reportiori.ge - „კინოს გადაღებაზე მეტად მწერლობა მინდოდა“, – ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორ გელა ბაბლუანთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:57
ინტერვიუ
„კინოს გადაღებაზე მეტად მწერლობა მინდოდა“, – ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ კინორეჟისორ გელა ბაბლუანთან
ავტორი: ანა ნოდია
21 ოქტომბერი, 2015. 12:47


ვენეციის, სანდენსის და სხვა არაერთი ფესტივალის ლაურეატი. ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტების ოჯახის წევრი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორი გელა ბაბლუანი „რეპორტიორის" შეკითხვებს პასუხობს:


- რა არის თქვენი საქართველოში ვიზიტის მიზეზი? დიდი ხანია არ ყოფილხართ...

 

- ჩამოვედი იმიტომ, რომ ფილმის გადაღება დავასრულე საფრანგეთში, დარჩენილი მქონდა ეფექტების სცენა და გადავწყვიტე, საქართველოში გადამეღო. ჩემი ძმა თამაშობს მთავარ როლს. ფილმში მონაწილეობენ ფრანგი ვარსკვლავები. დიდი ხანია არ ვყოფილვარ საქართველოში და ვიფიქრე, დავბრუნებულიყავი, პატარა წვლილი შემეტანა.


- მხატვრული ფილმი - „შინდისის გმირები"... დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა, ცნობილია, რომ ფილმით დაინტერესებლი ხართ და შესაძლოა, თქვენ იყოთ ამ ფილმის რეჟისორი, რომლის იდეის ავტორიც მსახიობი ედმონდ მინაშვილია...

 

- არის სერიოზული საუბრები ამ საკითხზე. დიდი სურვილიც მაქვს, თუმცა ეს ჯერ მაინც წინასწარი პროცესია, შეთანხმების დონეზე ვართ. ბევრი დეტალია, სანამ საბოლოოდ, გადაწყვეტილებამდე მივალთ.


- როგორ დაინტერესდით ამ ფილმით? იცით შინდისის გმირების ისტორია?

 

- ომზე გადაღებული ფილმებით ჩვენ ვერავის გავაკვირვებთ, მაგრამ ამ თემაში არის რაღაც უფრო მაღალი, რაც ზუსტად უნდა იყოს ასახული - ადამიანურობა, ვაჟკაცობა... ვიცი ეს თემა და ძალიან დამაინტერესა. ზოგადად, ის, რაც საქართველოს, ქართულ ამბავს ეხება, რომელიც საამაყოც არის და სამწუხაროც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მე ვფიქრობ, ეს ისტორია იმდენად ქართული ამბავია, რომ პირველ რიგში ჩვენი ტკივილია. სხვა საკითხია, როგორი სცენარი და გადაღება იქნება, რომ სხვასაც გააცნო, დააინტერესო. ეს ფილმი თუ ის პროდუქტი გამოვიდა, რომელიც ჩვენს რეალობას ობიექტურად და ზუსტად ასახავს, ის თავად გავა ფართო აუდიტორიის წინაშე. ამ თემას დიდი პოტენციალი აქვს.


- მოგენატრათ საქართველოში მუშაობა?

 

- ძალიან! ბევრი იდეა და სურვილი მაქვს. რამდენიმე იდეის განხორციელება ჩემს სამშობლოში მინდა. ბოლოს საქართველოში გადავიღე „მემკვიდრეობა", 2005 წელს. მას შემდეგ აქ არ მიმუშავია. ახლა რომ ვუყურებ, შესამჩნევად არის წინ წასული კინოინდუსტრია. საქართველოში მსოფლიო სტანდარტებში დღეს საქართველოც ჯდება. ეს მდგომარეობა არ იყო 2005 წელს.


- არის რესურსი და საფუძველი, რომ საქართველოში არსებობდეს კინოსკოლა?

