reportiori.ge - გია ხუხაშვილი: ასე იწყებოდა 2008 წლის კონფლიქტიც!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:44
ინტერვიუ
გია ხუხაშვილი: ასე იწყებოდა 2008 წლის კონფლიქტიც!
22 ივლისი, 2015. 17:11


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. ბურჯანაძე რუსეთში დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის მიწვევით ჩავიდა.

 

გამგზავრებამდე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა, რომ მოსკოვში მონაწილეობას მიიღებდა უსაფრთხოების გამოწვევებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში და შეხვდებოდა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს, ვისთან საუბარიც, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხვალინდელი დღისთვის. მისივე თქმით, მოსკოვში დაგეგმილი იყო საუბრები საქართველოს უსაფრთხოებისა და სხვა მტკივნეულ საკითხებზე, რომელთა მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთთან დიალოგი.

 

ბურჯანაძემ საკუთარი აქტივობები წარამატებულად შეაფასა, თუმცა როცა რუსეთში წარმატებულ ვიზიტზე საუბრობდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

 

იყო თუ არა აღნიშნული რამ წინასწარ გათვლილი პროვოკაცია, რატომ გადადგა ეს ნაბიჯები რუსეთმა მაშინ, როცა მის ქვეყანაში უსაფრთხოების გამოწვევებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობდა და რა ბერკეტები არსებობს სიტუაციის ძველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად?

 

„რეპორტიორს" პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:


- ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს რაიმე დიდ პოლიტიკურ პროცესს ვერ დავუკავშირებ. ეს მისი არჩევანი იყო. ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში გარკვეულ ადგილს იკავებს, თუმცა მისი ვიზიტი, არ მგონია, ქართულ პოლიტიკაში აირეკლოს სერიოზულად. ანუ, ეს საკითხი არ არის იმ დონის საუბრის თემა, როგორც ეს მედიაში ხდება.


მსგავსი დამთხვევები ხდება. რა გასაკვირია. ზაფხულია, ცხელა და თავები უცხელდებათ ადამიანებს, შესაბამისად, რაღაც ქმედებებს სჩადიან. ამ ფაქტის საზღვრის გადმოწევად მონათვლა, ცოტა არ იყოს გადაჭარბებული შეფასებაა, იმიტომ, რომ არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრები არსებობდეს. ძალიან ფაქიზი ტერმინოლოგია უნდა გამოვიყენოთ, რადგან რომ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა. ბანერი სად იქნება, ამით არაფერი იცვლება. რაც უფრო მეტ რეაგირებას მოვახდენთ ამ თემაზე, მით მეტად ვაფუჭებთ ვითარებას. ერთი კილომეტრის იქით რა, საქართველოს საზღვარია?


გარდა ამისა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, „ნაციონალური მოძრაობა" ახლაც ცდილობს, სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს. გარდა ამისა, მეორე მხრიდან არიანადამიანები, რომლებიც სიტუაციის ესკალაციით არიან დაინტერესებულები. სხვათა შორის, თავის დროზეც ასე იწყებოდა ის კონფლიტი, მშვიდობიანი მიზნებით, მშვიდობიანად გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა და ამ დროს პროვოცირება მოხდა დიდი პროცესების.


მე ვფიქრობ, ამ სიტუაციის დალაგება ცივი გონებით ჯობს. როგორც ვიცი, ამ ტერიტორიის სტატუსი მანამდეც არ იყო გარკვეული. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, ეს განხილვის საგანი უნდა გახდეს და ეს, როგორც ჰუმანიტრაული საკითხი, ისე უნდა გახდეს განხილული და არა როგორც პოლიტიკური. იმიტომ, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. ამიტომ ესკალაცია, მჯიღების მკერდზე კვრა, განსაკუთრებით ხელს უშლის ამ მდგომარობას.


განსაკუთრებით სასაცილო იყო 16 ივლისს ანდრო ბარნოვის ვოიაჟი. მე და ლაშა ტუღუში 2008 წლის 10 აგვისტოს ვერ გავჩერდით და ჩავედით გორში. ეს იყო პერიოდი, როცა რუსები ჯერ არ იყვნენ შესული გორში. ამ დროს, გორში „ნაციონალური მოძრაობის" ყველა ოფისი დაკეტილი დაგვხვდა. მათ ოფისებს დიდი ბოქლომები ედო. სხვათა შორის, სამხედრო შტაბიც დაკეტილი იყო და გუბერნიის შენობასაც დიდი ბოქლომი ედო.


16 ივლისს რომ „ვაჟკაცურად" გარბოდა და მიბლაყუნბობდა ეს კაცი, მაშინ, როცა მათი იყო ხელისუფლება და სამარცხვინოდ, კუდამოძუებულები გამოიპარნენ ისე, რომ ერთი ხმა არ ამოუღიათ და მათი პრეზიდენტი გვეუბნებოდა - სიტუაციას ვაკონტროლებთო, ყველაფერი საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, რა და როგორ ხდებოდა გორში. ახლა პროვოკაციულ პოლიტიკას ეწევიან, ამათ ხომ სხვანაირად არც შეუძლიათ?!

