reportiori.ge - სკანდალური ინტერვიუ გენერალ-მაიორ ლევან კენჭაძესთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:47
ინტერვიუ
სკანდალური ინტერვიუ გენერალ-მაიორ ლევან კენჭაძესთან
ავტორი:
07 სექტემბერი, 2015. 19:10


„მსოფლიოში არის რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ადამიანები მოკლეს! მე კიდევ ამ განცხადებას პირველად თქვენი გაზეთით ვაკეთებ".


გენერალ-მაიორი ლევან კენჭაძე „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და მიმართავს ხელისუფლებას, თუ მართლა გინდათ მიხეილ სააკაშვილისთვის პასუხის მოთხოვნა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ჩემს საქმეს რატომ არ იყენებთ როგორც მტკიცებულებას, მე, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი აღმოვჩნდიო.


ლევან კენჭაძესთან დაკავშირებით ორ საინტერესო დეტალს გავიხსენებ, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ქორწილში სკანდალი მოხდა, ამ ქორწილს მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სუფრაზე გენერალ-მაიორ კენჭაძის გვერდით აღმოჩნდა. მას გენერალმა ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა, სააკაშვილმა ხელები გაუშალა, ღვინოს ვინღა სვამსო და თქვლეფა გააგრძელა. მაშინ კენჭაძემ ჰკითხა, რატომ იქცევი ასე, ხომ იცი, მე ვინც ვარო? ჰო, ვიცი, ერთი ჩვეულებრივი „გაიშნიკი" ხარო. უზრდელობის გამო სააკაშვილი კენჭაძისგან მაგრად გაილანძღა, გვენეტაძის ქორწილიდან პანჩურებით გააგდო. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ეს ბოღმა გულში ჩაიდო და გაპრეზიდენტების შემდეგ სწორედ ლევან კენჭაძე აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი, რომელიც დააკავა.


ახლა მეორე დეტალს მოგახსენებთ და გავავლოთ პარალელი...


როცა ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო, მაშინ ლევან კენჭაძემ პირადად გააჩერა ზვიად გამსახურდია, რომელიც მანქანას მართავდა. წაიყვანეს ნასვამობის შესამოწმებლად, ზვიად გამსახურდია მართლაც ნასვამი აღმოჩნდა და მას მართვის უფლება ჩამოერთვა. როცა გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ლევან კენჭაძეს დაუძახა და თბილისის „გაის"-უფროსად დანიშნა, ხოლო კაცი, რომელიც არასწორი მოქცევისთვის კენჭაძემ გალახა, პრეზიდენტად მოვიდა და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

- ბატონო ლევან, როდიდან დაიწყო დევნა თქვენს წინააღმდეგ და რა გახდა თქვენი დაკავების რეალური მიზეზი?

 