 

- ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი კინოსკოლა. ის თაობები მომავალ თაობებს გადასცემდნენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვას, ცოდნას... სამწუხაროდ, 90-იანი წლების მერე იყო შავი პერიოდი და ეს ყველაფერი გაქრა. ჩვენ გვქონდა ისეთი კინო, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გადიოდა, ქართული კინო ითვლებოდა მაღალი დონის კინოდ. დღეს ეს სკოლა აღარ არებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, დიდი მონაცემები გვაქვს. საქართველოში კინოსკოლის არსებობა კინოინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როცა ქვეყანაში სოციალურად მძიმე მდგომარეობაა, როცა ადამიანს შია, კინოზე საუბარი ძნელია.


- საქართველოში არის ფინანსებიც, იდეებიც, არიან კარგი რეჟისორებიც... თქვენ ფიქრობთ, რომ რამე უშლის ხელს საქართველოში კარგი კინოს გადაღებას?

 

- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმები არ მინახავს. ბოლოს ვნახე „Keep smiling." მომეწონა. არ მინახავს „მანდარინები" და უნდა ვუყურო.


- კინემატოგრაფისტების ცნობილი ოჯახის წევრი ხართ. ვის გამოარჩევთ თქვენს ოჯახში, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი?

 

- ყველაზე ნიჭიერი ოჯახში ჩემი უმცროსი დაა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად იცნობს საზოგადოება. თეონა 34 წლის არის. რეჟისორია. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სხვადასხვა ფესტივალზე იყო წარდგენილი. კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ჩემთვის ის ყველაზე ნიჭიერია.


- მამა, ბატონი თემურ ბაბლუანი გახასიათებთ, როგორც დიდი ნიჭის პატრონს. მამასთან თუ გაქვთ კონსულტაციები, როცა ახალ ფილმს იწყებთ, თუ ესაუბრებით იდეებზე, რჩევებს ეკითხებით ხოლმე?

 

- ყოველთვის. ფილმის გადაღება ისეთი პროფესიია, თუ საკუთარ თავში არ ხარ დარწმუნებული, თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებ - ძნელია, რამე შექმნა. ამავე დროს, თუ ძალიან დარწმუნებული ხარ, შეიძლება, ბევრი შეცდომა დაუშვა. რჩევას მარტო სულელი არ კითხულობს. მაკედონელს ჰყავდა 20 მრჩეველი და ყველას უსმენდა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, თემურის მეგობრები მოდიოდნენ, ერთმანეთს აჩვენებდნენ ფილმებს, სცენარებს კითხულობდნენ, უზიარებდნენ იდეებს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი. ფელინის 5 სცენარისტი ჰყავდა. ადამიანი კინოს მარტო ვერ აკეთებს.


- შემოქმედებით პროცესში რამდენად იღებთ სხვა ადამიანების იდეებს, აზრს, რამდენად უსმენთ სხვებს?

 

- მყავს მეგობარი, რომელსაც ყველა შემთხვევაში ვაჩვენებ მონტაჟის მიმდინარეობას. დრამატურგია მას საერთოდ არ ესმის, მაგრამ ვიზუალური მხარე იცის ძალიან კარგად. „13"-ს რომ ვამონტაჟებდი, ხალხი ქუჩიდან მომყავდა და ვაჩვენებდი. უცხო თვალს რომ ენახა, არაპროფესიონალს, ჩვეულებრივ ადამიანს. პროფესიონალი ერთია და მეორეა მაყურებელი, რომელსაც სჭირდება კარგი პროდუქტი.


- თქვენ ხართ თქვენივე ფილმების სცენარისტი. სხვის დაწერილ სცენარებზე თუ გიმუშავიათ?

 

- მე თვითონ ვწერ და ვიღებ ფილმს. თუმცა, სცენარს, რომელსას ვწერ, ვაკითხებ ათ კაცს. ვუსმენ მათ იდეებს. სცენარის 40-მდე ვერსია კეთდება ხოლმე, სანამ გადასაღები ვერსიის სახეს მიიღებს. სხვის სცენარზე მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა სცენარი უნდა შეითვისო, უნდა დაინტერესდე. მიმუშავია სცენარებზე, რომელიც ჩემი დაწერილი არ ყოფილა, საბოლოო ჯამში არ გადამიღია.


