reportiori.ge - სანდრო ბრეგაძე: ვანო მერაბიშვილი მზად არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ალაპარაკდეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:34
ინტერვიუ
სანდრო ბრეგაძე: ვანო მერაბიშვილი მზად არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ალაპარაკდეს!
ავტორი:
08 სექტემბერი, 2015. 17:20


უკრაინელმა ახალგაზრდებმა, კერძოდ კი, კარპატის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე პეტიცია გამოაქვეყნეს, რომლითაც ითხოვენ, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს.  პარალელურად, სააკაშვილი უკრაინის მოქმედ პრემიერ არსენ იაცენიუკს ღიად აკრიტიკებს და ოლიგარქების ლობირებაში ადანაშაულებს. შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილმა მართლაც დაიკავოს უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი და რა გეგმები აქვთ მას და ნაციონალებს საქართველოში? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს სანდრო ბრეგაძეს ვესაუბრებით:


- სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და ხელისუფლების დამხობას აპირებს! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის - უკრაინის ხელისუფლება ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენს და ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს არ ეუბნება, რომ უცხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს!


დიახ, საქართველო სააკაშვილისათვის უცხო ქვეყანაა, რადგან მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა დაიკავა! შესაბამისად, მისი განცხადებები იმას ჰგავს, საქართველოს რომელიმე რეგიონის გუბერნატორი უკრაინის ან ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას დამხობითა და გადატრიალებით დაემუქროს!

 

- კი მაგრამ, სააკაშვილს ასე ღიად არსად და არასდროს განუცხადებია, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობას გეგმავს...

 

- სააკაშვილი მუდმივად აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. არადა, იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელსაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ!


აქედან გამომდინარე სააკაშვილი კანონიერი გზებით საქართველოში ვერ დაბრუნდება და თუ დაბრუნდება - მხოლოდ შეიარაღებული ან სხვა სახის ძალადობრივი გადატრიალების გზით!


ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი არჩევნებამდე არ დაიცდის და მანამდე უნდა დაამხოს საქართველოს ხელისუფლება!


კიდევ ვიმეორებ - ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ასეთ არანორმალურ განცხადებებზე არავითარი რეაქცია არა აქვს, რაც საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობას, რბილად რომ ვთქვათ, არ წაადგება!

 

- სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად თუ დანიშნეს, მერე საერთოდ როგორღა გაგრძელდება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა?

 

- თუ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, მაშინ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!


თუმცა, არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველო-უკრაინის დიდი ხნის მეგობრობა სააკაშვილთან ძმაკაცობას გადააყოლოს!


თანაც, დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესის მოსახლეობა და მთლიანად უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება, სააკაშვილის სახით ვისთანაც აქვს საქმე და ამ პირწავარდნილ ავანიტიურისტს პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს, ისევე, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა!


- უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი იგეგმება და ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, უნდა ჩავიდეს თუ არა კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრი?


- აუცილებელია, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შედგეს!


ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, თუ რამხელა განსხვავებაა სრულიად არაადეკვატურ სააკაშვილსა და საქართველოს დღევანდელ პირველ პირს - ირაკლი ღარიბაშვილს შორის. და მეორე - დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კიევში ვიზიტის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში დღეს არსებული ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნება.


- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

 

- თუნდაც იმას, რომ უკრაინა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების თავშესაფარი აღარ იყოს!


კიევში საკმაოდ ხშირად იმართება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა როგორც ღია, ისე ფარული შეკრებები, რომლებზეც გეგმებს სახავენ, საქართველოში არეულობა როგორ მოაწყონ!


- მაინც, რას გეგმავენ ნაცები?

 

- ცოტა ხნის წინათ ჩემი უკრაინელი მეგობრებისაგან ძალიან სარწმუნო ინფორმაცია მივიღე იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც სააკაშვილმა ნაცმოძრაობის ლიდერებთან ოდესაში გამართა.


როგორც ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ნაცმოძრაობის ლიდერებს უთხრა, მას აქვს ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი, თუ მას ციხიდან მალე არ გაიყვანენ, გამოძიებასთან თანამშრომლობას და ბევრი რამის მოყოლას აპირებს!