- ჩემ მიმართ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური დევნისა და შევიწროების კამპანია 2000 წლიდან გააქტიურდა და პიკს 2004 წელს მიაღწია. ჩემს წინააღმდეგ ამ არასამართლიანი ქმედებების მიზეზი, რასაკვირველია, ცნობილი იყო. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კანონის ფარგლებში მკაცრად ვექცეოდი კანონდამრღვევ თანამდებობის პირებს, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის თანამშრომლებს, ნარკომანებს, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით განსაკუთრებით გამორჩეულ „ცისფერებს", უკანონო სექტის წევრებს, არსებული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით დასამხობად შექმნილ სხვადასხვა დემოკრატიული სახელწოდებით შენიღბულ არასამთავრობო, თუ სხვა ორგანიზაციებს. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მათი უმრავლესობა ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ან მათ მოსვლას აქტიურად უჭერდა მხარს და რა თქმა უნდა, მათი სამიზნე გავხდი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩვენ გავშიფრეთ „რუსთავი-2"-ის აგენტურა, რომელიც მათ ჩანერგილი ჰყავდათ სახელმწიფო უწყებებში და გასამრჯელოს სახით დიდ თანხებს უხდიდნენ ინფორმაციების სანაცვლოდ. უკვე აშკარა იყო, რომ ეს ტელევიზია ხელისუფლების დამხობისთვის იყო მომართული. მე საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ მომცეს მაშინდელი ხელისუფლების პირებმა და „რუსთავი-2"-ის მფლობელებს ფარულად შეატყობინეს ეს ამბავი. აქვე ერთი საინტერესო დეტალს გეტყვით, იმ პერიოდში ამერიკელები ამზადებდნენ შევარდნაძის წასვლის პროცესს. ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი - რას გვავალებდნენ, გაგვეკეთებინა. ომის შემდეგ შევარდნაძემ, ასე თუ ისე, ვითარება დააწყნარა. ორი ვადის შემდეგ მისი ხელისუფლება აღარ უნდა დარჩენილიყო და ეს იყო ამერიკელების პირობა. ახლა ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ისე, რომ ხალხი აგვებუნტებინა, შეგვექმნა უკიდურესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რათა ხალხს თვითონ მოეთხოვა შევარდნაძის წასვლა. გამოგიტყდებით და ბევრი რამ ხელოვნურად კეთდებოდა, მაგალითად, დენის გამორთვა... ამის გაკეთებას ჩვენ გვავალებდნენ, ქვეყანას წინსვლა არ უნდა დასტყობოდა და თუკი რამე გაუკეთებია შევარდნაძეს კარგი, საზოგადოების მეხსიერებიდან ყველაფერი უნდა წაშლილიყო. ამომრჩეველს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ 30 წლის მანძილზე ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა, ყველაფერი ხდება ხელოვნურად, გარე ძალების ჩარევის შედეგად. დააკვირდით, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა. მათ ხელისუფლების მეორე ვადაში ყველაფერი ცუდი გააკეთეს. თუ შევარდნაძის დროს ჩვენ გვავალებდნენ ეკონომიკური კრიზისის შექმნას და სოციალური ფონის დამძიმებას, მათი რეჟიმი ხალხს კლავდა, ციხეებში აწამებდა, ქონებას ართმევდა და ამ კუთხით იყო განუკითხაობა. ხალხი მიიყვანეს ბოლო ზღვრამდე, - ოღონდ მიშა არა და სხვა ვინც გინდა ის იყოს... დააკვირდით ახლა, რა მოხდა... გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მეორე ვადის დასასრულს. ამ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო, ხალხი იმ აზრს შეაგუოს, რომ ეს ხელისუფლება უნიათოა, დენი გაქვს, მაგრამ ფულს ვერ იხდი, იმიტომ, რომ ძვირია. სამართლიანობის აღდგენას გვპირდებოდნენ და სამართალს ვერსად პოულობ, ეს ხელისუფლება მეორე ვადითაც დარჩება, მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ მათი ვადის ამოწურვის წინ მძაფრად გაჩნდება მოთხოვნები, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელია და უნდა წავიდეს. მოკლედ, ეს არის ამერიკელების პროგრამა. მათთვის მთავარია ის, რომ ყველა ხელისუფლებამ გაატაროს პროდასავლური კურსი და ხელისუფლებაში ყოფნის ორ ვადას რომ ამოწურავს, ხალხში უნდა გააჩინოს ხელისუფლებისადმი აგრესია და ბრმად ვიღაცის არჩევა, რომელიც, რა თქმა უნდა, ითვლება პროდასალური კურსის გამტარებლად, სხვათა შორის, ერთ საგულისხმო ფაქტს გეტყვით, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა პირადად მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ ლევან კენჭაძე უნდა იყოს ციხეში. მე ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესში გადავიკვეთე...


- კი მაგრამ, ამერიკის ელჩი თქვენი დაკავებით რატომ დაინტერესდა?

