reportiori.ge - ნიკუშა შენგელაია: მე და ბიძინა რამდენჯერაც შევხვდით ნაციონალების ოფისთან, იმდენჯერვე მათი ოფისის კართან ნაგვის მანქანა იდგა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 14:49
ინტერვიუ
ნიკუშა შენგელაია: მე და ბიძინა რამდენჯერაც შევხვდით ნაციონალების ოფისთან, იმდენჯერვე მათი ოფისის კართან ნაგვის მანქანა იდგა!
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 14:49


გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვეს გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მგელაძემ, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და მხატვარი ნიკუშა შენგელაია. ამ ფაქტს ნიკუშა შენგელაია შემდეგნაირად განმარტავს:


- იმ პერიოდში მე და ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე მოგვიხდა კახეთში გამგზავრება, მოვინახლეთ ბოდბის მონასტერი, წინანდლისა და ნატო ვაჩნაძის მუზეუმები, მირზაანში - ნიკო ფიროსმანის მუზეუმი. შეთანხმებული ვიყავით, რომ ყოველ წასვლაზე ერთმანეთს აეროპორტის გზაზე შევხვედროდით - ბიძინა თავისი სახლიდან მოდიოდა, მე - ჩემი სახლიდან, აქ ერთად ვსხდებოდით მანქანაში და გზას ვაგრძელებდით. ვხუმრობდით კიდეც, ნახე, ნაციონალურ მოძრაობასთან ვხვდებითო. როგორც ჩანს, დაგვინახეს და გაავრცელეს, ღამით ივანიშვილი და შენგელაია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იყვნენ, რაღაცას გვიპირებენო. ამაზე მე და ბიძინამ ბევრი ვიცინეთ, რა უნდა ვთქვა - გულწრფელად გპასუხობთ - კახეთში მივდიოდით, თან დღისით და არა ღამით, კურიოზი ის არის, რამდენჯერაც შევხვდით, იმდენჯერვე ნაგვის მანქანა იდგა მაგათი ოფისის კართან. ყველაფერი სიმბოლურია. ბარიერზე ჩამომჯდარი იყო მოწყენილი მენაგვე, ჩემმა მეუღლემ სურათიც გადაუღო.


- სხვა დროს თუ შესულხართ ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რას უნდა ნიშნავდეს მათი პარტიის რიგების შემცირება?

 

- რა მინდოდა, ქუდი რომ შემიგდო, შიგნით არ შევალ. მაგათთან საქმე არასდროს მქონია. ლიდერი დაკარგეს და ახლა თითო-თითოდ თავს ირჩენენ, რომ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ, მაგ პარტიიდან სადაც არ უნდა გაიშალონ და გამოიშალონ, ხალხს ვერ დაემალებიან, ყველა ნაციონალს სახეზე იცნობენ, სანამ პლასტიკურ ოპერაციებს არ გაიკეთებენ, მაგათი საშველი არ იქნება, ჯობს, ივა კუზანოვთან მივიდნენ!


- უკრაინაში ოდესის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილის დანიშვნას როგორ შეაფასებთ?

 

- ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მთავარია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. უკრაინელებმა სადაც უნდათ, იქ დანიშნონ, რა ჩვენი საქმეა. წაიკითხონ სააკაშვილის ბიოგრაფია -კაცი, რომელიც თავის ქვეყანაში წარუმატებელი აღმოჩნდა, ხალხმა აღარ ინდომა, ესე იგი, რაღაცაშია საქმე და სანამ სადღაც დასვამენ, დაფიქრდნენ! ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესში იყო, სააკაშვილი ცენტრიდან მოეშორებინათ და ოდესაში გადაეყვანათ.


- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოდესაში ნატოსთვის სტრატეგიული პორტი უნდა აშენდეს. სააკაშვილმა განაცხადა, მაიძულეს, რომ საქართველოს მოქალაქეობა დამეტოვებინაო.

 

- სააკაშვილი რომელი ადმირალი ნელსონია, ცალი თვალი რომ აიხვიოს და სტრატეგიული პორტები აშენოს?! ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობა ოდესაში სააკაშვილის დონეზე არ წყდება. აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი, საქმეები მაქვს, ვუსმენ მათ, ვისაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეგმები აქვს და სიმართლეს ამბობს, ერთსა და იმავე მატყუარას რატომ უნდა ვუსმინო? რაც შეეხება მოქალაქეობას - არაფერი დაუძალებიათ, თვითონ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ორმაგი მოქალაქეობის მიღება თუ უნდა, მიმართოს პრეზიდენტს. ზოგადად, მნიშვნელობა არა აქვს, ვის რა პასპორტი უდევს ჯიბეში, ვნახეთ უკვე, როცა ჯიბეში საქართველოს პასპორტები ედოთ, რაც მოიმოქმედეს. ახლა აბსოლუტურად არ მაინტერესებს, უკრაინაში რას აკეთებენ, მაგრამ, თუ საქართველოს საზღვარს გადმოაბიჯებენ, მაშინ დავინტერესდები და ვიმოქმედებთ ისე, თუ მაინც დაბრუნების იმედი აქვთ, ვურჩევ, სიმღერა - „დავბრუნდები, მაგრამ როდის?" წაიღიღინონ! სააკაშვილის ბოლო გაჩერება შეიძლება, იყოს სადმე ვანუატუში იუსტიციის სახლის გახსნა. ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი მაგათ აქ არ მოუშვებს. დღევანდელი უკმაყოფილება იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ისევ მაგათ მოიყვანენ.