- ძალიან საინტერესოა!

 

- დიახ, თუ ნაციონალები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას ვერ უზრუნველყოფენ, იგი მზად არის, პროკურატურას ჩვენებები მისცეს და სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ალაპარაკდეს!


სააკაშვილმა უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე ნაცმოძრაობის ლიდერებს უთხრა, თუ ვანომ პირი მოაღო, მარტო მე კი არა, თქვენც ვერცერთ ქვეყანაში თავშესაფარს ვერ იპოვითო!


მოკლედ, მერაბიშვილი ციხეში ყოფნას ვეღარ უძლებს და თანაგუნდელებისაგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ მის გასათავისუფლებლად ყველა ღონე იხმარონ, რის გამოც სააკაშვილი და ნაციონალები საგონებელში არიან ჩავარდნილი!


- კი მაგრამ, სააკაშვილმა და ნაცებმა მერაბიშვილი ციხიდან როგორ უნდა გამოიყვანონ?

 

- მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება დღევანდელი ხელისუფლების რაც შეიძლება მოკლე დროში შეცვლაა და უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე ამაზე პირდაპირ იყო საუბარი!


- ნუთუ ნაციონალებს მერაბიშვილის ასე ეშინიათ?

 

- მერაბიშვილმა, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მართლაც, რომ მოაღოს პირი და გამოძიებას ყველაფერი დაწვრილებით ჩაუკაკლოს, სააკაშვილს ვერცერთი უცხოელი მეგობარი და პატრონი ვეღარ უშველის!


გარდა ამისა, კუბლაშვილ-ჯაფარიძე-ხაჩიძე-მელაძის ნაცმოძრაობიდან გაყვანით მერაბიშვილმა სააკაშვილს, ბოკერიასა და სხვა ლიდერებს ნათლად დაანახა, რომ მას პარტიის დასაშლელად სერიოზული ბერკეტები აქვს!


ამდენად, სრულიად ლოგიკურია, რომ ნაციონალებს მერაბიშვილის ეშინიათ და მისი განაწყენება არ აწყობს!


- ე.ი. ნაციონალები ქვეყანაში არეულობისა და გადატრიალების მოსაწყობად ემზადებიან?

 

- ამ ეტაპზე ნაციონალების ამოცანაა, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ღია თანამშრომლობაზე დაითანხმონ და მათთან ერთად ე.წ. პროდასავლური კოალიცია შექმნან!


იმასაც პირდაპირ გეტყვით, რომ რამდენიმე ოპოზიციური ძალა დღესვე მზად არის, ნაციონალურ მოძრაობას ხელი ჩამოართვას და ჩაეხუტოს!


არადა, საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის უმთავრესი ამოცანა ნაციონალური მოძრაობისათვის წითელი ბარათის ჩვენება უნდა იყოს!


დიახ, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს ერთი პრინციპის გარშემო: ყველა - მინუს ნაციონალური მოძრაობა!

 

- ანუ იმას ამბობთ, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს წარმოდგენილი?


- დიახ, საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი აღარ იყოს!


კიდევ ვიმეორებ, ამისათვის მთელმა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იზრუნოს და ის ძალებიც, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, ერთი მიზნის გარშემო უნდა შეიკრან: არა - ნაციონალურ მოძრაობას!


- ბატონო სანდრო, აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო დროს განვითარებულ უცნაურ მოვლენებზე - ტელეკომპანია „იმედსა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე" ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა პოლიტიკური თოქ-შოუები, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩინა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ერიოს. რას იტყვით?

 

- თოქ-შოუების დახურვას ვერანაირად მივესალმები და მიმაჩნია, რომ მედიაში მრავალფეროვნება აუცილებელია, მაგრამ სრული აბსურდი და პირდაპირ ვიტყვი - უსინდისობაა იმის თქმა, რომ რომელიმე პოლიტიკური თოქ-შოუ ხელისუფლების ზეწოლით დაიხურა!


ჩვენს ხელისუფლებას არათუ რომელიმე კერძო ტელეკომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართაც კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნია!