 

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩემ მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გამოვავლინეთ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს სამსახურის ორი მაღალი რანგის თანამშრომელი, რომლებიც ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევით აგენტურულ საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში. ისინი მოქმედებდნენ ამერიკის საელჩოს სახელით. მათ ჩვენი თანამშრომლების გადაბირება დაიწყეს. ისინი ჩავიწერეთ და ხელმძღვანელობას მოვახსენეთ, მათ კი თავის დიდ ხელმძღვანელობას ჩააბარეს ანგარიშები. მართალია, იმ თანამშრომლებმა დატოვეს საქართველო, მაგრამ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ აშშ-ს მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჩვენი პასუხისგებაში მიცემისა. სხვათა შორის, გეტყვით ერთ მნიშვნელოვან დეტალს. მსოფლიოში არის რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ მოკლეს პიროვნებები, ვინც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაზე ხმამაღლა ილაპარაკა. მე კიდევ ამ განცხადებას პირველად თქვენი გაზეთით ვაკეთებ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის სპეცდანიშნულების დანაყოფის შექმნისა და მათთვის სასწავლო საწვრთნელი ბაზის მშენებლობის დროს გამოჩენილი პირადი ინიციატივისა და პროფესიონალიზმისთვის პირადად ამ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ტეფტმა თბილისში ყოფნის დროს გადმომცა სამსახსოვრო საჩუქარი და მადლობის წერილი.

 

- როგორც ვიცი, თქვენი პირადი მტერი იყო მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა იყო თქვენს შორის დაპირისპირების მიზეზი?


- როცა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ვიყავი, ჩავატარეთ ღონისძიება და გავაუქმეთ ე.წ. ვაზიანის ბაზა, საიდანაც შემდგომ გაყვანილი იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალები. ვაზიანის ბაზიდან რუსული წარმოების იარაღი იყიდებოდა ჩეჩნურ დაჯგუფებაზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ვაზიანის ბაზის დახურვის უფლებას ისე არ მოგვცემდნენ, ეს საქმე რომ არ გამოგვეძია. ფაქტის გამოსაძიებლად მოსკოვიდან ჩამოვიდა 9-კაციანი ჯგუფი სამხედრო დაზვერვისა და პროკურორის შემადგენლობით. ამ ჯგუფის ხელმძღვანელს ჩემი სამაგალითო დასჯის წინადადებით მიმართა რუსეთის უშიშროების თანამშრომელმა, თემურ ალასანიამ. მისი დაინტერესების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ აღვკვეთეთ ვაზიანის ბაზიდან საბრძოლო იარაღისა და მასალების გაყიდვა სხვადასხვა შეიარაღებულ უკანონო ბანდფორმირებებზე, რაშიც თემურ ალასანია უშუალოდ მონაწილეობდა და ამის შესახებ ეცნობა რუსეთის შესაბამის სამსახურს. გამოძიების დაწყების შემდეგ თემურ ალასანია მოვიდა პირადად ჩემთან, ფურცელზე დამიწერა „1"-იანი და მითხრა, - რამდენი ნულიც გინდა მიაწერე, ოღონდ ეს საქმე ჩაფარცხეო. არ უნდა ყოფილიყო გამოძიებული ფაქტი, რომ ვაზიანიდან გადიოდა იარაღი, მაგრამ მე მის შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი ვთქვი, - ამ საქმეს არ შევწყვეტ, ბოლომდე მივიყვან!.. საქმე მართლაც ბოლომდე მივიყვანეთ, მაგრამ იცი, შემდეგ რა მოხდა?.. როცა პროკურატურამ 2004 წელს დამაკავა, თემურ ალასანია დაუპატიჟებელი სტუმარივით გამოცხადდა სასამართლო დარბაზში, ნიშნისმოგებით თავი დამიქნია და გავიდა, ანუ მიმანიშნა, რომ სამაგიერო გადამიხადა.



- კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დაგაკავეს და ქონება დაგიყადაღეს, რა იყო?


