სისხლის სამართლის საქმე ბლატერის წინააღმდეგ აღძრულია სამსახურებრივი დაუდევრობის და თანხების მითვისების მუხლებით. აგრეთვე ედავებიან კარიბის ზღვის საფეხბურთო კავშირთან დადებული კონტრაქტის სამართლიანობაზე, რომელიც ფიფასთვის არახელსაყრელი პირობებით არის გაფორმებული. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ბლატერმა უკანონოდ გადაურიცხა 2 მილიონი ფრანკი მიშელ პლატინის 2011 წლის თებერვალში, ვითომ და 1999-2002 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის.
შვეიცარიის გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ციურიხში ფიფას აღმასკომის სხდომის შემდეგ დაკითხეს ბლატერი.
იოზეფ ბლატერი ფიფას ხელმძღვანელობს 1998 წლიდან, 29 მაისს მეხუთე ვადით აირჩიეს, ხოლო 2 ივნისს საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ციურიხში, კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს ფიფას მაღალჩინოსნები: ჯეფრი ვები, ეუხენიო ფიგერედო, ედუარდო ლი, ხულიო როკა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი.
ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბრაზილიურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ფაქტები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვაში მისი მონაწილეობის შესახებ, რისი წყალობითაც მან 2 მილიონი ევრო მიისაკუთრა.