reportiori.ge - ლია ელიავა: ძალიან ცუდი და სახიფათო ტენდეციაა ეროვნული ბანკის საქმიანობაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:28
ინტერვიუ
ლია ელიავა: ძალიან ცუდი და სახიფათო ტენდეციაა ეროვნული ბანკის საქმიანობაში
ავტორი:
20 ივლისი, 2015. 16:40


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა „რეპორტიორს" ლარის არასტაბილურ კურსზე, აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე, ვითარების სამომავლო განვითარებასა და ეროვნულ ბანკში არსებულ ხარვეზებზე ესაუბრა:


- საზოგადოებაში არსებული მოსაზრება, რომ ლარის გაუფასურება ინვესტიციების ნაკლებობის ბრალია, არის მეორადი მიზეზი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ლარის კურსის ვარდნა დაიწყო და რის შედეგადაც მივიღეთ სავალუტო კრიზისი, ეს იყო ქვეყნიდან კაპიტალის სწრაფი გადინება. სამწუხაროდ, ეს პროცესი არ არის შეჩერებული, ვინაიდან კომერციულ ბანკებს ისევ არ ჰყოფნით უცხოური ვალუტა, რომ წინ აღუდგნენ ქვეყნდან კაპიტალის გადინებას, ამიტომ ვიღებთ ლარის ასეთ მერყევ კურსს.


- ვინ არის დამნაშავე აღნიშნულ საკითხში და ვის უნდა დაერეგულირებინა სიტუაცია?


- საზოგადოების უმრავლესობა ამაში მთავრობას ადანაშაულებს. მთავრობას მართლაც მიუძღვის გარკვეული წილი ამ პროცესებში, რადგან, როგორც კი ლარმა ვარდნა დაიწყო, მთავრობას მაშინვე უნდა გაეშვირა ხელი ეროვნული ბანკისკენ და მკაფიოდ ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ მთავრობას ლარის კურსის დასარეგულირებელი ბერკეტები არ გააჩნია. ეს ბერკეტები მთლიანად არის საქართველოს ეროვნული ბანკის ხელში, რომელსაც ის არ იყენებს. არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები, რომ ეროვნული ბანკი კატეგორიულად ამბობს უარს ლარის კურსის მხარდაჭერაზე. არადა, გასული 6 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი საკმაოდ ყურადღებით ადევნებდა თვალს ლარის კურსს და ოდნავ ცვლილებაზეც კი რეაგირებდა. მთავრობას ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია.


- ეროვნულმა ბანკმა დადო დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ, სადაც მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. თქვენი აზრი რომ მოგვახსენოთ აღნიშნულზე?


- ძალიან უცნაური შინაარსის დოკუმენტია და მთელი პასუხისმგებლობა გადატანილია მთავრობის საბიუჯეტო ხარჯებზე. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნულ ბანკში ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული თავიანთი ფუნქციები, ბოლომდე არ ესმით, თუ რა არის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, რომლის გატარებაც მათ კანონით ევალებათ. სიტუაცია გვაქვს ძალიან რთული. ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხულზე ვამბობდი, რომ ზაფხულის დასაწყისში ლარი დასტაბილურდებოდა და შემდეგ ისევ დაიწყებდა ვარდნას. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზები გამართლდა. საქმე იმაშიც არ არის, რომ კომერციულ ბანკებს აკლიათ სავალუტო რესურსი უცხოური გადარიცხვებისათვის, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს. თუმცა, ამ მხრივაც სცოდავენ ბანკები, რადგან წინასწარ უნდა ჰქონდეთ მომარაგებული გარკვეული ოდენობის ვალუტა ასეთი არაორდინარული სიტუაციისათვის. საქმე იმაშია, რომ ეროვნულმა ბანკმა როდესაც ხელი აიღო ვალუტის კურსის რეგულირებაზე, ამას საფუძვლად არავითარი ლოგიკური არგუმენტები არ დაუდო. შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდის გამო აიღო ხელი ლარის კურსის მხარდაჭერაზე და მისი მიზანი იყო მიეღწია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე, რომელსაც უკანასკნელი 7 წლის მანძილზე ვერ აღწევდა. სავალუტო კურსის ვარდნამ გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა. თუ ლარის კურსის მხარდაჭერაზე უარის თქმა მხოლოდ ამით იყო განპირობებული, ეს ძალიან ცუდი და სახიფათო ტენდენციაა ეროვნული ბანკის საქმიანობაში.


- რამდენად ახდენს გავლენას ლარის კურსზე ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია?


- ნამდვილად, ჩვენთან ლარის კურსზე ქვეყნის დამოკიდებულებას განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია. სავალუტო კრიზისამდე ეკონომიკის დოლარიზაცია იყო 60%, შემდეგ კი გაიზარდა 65 %-მდე. რომ არა დოლარიზაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, არც მოსახლეობა და არც ეკონომიკა არ იქნებოდა ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში სავალუტო კურსის მიმართ.


- რას აკეთებს ეროვნული ბანკი, რომ ეკონომიკის დოლარიზაცია შეამციროს?


- მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდი სისტემატურად აფარებს ხელს ეროვნული ბანკის შეცდომებს და ცდილობს, მისი საქმიანობა ეფექტიანად წარმოაჩინოს, თავის ყველა დასკვნაში მაინც აღნიშნავს, რომ აუცილებელია დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება ქვეყანაში. ეროვნული ბანკი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, თუ დღემდე კომერციული ბანკების მიერ ნებისმიერი გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში უკანონოდ ითვლებოდა, მიმდნარე წელს ეროვნულმა ბანკმა ეს შეზღუდვა მოხსნა და დააკანონა უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა. ანუ, ფაქტობრივად კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის ზრდას. ეროვნულ ბანკს ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, თუ რა დიდი მნიშვნელობა და ფუნქცია აკისრია მას ქვეყნის ეკონომიკის მართვაში. თუ რაღაც პრობლემა წარმოიქმნება ხოლმე, არავინ აანალიზებს, ვისი ბრალია ეს და განტევების ვაცი მთავრობა ხდება. მთავრობას აქვს წამოწყებული ძალიან კარგი პროგრამები. ძალიან მომწონს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროგრამები. მაგრამ, ეს პროგრამები „ბუქსაობენ", რადგან მათ არ აქვთ ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების მეშვეობით მხარდაჭერა, ანუ მხარდაჭერა ეროვნული ბანკისაგან.


ეროვნული ბანკი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური, ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ორჯერ განაცხადა საჯაროდ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ეროვნული ბანკის საქმე არ არის. გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და რომ ეს პოლიტიკა ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ასეთი გაუთვითცნობიერებულობის, არაკვალიფიციურობისა და უცოდინრობის შედეგებს ვიმკით მოსახლეობა და იმკის ქვეყნის ეკონომიკა.

 

- რაში ხედავთ აღნიშნული ვითარებიდან გამოსავალს და როგორ ფიქრობთ, ის მიზეზები, რაც დაასახელეთ, რეალურად ეროვნული ბანკის არაკვალიფიციურობის ბრალია თუ მას სხვა მიზნები ამოძრავებს?


- იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეროვნული ბანკი სპეციალურად აწყობს საბოტაჟს და ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობას, არ მაქვს. მე შემიძლია უბრალოდ ვიმსჯელო, რომ მე რომ მდომებოდა ხელისუფლებისათვის ძირის გამოთხრა, მოსახლეობაში უკმაყოფილების დანერგვა და მოსახლეობის სოციალური აფექტების ზღვრამდე მიყვანა, ამაზე უკეთეს ხერხს ვერ მოვიფიქრებდი. ეროვნულ ბანკს არგუმენტებიც არ გააჩნია, თუ რატომ ამბობს უარს ლარის მხარდაჭერაზე.


საუბარი, რომ უცხოური ვალუტის რეზერვების სახით ეროვნული სიმდიდრე გაგვაჩნია და მისი გაფლანგვა არასწორი იქნებოდა, მცდარია. ეს რეზერვები უკვე გაფლანგულია. ისინი განთავსებულია სადღაც, უცხოეთში, ფასიან ქაღალდებში. მათ შორის, ერთ-ერთ ფონდში, რომელიც საბერძნეთს კრიზისიდან გამოყვანაში ეხმარება. საქართველოსთვის პრაქტიკულად ეს ფული არ არსებობს. ეროვნულ ბანკს მისი გამოყენებაც რომ მოუნდეს, მას შეიძლება რამდენიმე მილიონი შერჩეს. ანუ დანარჩენი 1,4 მლრდ უცხოეთშია გაფანტული.


აუცილებლად უნდა შეფასდეს რამდენი იქნებოდა გახარჯული სავალუტო რეზერვები ლარის კურსის მხარდაჭერაზე და როგორია ზიანი, რომელიც მიაყენა ლარის კურსის ვარდნამ ეკონომიკას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შედარდეს და, დარწმუნებული ვარ, ეს შედარება არ იქნება სავალუტო რეზერვების სასარგებლოდ. რისთვის არსებობს ეს რეზერვები, თუ არა კრიტიკული სიტუაციისათვის? სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა თავი აარიდა ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას.


- როგორია თქვენი პროგნოზი შემოდგომისთვის?


- მომავალი წლის დასაწყისამდე ლარის კურსი ვერ გამყარდება. პირიქით, ლარი თანდათანობით განაგრძობს გაუფასურებას და პრაქტიკულად, ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. პერიოდულად გაჩერდება ლარი, ოდნავ გამყარდება და მერე ისევ განაგრძობს ვარდნას. ამის ერთადერთი მიზეზი კი ეროვნული ბანკის უმოქმედობა გახლავთ. ლარი არის სუსტი ვალუტა და მისი რეალური კურსი ნამდვილად არ არის დღევანდელი კურსი. წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკს ლარის კურსი ეკავა სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით და ახლა, აშვების შემთხვევაში, ის შეიძლება გაუფასურდეს 30-50 %-ით და უფრო მეტად. ეს გამორიცხული არაა, რადგან ჩვენი ეკონომიკა სუსტია და მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამ მხარდაჭერას ეროვნული ბანკისგან ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვეღირსეთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016