- ბატონო ნიკუშა, სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილზეც განაცხადა, ბოლო ცენტს წავართმავ და ხალხს დავუბრუნებო.

 

- რახან შენ იტყვი-თქო. ხალხს ბოლო ცენტი თავად წაართვა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი უბრუნებს - მის წართმეულს და თავის ნაშოვნსაც ხალხს აძლევს. სააკაშვილის მოსმენა არ შეიძლება, ვისაც ენატრება, მიუნჰაუზენის თავგადასავალი წაიკითხოს, იქ ბევრად უფრო დიდი იდეები და საინტერესო ტყუილებია, ვიდრე პრიმიტიული, მარტივი და დაბოღმილი სააკაშვილის ზღაპრები.


- თქვენი კომენტარი ზურაბ ადეიშვილის განცხადებაზე, პატიმრების წამების კადრები მე და სააკაშვილმა გავასაჯაროვეთო...

 

- არ ვიცი, ვინ გაასაჯაროვა, მაგრამ, ფაქტია, რომ ძალადობა პატიმრებზე არ უნდა მომხდარიყო. ეს განცხადება მხოლოდ თავის მართლებაა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ გაასაჯაროვე თუ სხვამ, დანაშაული გაქვს ჩადენილი და პასუხი უნდა აგო. სამართალდამცავები, ალბათ, თავის სიტყვას იტყვიან და ყველა დამნაშავეს ადგილს მიუჩენენ, რადგან პოლიტიკაში იყვნენ, მათთვის ინდულგენცია არავის მიუცია.


- ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე რა აზრისაა?

 

- მაგის შესახებ არც ვსაუბრობთ, მხოლოდ ის ვიცი, რა გაკვირვებული იყო, როცა დასავლეთის წარმომადგენლები სააკაშვილს ლმობიერად იხსენიებდნენ. ბიძინამ ძალიან კარგად იცის ხალხის ცხოვრების პირობები, აწუხებს მათი ბედი და ყოველ ღონეს მიმართავს, რომ ცხოვრება შეუმსუბუქოს. დღედაღამ ფიქრობს, რა შეიძლება, უკეთ გაკეთდეს, ჩინოვნიკების მუშაობის შესახებაც ძალიან კარგად იცის. ყველა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი მუშაობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბებაზე, ყურადღებას ამახვილებს განათლებაზე, ინვესტიციების მოძიებაზე. ეს არც ისე იოლია, სააკაშვილმა რუსეთის ჯარი ახალგორამდე მოიყვანა, ახლა როგორ გინდა ინვესტორის დარწმუნება, რომ აქ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო გარემოა.


- ბიძინა ივანიშვილს კახეთში როგორ შეხვდნენ?

 

- ძირითადად, მუზეუმის თანამშრომლებს შევხვდით, ყველამ კარგად მიიღო, იმიტომ, რომ ბიძინა ძალიან უშუალოა, თავის უპირატესობას თავზე არავის ახვევს. კახელებს ძალიან უყვართ. საერთოდ, მას ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია და, ახლა რომ ამბობენ, მართვაში ერევაო, ხალხს რატომ არ ეკითხებიან - კოალიციას კი არა, სწორედ ბიძინას მისცეს ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება და თუ ახლა ვინმეს რჩევებს აძლევს, აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. ხალხო, ბიძინა ივანიშვილს არც ფული უნდა, არც არაფერი, თავისი ქვეყნის წინსვლა და ბედნიერება სურს და ყველა ერთად ამას უცილებლად მივაღწევთ. დავინახოთ სიკეთე, სულ ახლახან ამაზე კარგი რა უნდა გაეკეთებინა - ფიროსმანის ნახატი, რომელიც სადღაც უნდა დაკარგულიყო, საქართველოს დაუბრუნა. ვიღაც გამოვიდა და ეს ფაქტი არ მოეწონა, სისულელეები ილაპარაკა, იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადა.


- ბიძინა ივანიშვილს ხშირად ხვდებით?

 

- ოჯახებით ვმეგობრობთ, დამიჯერეთ, ყოველი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბარს ეხება, ახალგაზრდებისთვის განათლების საუკეთესო პირობების შექმნას. როცა რაღაც ხდება, ბიძინა არც ძალიან გაკვირვებულია ხოლმე, არც განცვიფრებული, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს.


- როგორია მისი დამოკიდებულება პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან?

 

- ჩემს აზრს მოგახსენებთ, პრეზიდენტი ცალკეა გამოკეტილი სასახლეში, რაც ძალიან სამარცხვინოა, რა გაჯიუტებაა? პირველი არ ამბობდა, იქ შესვლა ამორალურიაო და ახლა თვითონ დაავიწყდა მორალი? რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, შეიძლება, ბიძინა მას რჩევებს აძლევს, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ დაპირისპირებულია.

 

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი„


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016