reportiori.ge - ფიქრია ჩიხრაძე: მდგომარეობა მძიმე შეფასებას იმსახურებს საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკური სპექტრისგან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:20
ინტერვიუ
ფიქრია ჩიხრაძე: მდგომარეობა მძიმე შეფასებას იმსახურებს საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკური სპექტრისგან!
15 ივლისი, 2015. 15:06


„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „რეპორტიორს" ესაუბრა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მცოცავ ანექციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო, პრინციპული და წამყვანი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.


- ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას რა შეფასებას მისცემთ?


- ბუნებრივია, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია დღევანდელი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ცხელი და ყველაზე მძიმე თემაა. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს თემა, რომლის გარშემოც მოხდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. რუსეთი ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ამაში ახალი მართლაც არაფერია, უბრალოდ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ, უპირველესად ხელისუფლებამ, უნდა შეხედოს ადეკვატურად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პერმანენტულად ხდება და გრძელდება, ვიცით, რომ არც ეს შემთხვევა იქნება უკანასკნელი. ჩვენ უნდა გვქონდეს ხელისუფლებისაგან გამოხატული ოფიციალური პოზიცია და ამ პოზიციას ქართველმა საზოგადოებამ აქტიურად დაუჭიროს მხარი. მე ვისურვებდი და აუცილებლად ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო, პრინციპული და წამყვანი პოზიცია. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უნდა ახდენდეს ქართული საზოგადოებრივი აზრის, საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ამ თემის გარშემო.


- რა მონაწილეობა მიიღო „ახალმა მემარჯვეებმა" აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში?


- „ახალი მემარჯვენეების" შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩავიდა კონფლიქტის ზონაში, შეხვდა მოსახლეობას, ადგილზე ნახა შექმნილი სიტუაცია, მედიასაც გაუზიარა თავისი შთაბეჭდილები. როგორც ვიცი, დღესაც იყვნენ სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რასაც მივესალმები და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ასეთი ჯგუფი, საზოგადოებრივი გაერთიანება თუ, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას მსგავს საპროტესტო აქციაში, იმიტომ რომ ეს ყველას სამშობლოა, ეს თემა ეხება უკლებლივ ყველას!


- რა ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ პრობლემის გადასაწყვეტად?


- პასიურობა, რომელსაც იჩენს საქართველოს ხელისუფლება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. დღეს, როდესაც ასეთი ამბავი ხდება, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას და იმედი აქვთ, რომ ისინი ქმედით რეაგირებას მოახდენენ ამ მძიმე შემთხვევაზე. როგორ შეგიძლია, შენ მოსთხოვო სხვას მკაფიო პოზიცია, როდესაც ჯერ შენ თვითონ არ გამოგივლენია ასეთი პოზიცია. ჩვენ ვნახეთ ფრაგმენტული განცხადებები, ოფიციალური პოზიცია მოვისმინეთ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ისიც იყო მორიგი, რბილი და არაფრის მთქმელი. წარმოუდგენელია, რომ ასეთ ვითარებაში არც მთავრობის საგანგებო სხდომა ინიშნება, არც მთავრობის მეთაური აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას და ელემენტარულად, სიტყვიერი პროტესტის ფორმასაც არ მიმართავს. ჟურნალისტები რომ არ იყვნენ, რომლებიც პერიოდულად მიდიან პარლამენტარებთან და გარკვეულ კომენტარებს სთხოვენ, მათ დამოკიდებულებასაც ვერ მოვისმენდით. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე და მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო, ჩამოყალიბებული, პრინციპული ხედვა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. როცა ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში არ არის მთავარი სპიკერი, მთავარი მოქმედი აქტორი საქართველოს სახელმწიფოს სახელით, ის ხელისუფლება თავად ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას, ქვეყნის შიგნით დელეგიტიმაციასაც კი და მის სიტყვას არანაირი წონა არ ექნება საერთაშორისო საზოგადოებაში.


„ახალ მემარჯვენეებს" მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მინიმალური ფუნქციებია: ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მოქალაქეების უსაფრთხოება, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სოციალურ-კულტურულ და ა.შ. ვალდებულებების შესრულება, შეძლებისდაგვარად. ჩვენი ხელისუფლება მთელი ამ დროის განმავლობაში უარს ამბობს ამ ვალდებულებების შესრულებაზე და იმ მთავარ ფუნქციაზე, რასაც ქვეყნისა და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება ჰქვია. მე ვფიქრობ, ეს მდგომარეობა ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს საქართველოს მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრისგან.


- ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს როგორ აფასებთ?


- რაც შეეხება ბურჯანაძეს, მე მასთან დაკავშირებით არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, ის დიდი ხანია ისე იქცევა, როგორც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსული პოლიტიკის წარმომადგენელი და არა ქართველი პოლიტიკოსი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რომელსაც ბურჯანაძე აკეთებს რუსულ მედიასაშუალებებში, არის ქვეყნის ინტერესების საზიანო, თუნდაც უკრაინის მოვლენების შეფასებისას. თუ ვიტყვით, რომ ყირიმი უკრაინისთვის საშვილიშვილოდ დაკარგულია და ის რუსეთს ეკუთვნის, მაშინ რას ვეუბნებით ჩვენ აფხაზეთისა და ცხვინალის რეგიონის მოსახლეობას? თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო სუვერენიტეტი, მაშინ რატომ იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში". მე არ ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძე უვიც პოლიტიკოსთა კატეგორიას მიეკუთვნება და მან არ იცის, რასთან გვაქვს საქმე როცა ამგვარ პოლიტიკურ ხაზს ავითარებს. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან აირჩია, პოლიტიკური სარგებელი მიიღოს აქედან და ამიტომ მოქმედებს ამ მიმართულებით. მე მახსოვს ნინო ბურჯანაძე - შემართული მებრძოლი ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეს იყო წარსული და მან საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ წარსულზე. სამწუხაროა, როცა პოლიტიკოსები აბსოლუტურად ემიჯნებიან საკუთარ წარსულს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016