 

- როცა საზოგადეობა ხედავს, რომ არ იდგმება შესაბამისი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან, ეს არ უნდა გააპროტესტონ?


- უნდა გააპროტესტონ, მაგრამ პროტესტს ხომ აქვს სათანადო ზომები? პროტესტიც უნდა იყოს ღირსებით აღსავსე და არა ისტერიებით გაჯერებული. კი არ უნდა გათელო და დაანგრიო რამე. ეს არც ესთეტიკურად გამოიყურება კარგად და არც ღირსეული საქციელი. ამის საპასუხოდ, რომ ნახეთ მეორე მხარემ რა გააკეთა. უკეთესად რომ გამოჩენილიყვნენ ვიღაცის თვალში, ჩამოხსნეს ქართული დროშა და შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, დაკეცეს და ეს აჩვენეს კამერებს. ანუ, მათ აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტრობა, ჩვენ ქართულ სიმბოლიკას მაინც პატივს ვცემთო.


ახლა, ეს „თავისუფალი ზონა" რომ ჩავიდა, სად დარბიან, რას დაბლაყუნობენ, მიზანი რა არის ამ ყველაფრის? ამას ხომ კარგი არაფერი არ მოჰყვება?

 

- როგორ გგონიათ, ვერ თვლიან თუ შეგნებულად აკეთებენ?


- შეგნებულად აკეთებენ, რომ როგორმე სიტუაცია ააფეთქონ და იმის მიკრომოდელი გაიმეორონ, რაც 2008 წელს მოხდა. ეს ხდება მაშინ, როცა ამ ყველაფრით მეორე მხარე უფროა დაინტერესებული. ეს ხომ ხაფანგებია?! ამ ხაფანგში ხომ არ უნდა შევყოთ თავი, ისე, როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა?! 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც აწყობდა რუსეთს. დღეს მისი ნარჩენები ცდილობენ სიტუაციის გამეორებას.

 

- ხელისუფლება სწორად იქცევა ამ შემთხვევაში?


- ხელისუფლება სრულიად ადეკვატურად იქცევა. ახლა, ოპერატიული მოქმედება ხელისუფლების მხრიდან არის სწორი და კარგად გააზრებული. ჩვენი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ უნდა იყო შემდეგი - ხელისუფლება უნდა იყოს მეტად ჩართული სიტუაციის მონიტორინგში. მეჩვენება, რომ ხელისუფლება რომ მეტად ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, მეტი კონტაქტი რომ ჰქონოდა ადგილობრივებთან მანამდე, გარდა ამისა, კონტრდაზვერვასაც უკეთესად რომ ემუშავა, რომელიც საერთოდ გვაქვს თუ არა, მეც რომ არ ვიცი, აი, ამ სამსახურს რომ ემუშავა, ამ პროცესის მართვა შესაძლებელი გახდებოდა. ხელსუფლების მთავარი შეცდომა არის ის, რომ ყოველდღიურად არ მუშაობს ამ სოფლებში.

 

- ამ ეტაპზე რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?


- პირველი - არ უნდა დაუშვას, რომ ესკალაცია მოხდეს, ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე კარგად უნდა იყოს ახსნილი ეს ჰუმანიტარული ასპექტი. ამაზე მეტის გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

- რას ნიშნავს კარასინის განცხადება, რომ არაფერ შუაში არ არიან ისინი?


- ბუნებრივია, კარასინი ამას იტყოდა. რუსები ხომ არასდროს არაფერ შუაში არ არიან... არც უკრაინაში, მათ რომ ჰკითხოთ. ასე ხდებოდა სულ. ერთი და იგივე ტექნოლოგია აქვთ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ.


- ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ჩანს ამ საკითხთან მიმართებაშიო - ამ კითხვას გადავაწყდი უამრავჯერ. რამდენად სწორი იქნებოდა მისი გამოჩენა, მისი განცხადება და რას შეცვლიდა ეს?


- მას შეეძლო, გამოეთქვა საკუთარი აზრი და ეს ძალაინ საინტერესოც იქნებოდა, მაგრამ მას ფორმალურად არ აქვს სახელისუფლო მანდატი და როგორ უნდა ისაუბროს, თუმცა, არა მგონია, რომ მას ეს კითხვა დაუსვას რომელიმე ჟურნალისტმა და არ უპასუხოს, მაგრამ თვითონ რომ ისაუბროს, არა მგონია სწორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მის განცხადებებს რამე შეეცვალა, იმიტომ, რომ მისი გავლენა ძალიან ძლიერია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016