- „ვარდების რევოლუციის" წინ, უშიშროების მაშინდელი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას სახელზე დავწერე პატაკი თადარიგში გადასვლის თაობაზე და ჩემი ნებით გავედი პენსიაში. დავიწყე სამსახური, რუსთავის აზოტის ქარხანაში დირექტორის მოადგილედ დავინიშნე უსაფრთხოების საკითხებში. აზოტი იყო „იტერას" საწარმო, ეს გახლდათ რუსულ-ამერიკული კომპანია, უფრო რუსები დომინანტობდნენ. ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე" საქართველოს მთავრობაში მყოფმა რამდენიმე პირმა მოისურვა არაკანონიერი მეთოდებით აზოტის ხელში ჩაგდება და შემომთავაზეს, მათი პარტნიორი გავმხდარიყავი, ესენი იყვნენ - მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ხევიაშვილი... უარის მიღების შემდეგ ჩემ მიმართ შენელებული იურიდიული ინფორმაციული ომი ახალი ძალით გაჩაღდა. ქვემო ქართლის მაშინდელი გუბერნატორის, მაზმიშვილის კაბინეტში ჩატარებულ თათბირზე გადაწყდა, რომ სანამ კენჭაძე იმუშავებს აზოტში, ჩვენ პრობლემები მუდამ გვექნება და ამიტომ, ის აქედან უნდა წავიდეს. 2003 წლის 23 მაისს საქართველოს სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მე ვიყავი დაკითხული მოწმის სახით. ამავე წელს 4 აგვისტოს საქმის წარმოება შეწყდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების არარსებობის გამო. ჩემ მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო აბსურდული ბრალდებით, 2000 წლის 10 იანვრიდან 2002 წლის 15 იანვრამდე ვმუშაობდი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად. სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების გზით უშიშროების სამინისტროს ბალანსზე არსებული საბჭოთა წარმოების იარაღი უტილიზაციის მიზნით, თითქოს ჩავაბარე რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, რითაც სახელმწიფოს მივაყენე 18 000 ლარის ზიანი. 2003 წელს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია წერილს სწერს რუსეთის უშიშროების მინისტრს, რომ საქართველოს მოქალაქე ლევან კენჭაძე უშიშროების სამინისტროში მუშაობის დროს გამოირჩეოდა რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ აშკარა მტრული დამოკიდებულებით და სთხოვდა ჩემს განთავისუფლებას „აზოტიდან", რუსეთის უშიშროების სამინისტროდან მან მიიღო პასუხი, რომ - ლევან კენჭაძეს პირადად ვიცნობთ, მას არასდროს გადაუმეტებია თავისი უფლება-მოვალეობისთვის და ვერ ვხედავ „აზოტიდან" მისი განთავისუფლების მიზეზს. მოხდა „ვარდების რევოლუცია", ისევ ვალერი ხაბურძანიას წერილი საქართველოს პროკურატურაში იმის შესახებ, რომ ანტიტერორისტულ ცენტრში აღმოჩენილია 4 წლის წინანდელი ფაქტი იარაღისა და საბრძოლო მასალების დანაკლისის და 2004 წლის 25 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააუქმა სამხედრო პროკურატურის 2003 წლის 4 აგვისტოს დადგენილება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი  ვერ მიტანდა, როცა ის ადვოკატი იყო, მან „გაი"-ს თანამშრომელი სასტიკად სცემა, მაშინ ჩემთან მოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი და მთხოვეს, რომ ის ოქრუაშვილისგან ნაცემი „გაიშნიკი", რომელიც ჩიოდა, გამეჩერებინა. მათ ვუთხარი, რომ ამას კატეგორიულად არ გავაკეთებდი და მათ არ ჰქონდათ უფლება, ჩემს თანამშრომლობაზე ხელი აეწიათ. შემდეგ, როგორც გავიგე, პირადად სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა თანხა გადაუხადეს იმ პიროვნებას, რომ გაჩერებულიყო და აღარ ეჩივლა. რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილიც ჩემი მტერი იყო, რადგან ეს ფაქტი მას ძალიან კარგად ახსოვდა. როცა 2004 წლის 26 აპრილს მე საბოლოოდ უარი ვუთხარი დამნაშავეთა ჯგუფს „აზოტის" არაკანონიერი გზით ხელში ჩასაგდებად და მათთან თანამშრომლობაზე, მეორე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლის I ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის I ნაწილით. მოკლედ, რომ გითხრათ, ისინი ბრალს მდებდნენ თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებაში, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. აბსურდულ საქმეს, რაზეც უკვე მოგახსენეთ. თუმცა მანამდე, სანამ საქმე აღიძვრებოდა, მივედი პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა და ვუთხარი: რუსთავში ძლივს ერთი ქარხანა მუშაობს და თუ ამასაც გააჩერებთ, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. მან ჩემს თვალწინ დაურეკა ადეიშვილს, კარგი სიტყვებითაც შეამკო და უთხრა, კენჭაძე მოვა და დაელაპარაკეო. ადეიშვილს ავუხსენი, რომ კეზერაშვილი, ფინანსური სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომელიც შემოსული იყო „აზოტში" ჩვენს დასახურად, სწორად არ იქცეოდა. მანაც ჩემს თვალწინ დაურეკა კეზერაშვილს და უთხრა, შეეწყვიტა შემოწმება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა ყველაფერი: 2004 წლის 29 აპრილს გზაზე მანქანები დამედევნენ, მანიშნებდნენ, რომ გამეჩერებინა. მე ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ, გენერალი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს, ხომ შეიძლება, მეფიქრა, ყაჩაღები არიან და მესროლა მათთვის. იქ რომ გამესროლა, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩამცხრილავდნენ, ჩემს ბედად, ვიცანი ერთი ადამიანი, ეს იყო კოდუა, რომელიც მანქანის უკანა სავარძელში იმალებოდა. გავაჩერე მანქანა, გადმოვიდა კოდუა, ჩამიჯდა და მითხრა, რომ მე დაპატიმრებული ვიყავი. როგორც ვხვდები, მათი მიზანი იყო, სროლა ამეტეხა და ადგილზე ჩავეცხრილე.


...საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში დევს გამოძიების შეკითხვაზე უშიშროების მინისტრის მოადგილის, უგულავას წერილობითი პასუხი, რომ ის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გადაცემა-განადგურებისთვის 8 წელი თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა მაშინდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ, ინახებოდა ჯიქიას ქუჩაზე ნახევრად ღია საწყობში, რომელიც შემოტანილი იყო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განკარგულებით ლაგოდეხის რაიონის ყოფილი სამხედრო ბაზიდან და აღნიშნული საბრძოლო მასალა ბალანსზე არ იქნა აყვანილი მათი ტექნიკური უვარგისობის გამო. ე.ი. გამოდის, რომ ამ იარაღს არავითარი ღირებულება არ ჰქონდა, გამოუსადეგარი იყო უშიშროების სამსახურისთვის. თუ ეს იარაღი არ იყო ბალანსზე აყვანილი და საბრძოლველად უვარგისი გახლდათ, მე რა ზიანი უნდა მიმეყენებინა სახელმწიფოსთვის, გაუგებარი არ არის?..


საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 26 ივლისს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან საჯარო გამოსვლისას განაცხადა, - „უშიშროების ძველ კადრებს კარგად ახსოვთ, როგორ ჩამოართვა ლევან კენჭაძემ უშიშროების პირადი შემადგენლობის ნაწილს სატაბელო იარაღი, როგორც ვითომ უვარგისი და ეს იარაღი მიჰყიდა კრიმინალურ დაჯგუფებას". ამ ქმედებით სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, გავლენა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალი დამდო დანაშაულის ჩადენაში, რომელიც არც წინასწარ გამოძიებას წაუყენებია ჩემთვის  და არც უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას გავუსამართლებივარ... მოკლედ, 2005 წლის 19 ოქტომბერში უკანონო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს ჩემს წინააღმდეგ. მაშინ ჩემ საქმეზე საუბრობდნენ - მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე, ეს მოსამართლეები თავის გამოსვლებში აცხადებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მხრიდან ადგილი ჰქონდა უზენაეს სასამართლოზე ზეწოლას. მე ბრალს ვდებ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩემი უკანონო პატიმრობა დაუკვეთა, ესენი არიან - მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, თემურ ალასანია, ამერიკის მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი. სწორედ ამ მაღალი თანამდებობების პირების მითითებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მაშინდელმა მაღალი თანამდებობის პირებმა - ირაკლი ოქრუაშვილმა, გიორგი ლაცაბიძემ, ჯაველიძემ, ტყეშელაშვილმა, ჩემ იმართ უკანონოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და შემდგომში საქართველოს მაშინდელმა სასამრთლოს მოსამართლეებმა - ხიმშიაშვილმა, ლალიაშვილმა, იასევმა, ტყეშელაშვილმა, ჭანიშვილმა, ზამბახიძემ, ბებიაშვილმა, კობერიძემ, ქაჯაიამ, ქადაგიძემ თვალი დახუჭეს პროკურატურის მიერ შეთითხნილ ბრალდებებზე და გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, მე არაერთხელ მივმართე ჩემი საქმის გადახედვის მიზნით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილს, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს, არჩილ კბილაშვილს, ბადაშვილს, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, საიდანაც პასუხი არ მომსვლია და ერთადერთი ეკა ბესელია იყო, რომელსაც რეაქცია ჰქონდა. სხვათა შორის, როცა არჩილ კბილაშვილი პროკურორად დაინიშნა, მასთან მივედი და ვთხოვე, ჩემი საქმე ხელახლა გამოეძიებინათ და