საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, გაგარინის N10 საცხოვრებელი კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. მიშენების ჩამონგრევა კორპუსის მოსახლეობასთან უშედეგო მოლაპარაკებებმა გამოიწვია.
გამგებლის განცხადებით, აღნიშნულ კორპუსს ფუნდამენტი შერყეული აქვს, 6 თვის წინ, გამგებლის მიერ მიწვეულმა გერმანელი მშენებლების ჯგუფმა კი დასკვნა დადო, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, ბინადრები კი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. საბურთალოს რაიონის გამგებლის განცხადებით, ნახევარი წელია, რაც გამგეობასა და კორპუსის ბინადრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერთადერთი გზა, ინვესტორის მოძიება, მესაკუთრეების დროებით ქირით გადაყვანა და ახალი კორპუსის აშენების შემდეგ, მათთვის იგივე ფართის ბინების გადაცემაა, რაზეც მესაკუთრეების ნაწილი უარს აცხადებს.
როგორც „რეპორტიორს" საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუმარტეს, გაგარინის N10 საცხოვრებელი კორპუსი ნგრევის საშიშროების წინაშე უკვე დიდი ხანია დგას. საბურთალოს რაიონის გამგებელი ამ კორპუსში მცხოვრებ 18 ოჯახს მისი გამგებლობის პირველივე დღიდან სთავაზობს საცხოვრებელი ბინების დატოვებას და ბინის ქირით უზრუნველყოფას, ვიდრე ინვესტორები ამ ტერიტორიით დაინტერესდებიან და პროექტს მოამზადებენ.
გამგეობამ რამდენიმე ინვესტორი მოიძია და დააკავშირა კიდეც კორპუსის მცხოვრებლებს, თუმცა შეთავაზებული პირობებზე არ დათანხმდნენ და შესაბამისად, პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილს სურს ქირით გასვლა, ნაწილს კი ბინები გაქირავებული აქვს და კორპუსის ბედით არ ინტერესდება.
ბოლო შეხვედრა საბურთალოს გამგეობაში ბექა მიქაუტაძესთან 29 სექტემბერს გაიმართა, თუმცა კორპუსიდან სულ 5 წარმომადგენელი მივიდა. მათი თქმით, მეზობლების დარწმუნება, რომ დატოვონ ბინები და ინვესტორთან მოლაპარაკებას მიაღწიონ, თითქმის შეუძლებელია.
კორპუსის მიშენების ნაწილი დღეს ჩამოინგრა. სამაშველო სამსახურმა ტერიტორია ნანგრევებისაგან ოპერატიულად გაასუფთავა. გამგებელი, ბექა მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა მაინც აიძულებს კორპუსის მცხოვრებლებს დატოვონ საცხოვრებელი ბინები. გამგებელი ამბობს, რომ ის კვლავ შეეცდება ინვესტორების დაინტერესებას.
„რეპორტიორი" საბურთალოს რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს დაუკავშირდა. მიქაუტაძის განცხადებით, მიშენების ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შენობის ბინადრები საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
„ჩამონგრეულია მიშენება. კორპუსი არის ავარიული, ბინადრებთან ძალიან დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვთხოვთ, რომ კორპუსიდან გავიდნენ, რადგან იგი გამაგრებას და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. ნახევარი წლის წინ გვყავდა გერმანელი მშენებლები მოწვეულები, რომლებსაც პირველ რიგში ეს კორპუსი ვაჩვენე და განმიცხადეს, რომ შენობის გამაგრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ძალიან მალე იგივე პრობლემის წინაშე დავდგებოდით. ერთადერთი სწორი გზა და გამოსავალი არის ის, რომ ინვესტორები მოვიძიოთ და ძველი, ამორტიზებული კორპუსის ნაცვლად ახალი შენობა ავაგოთ.
მოვიძეთ ინვესტორები და რამდენჯერმე გავუშვით კიდეც კორპუსის ბინადრებთან მოლაპარაკებებზე. სულ 18 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მოლაპარაკებები ვერ შედგა და მივიღეთ შედეგიც.
ჩვენ, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ კორპუსის მაცხოვრებლები დროებით ახალ ბინებში გადავიყვანოთ და ქირაც გადავუხადოთ. სახლი ინგრევა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვრებლებმა ახალი ბინები მიიღონ.
რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ამხანაგობის წარმომადგენლებთან. ბოლოს, ორი კვირის წინ ვეხვეწებოდი, რომ გამოსულიყვნენ და გამგეობა მათ ქირით გადაიყვანდა, რადგან კორპუსი საშიშია და შეიძლება თავზე დაენგრეთ. გვეუბნებიან, რომ შენობა გაგვიმაგრეთო, მაგრამ არ მაგრდება კორპუსი და ეს იქნება არამიზნობრივი ხარჯვა. შენობას შერყეული აქვს ფუნდამენტი.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვართ ინვესტორებთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. 18 მესაკუთრედან 10-მა სურვილი გამოთქვა, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულებამდე ქირით გადავიყვანოთ, 8 თავს იკავებს. რატომ არ ინტერესდებიან ამ პრობლემით არ ვიცი.
ხვალ კიდევ შევხვდები კორპუსის მაცხოვრებლებს, იმედია შეხვედრაზე მოვლენ. გამგეობას კორპუსის მაცხოვრებლებისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე დიდი ხანია გაგზავნილი აქვს. იმედია, ხვალ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და აღნიშნული მოსახლეობა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს აღარ შეუქმნის."- განაცხადა ბექა მიქაუტაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.