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ტელევიზია - „მეცხრე არხი" - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დახურა, რადგან მიაჩნია, რომ დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას კონტროლირებადი მედიასაშუალება არ უნდა ჰქონდეს! ამის შემდეგ რომელმა ჭკუათმყოფელმა უნდა დააბრალოს ბიძინა ივანიშვილსა და დღევანდელ ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლა?


და კიდევ:  ამაზრზენია, როცა „იმედის" არხზე თოქ-შოუს დახურვას აპროტესტებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებმაც 2007 წელს „იმედი" დაარბიეს, დახურეს და ბადრი პატარკაციშვილის მიერ შექმნილ ტელეკომპანიას მაროდიორებივით დაეპატრონენ!


სამარცხვინოა, რომ ნაციონალები დღეს ვითომ იმ ჟურნალისტებს ექომაგებიან, რომლებსაც 8 წლის წინათ 2-მეტრიანი სპეცრაზმელები მიუქსიეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს.


- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს იმაში ვადანაშაულებ, რომ ენჯეოელ-სოროსელ მარგველაშვილს ხელიდან საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოს უფლებით აღჭურვაო. ამ განცხადების გამო მეჭიაური საკუთარმა თანაგუნდელებმა - „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს. როგორია თქვენი პოზიცია?

 

- „ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდში მტყუან-მართლის გარჩევას ნამდვილად ვერ შევუდგები, მაგრამ ერთი რამ ხაზგასმით მინდა ვთქვა - ჩემთვის გაუგებარია, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს საკუთარი თანაგუნდელების განქიქება და ჩაწიხვლა რატომ უყვართ?!


საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს საჯაროდ წაჰკიდებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ განცხადებები გაუკეთებიათ, რაც ჩემი აზრით, არასწორი და არაჯანსაღი პროცესია!


თუმცა, ჩვენი ხელისუფლების კიდევ უფრო დიდ და სერიოზულ პრობლემად ის მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქურაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მთავრობის მტრები არიან და ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ლანძღვა-გინებას არ ერიდებიან!


- რას ამბობთ?

 

- კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ - ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტობის დროს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ვიყავი და ყოველდღე ვგრძნობდი, ნაცმოძრაობის მიერ დატოვებული კადრები როგორი ზიზღით გვიყურებდნენ სამინისტროში „ქართული ოცნებიდან" მისულებს.


ერთხელ პირადად შევესწარი ფაქტს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს როგორ ეუბნებოდა, „ქართული ოცნება" რუსეთთან დაახლოებული ოლიგარქიული ხელისუფლება არისო, განაქიქებდა ბიძინა ივანიშვილს, და ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა ირაკლი ღარიბაშვილს.


ბუნებრივია, მინისტრის წინაშე ამ პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვი და პირდაპირ ვუთხარი, მე ვერ ვიმუშავებ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ეზიზღებათ და ჩვენი მთავრობის მტრები არიან-მეთქი, მაგრამ მაშინ მისთვის ხელი არავის უხლია და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობას ინარჩუნებს!


კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ადამიანები სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლონ, მაგრამ როცა ესა თუ ის ადამიანი ხელისუფლების აშკარა მტერია როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავოს!


ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ჩვენთანაც არ უნდა ხდებოდეს, თორემ მუდმივად დავრჩებით იმ კოჰაბიტაციის რეჟიმში, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა გააცოცხლა და გადაარჩინა!


- დაბოლოს, როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით საფრანგეთთან შეთანხმებას მიაღწია!

 

- დიახ, საფრანგეთის ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ლევილის მამული, სადაც წლების განმავლობაში საქართველოს საგანძური ინახებოდა და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად აღიარებული დიდი ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდა, ქართულ სახელმწიფოს იურიდიულ მფლობელობაში გადმოეცემა!


ლევილის მამულში ქართველი მაგისტრანტებისათვის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი გაიხსნება და ევროპის შუაგულში 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწა საქართველოს გამგებლობაში მოექცევა!


საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობითა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შეიმუშავა და ლევილის მამულის რეაბილიტაციისათვის შესაბამისი თანხაც გამოყოფილია.


მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში ლევილის მამული ქართველობას შემოუნახეს.


შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებმა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები დააკარგვინეს, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, ლევილის მამულის სახით, საქართველოს ევროპის ცენტრში მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შეჰმატა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაპოვარია!

 

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016