აღედგინათ ჩემი სამართლიანობა. არჩილ კბილაშვილი ჩემი საქმის ადვოკატი იყო, მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ მე მართალი ვიყავი. მეტიც, სწორედ არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით გაიგზავნა სტრასბურგში სარჩელი, სტრასბურგის სასამართლომ ჩემი საქმე წარმოებაში მიიღო, როცა სტრასბურგიდან სააკაშვილის ხელისუფლებას ეს საკითხი ეცნობა, ჩემთან მოვიდა ლაცაბიძე და მითხრა, დარჩენილი გაქვს 10 თვე, თუ სტრასბურგიდან გამოიტან სარჩელს, 2 საათში გაგათავისუფლებთ, თუ არადა გახსოვდეს, გარეთ შვილები გყავს და პრობლემები შეგექმნებაო. რა თქმა უნდა, გამოვიტანე სარჩელი და სხვათა შორის ისიც უნდა გითხრათ, რომ თეა წულუკიანი ჩემი საქმის დეტალებზე კარგად ინფორმირებულია, სტრასბურგში სწორედ ის გახლდათ საქართველოს წარმომადგენელი, რომელსაც კბილაშვილმა მისწერა წერილი, რომ ჩვენ სარჩელის გამოთხოვას ვაპირებდით. სწორედ თეა წულუკიანის უშუალო მონაწილეობით მოხდა ჩემი სარჩელის გამოტანა სტრასბურგის სასამართლოდან და მართლაც, ორ საათში ციხიდან გამათავისუფლეს. ჯამში, მომისაჯეს 8 წელი, მაგრამ მოსამართლემ ორი წელი ჩამომაკლო და მას იმ დღესვე დაატოვებინეს სამსახური. სულ ციხეში დავყავი 5 წელი და 2 თვე, 10 თვე მაპატიეს, რადგან სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოვიტანე. 18 ათასი ლარი გადამახდევინეს ე.წ. მიყენებული ზარალისთვის, მაგრამ ამ თანხის რომელიმე ადრესატზე ჩარიცხვის გზა-კვალს ვერ მივაგენით, თუ ეს თანხა დაზარალებულ ორგანიზაციაში ჩამარიცხინეს, რომელია ეს ორგანიზაცია და რატომ არ არის საქმეში წარმოდგენილი ამ თანხის მიმღები დაზარალებული მხარე და მისი დასტური, ეს გაუგებარი არ არის?.. ჩემს დაპატიმრებას შეეწირა მამაჩემი, რომელმაც ინერვიულა, ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა, ჩემს დას და დედაჩემს ჩამოართვეს ქონება. სხვათა შორის, პირადად ჩემი ქონება არ ჩამოურთმევიათ, მიწის ნაკვეთი მაქვს საგურამოში და ბინა ვერაზე, ქონების ჩამორთმევის ინიციატორი იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც სპეციალურად დედაჩემის სახლის ჩამორთმევის მიზნით პროკურატურაში მიიწვია და დანიშნა პროკურორად მისი ახლო ნათესავი ლევან სამხარაული, რომელსაც არ ჰქონდა განათლების შესაბამისი ცენზი, არც პროკურატურაში მუშაობის უფლება. როცა ჩემი საქმის გამოძიება ჩიხში შევიდა და გამოიკვეთა, პროკურატურას ხელში შერჩა ფალსიფიცირებული ბრალდება, პარალელურ რეჟიმში დაიწყო ლევან სამხარაულის უშუალო მონაწილეობით ჩემი ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი ფორმებით ინსცენირება. მამაჩემისა და ჩემი დის მონაწილეობისა და დასწრების გარეშე პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით ჩამოართვა მას წლების მანძილზე თავისი პირადი შემოსავლებით შეძენილი უძრავი ქონებები. სასტუმროში, რომელიც სანაპიროზეა, ეგონათ, რომ მქონდა წილი, მაგრამ ნახეს, რომ იმ სასტუმროს 5 % იყო ჩემი დის და მას ჰყავდა სხვა მეწილეები. ამ სასტუმროს საკითხით პირადად იყო დაინტერესებული ზურაბ ნოღადიელი. თუმცა ნახეს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და შეეშვნენ. რაც შეეხება სოფელ დიღომში სახლს, რომელიც ჩემი მშობლების სახელზეა, ის სახლი ჩამომართვეს, დაქირავებული ჰქონდა ბიზნესმენ ფადი ასლის, სადაც ის ია ფარულავასთან ერთად ცხოვრობდა, სააკაშვილს უნდოდა ეს სახლი ფადი ასლისთვის გრანდიოზულ ფასად მიეყიდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და დღეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

