგადოების დიდი ნაწილი, ბევრი ორგანიზაცია აპროტესტებს ამ ჯგუფის ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას. ხომ არ გეგმავთ მათთან გაერთიანებას და კონცერტის ერთიანი ძალებით გაპროტესტებას?


- მალე თბილისში ვიქნები და შევხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფილი არიან იმით, რომ თურმე თბილისში ცირკი ყოფილა და მის სანახავად ჩამოდის. მე ყველას, ვინ ამას გააპროტესტებს სოლიდარობას გამოვუცხადებ. არავინ არ არის წინააღმდეგი, საქართველოში ვინმე ჩამოვიდეს და იმღეროს. ამბობენ - პუგაჩოვა, ვაიკულე, ნაფტალინები და „სექენდ ჰენდები" ხომ კარგად ჩამოჰყავთო... მაპატიეთ, მაგრამ არც ერთ მათგანს საქართველოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მათგან განსხვავებით დათო ოქიტაშვილი არასდროს არ ჩამოიყვანს ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი არ უყვარს და პატივს არ სცემს.


- კონკრეტულად რას გააკეთებთ?


- მე დღეს ჩამოვალ, საღამოს თბილისში ვიქნები. შევხვდები ამ ადამიანებს და ერთად მოვიფიქრებთ. ყველაზე ცუდი კი იცით, რა არის? ორგანიზატორებმა დღემდე არანაირი განცხადება არ გაავრცელეს, მარტო ერთი სიტყვით შემოიფარგლნენ, რომ მან ბოდიში მოიხადა. მე არც მჯერა, რომ მან ბოდიში მოიხადა და რომც მოეხადა,  როგორც ერთი, რიგითი ქართველი, არ მივიღებ!


„ალია" „ალტერვიჟენის" წარმომადგენელს, ღონისძიების ორგანიზატორს აჩიკო გულედანს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, მაშინ, როცა ქალაქს არ ეკონცერტება, როცა საზოგადოებაში ამხელა უარყოფითი განწყობაა ამ კონცერტის მიმართ, რატომ არ გადადო აღნიშნული კონცერტი, რატომ შეარჩიეს იმ ორიენტაციის ჯგუფი ჩამოსაყვანად, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებს და უარყოფითადაა განწყობილი?


გულედანმა გვითხრა, „კითხვებით რომ არ შეწუხდეთ, ჩვენი ოფიციალური კომენტარი ჩვენს ფეისბუკგვერდზე დევს და ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით"-ო. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:


„მეგობრებო, დღეს, როდესაც თბილისი ჯერ კიდევ არ არის გამოსული იმ შოკიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადაიტანა, ძალიან არ გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. მაგრამ, როგორც თბილისი Open Air-ის ორგანიზატორები, თავს ვალდებულად ვთვლით, შემდეგი განცხადება გავაკეთოთ: შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ფესტივალში 7 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი Placebo. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, სტეფან ოლსდალმა 13 ივნისის დილას თავის ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ბეჰემოთი თბილისის ქუჩებში, რომელიც პირდაპირ ხიდან მიირთმევს ფოთლებს და გაიხუმრა, რომ „თბილისში მალე კონცერტი აქვს და ერთი სული აქვს, როდის შეუერთდება ამ ცირკს". ჩვენ, ბუნებრივია, დავუკავშირდით მას და განმარტება მოვთხოვეთ. საუბრისას გაირკვა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია წყალდიდობისა და დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, ძალიან შეწუხდა, იქვე დაარედაქტირა ტექსტი, ხოლო შემდეგ, როდესაც ვითარებაში ბოლომდე გაერკვა, საერთოდ წაშალა ის ფოტო და ახალი დადო, სადაც ძალიან გულწრფელი ბოდიში მოიხადა. ვიმეორებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ადამიანს თავში აზრად არ მოსვლია ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფა. ოლსდალმა არ იცოდა, რომ აქ რაღაც საშინელება მოხდა და კონკრეტულ ფოტოზე გაიხუმრა, რომელიც (როდესაც არ იცი, ამ ფოტოს უკან რა დგას) ნამდვილად ღიმილისმომგვრელია. ჩვენთვის მისი ბოდიში დამაჯერებელი და მისაღებია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ოლსდალი, ისევე როგორც ვერც ერთი სხვა არტისტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ვერ მოხვდებოდა ჩვენი  ფესტივალის სცენაზე...


ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემაჯამებელი და საბოლოო კომენტარი ამ თემაზე. ფესტივალის მონაწილეები და მისი ფორმატი უცვლელია. არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ფესტივალი ჩაიშლება, ან ვინმე ჩაშლის. ჩვენი ფესტივალის მეგობრებს ვთხოვთ, რომ არ შევიდნენ პოლემიკაში იმ ადამიანებთან, ვისაც არ ესმის, რა არის თბილისი Open Air. დანარჩენზე ჩვენი ფეისბუკგვერდის ადამიანები იზრუნებენ".


7 ივლისიც მალე მოვა და ვნახავთ, ჩატარდება თუ არა ფესტივალი. ყოველ შემთხვევაში, Placebo-ს, რომ სცენაზე არ გამოუშვებენ, ამის შესახებ მხოლოდ ოქიტაშვილი კი არ საუბრობს, არამედ არასამთავრობოებიც ერთიანდებიან და ამის შესახებ ბრიფინგებს მართავენ.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016