საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალინდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო, მძიმე მატჩი გველის. ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან. ვეცდებით, დადებით შედეგზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ, შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ D ჯგუფში 9 მატჩში მოპოვებული 9 ქულით (3 მოგება, 6 მარცხი) ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე იმყოფება.