 

- რატომ არ დაგეხმარათ არჩილ კბილაშვილი თქვენი სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როცა ის მთავარი პროკურორი იყო?


- მე მას ვთხოვე, დამხმარებოდა, რადგან მასზე კარგად ჩემი საქმე არავინ იცოდა, მაგრამ მითხრა, რომ ვერაფერს გააკეთებდა. მაშინ ვუთხარი, საჩივარს დაგიწერ-მეთქი, როგორც გნებავთ, აზრი მაინც არაფერს ექნებაო, წერეთ და იკითხეთო... არჩილს ვკითხე, - კი მაგრამ, როგორ აპირებ ამ პროკურორებთან მუშაობას, რომლებიც ჩვენ გვიჭერდნენ უკანონოდ, რამდენიმე მათგანი ამოვიცანი; კბილაშვილმა მხრები აიჩეჩა და მითხრა, - რას ვიზამთ, ამ რეალობას უნდა შევეგუოთო... დღეს თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო - პრემიერს, პრეზიდენტს, მთავარ პროკურორსა და ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება, თუკი თქვენთვის აღდგა სამართლიანობა, მოგვაქციეთ ჩვენც ყურადღება. მჯეროდა, რომ სამართლიანობის აღდგენის რთულ გზაზე შესაძლებელი იყო სიმართლის მიღწევა, ამიტომაც მივმართე განცხადებით საქართველოს პროკურატურაში ახლად შექმნილ საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. მასალები შესასწავლად დაეწერა ამ დეპარტამენტის პროკურორს პეტრიაშვილს, რომელმაც საჩივრის შეტანიდან მოკლე დროში განმიცხადა, რომ აღნიშნული განაჩენის გაუქმების ან ქონების უკან დაბრუნების რაიმე საფუძველი არ არსებობდა და მირჩია ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე განცხადების შეტანა სააპელაციო სასამართლოში, რაც გავაკეთე ჩემი ადვოკატის მეშვეობით. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით უარი მითხრა განაჩენის გადასინჯვაზე იმ მოტივით, რომ საქმეზე არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ჩემს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების გამოკვლევა და სიყალბის დადგენა გამოძიებით უნდა გამოიკვეთოს, რასაც, სამწუხაროდ, ახლად შექმნილი დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური თავს არიდებს და არ აქვს სურვილი, სამართლიანობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ასევე, მოვითხოვე, დაისაჯონ იმ თანამდებობის პირები, ვინც ამ უკანონობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები წლების განმავლობაში. მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მომადგა მნიშვნელოვანი მორალური, მატერიალური ზიანი და თუკი პასუხს არ მივიღებ და რეაგირება არ ექნება პროკურატურას, საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამართლიანობის აღდგენას საკუთარი ძალებით დავიწყებ!





ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016