- რთული ხართ გადაღებების პროცესში? რა გარემო პირობები გიშლით ხელს და ნერვებს?


- არ ვარ რთული. არ ვყვირი. განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ერთადერთი, მინდა ვიცოდე რომ ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლები კარგად არიან.


-გადაღებების პროცესში მსახიობთან კონფლიქტი არ გქონიათ?


- მხოლოდ ერთხელ. გადაღებების პროცესი იმდენად რთული და დაძაბულია, რომ ესეც ბუნებრივი პროცესია, შეიძლება მოხდეს უთანხმოება. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ამ უთანხმოების დროს გამოსავლის პოვნა შეიძლება. როგორც გითხარით, ეს უთანხმოება ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ გასცდა ჩვეულებრივ ლაპარაკს და ტონმა აიწია.


- ოჯახის წევრები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს საკუთარ პროექტებში აკავებთ... რთული არ არის ოჯახის წევრთან მუშაობა? ამ დროს არ ხართ სუბიექტური?

 

- ამას თავისი პლუს-მინუსები აქვს. დროთა განმავლობაში მინუსები კლებულობს. როდესაც პირველად მუშაობ ოჯახის წევრთან, შეიძლება სუბიექტურიც იყო. თუმცა, როცა მეორედ, მესამედ იღებ, უკვე უყურებ როგორც მსახიობს. ამას გამოცდილება სჭირდება. შესაბამისად, უფრო მარტივდება ეს პროცესი.


- ფავორიტი მსახიობი...


- ჩემი ძმა მყავს აკვიატებული. (იცინის) არის ხალხი, რომელიც სცენარებს წერს კონკრეტული მსახიობისთვის. მე ასე არ ვიქცევი, მე ჯერ ამბავს ვწერ და მერე ვფიქრობ მსახიობებზე.


- საქართველოში სტაბილურად დაბრუნებაზე, აქ ცხოვრებაზე გიფიქრიათ?

 

- სტაბილურად არსად ვცხოვრობ. სადაც მიწევს პროექტიდან გამომდინარე მუშაობა, იქ ვცხოვრობ. პირადს რაც შეეხება, ჩემი შვილი ამერიკაში ცხოვრობს, ამერიკელი დედა ჰყავს. ხშირად იქ ვიმყოფები.


- ბავშვი გადაღებებზეც დაგყავთ, რას ასწავლით ხოლმე?

 

- გიო სამი წლის არის. დედასთან ცხოვრობს ამერიკაში. მიდის და მოდის ხოლმე. ქართულად კარგად ლაპარაკობს. გადაღებებზეც მყოლია, რატომაც არა. ესწრება შემოქმედებით პროცესს.


- დედის როლი თქვენს ცხოვრებაში. ის მსახიობია, ბატონ თემურს ფილმშიც ჰყავს გადაღებული.

 

- კი, დედა მსახიობი იყო, სანამ ოჯახს შექმნიდა. შემდეგ ოჯახურ მარათონში ჩაერთო. ოთხი შვილი ჰყავდა, გაგვზარდა... ახლა შვილიშვილები. ის უნიკალური ადამიანია. თუ რაიმე დადებითი გვახასიათებს, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მას და თემურს.


- გაიხსენეთ პირველი თვეები, წლები საფრანგეთში ცხოვრების. 17 წლის იყავით, როცა საქართველოდან მთელი ოჯახი საფრანგეთში წახვედით.

 

- თავიდან გამიჭირდა. ეს ალბათ ყველა ქართველს ახასიათებს, როცა საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს მოგაშორებენ. სწავლა სორბონაში, იურიდიულზე გავაგრძელე. 3 წელი ვისწავლე და მერე დავანებე თავი. ეს არ იყო ჩემი პროფესია, ჩემი საქმე. იურისტი არასდროს ვყოფილვარ.


- რაზე ოცნებობთ?

 

- ბავშვობიდან მინდოდა, მწერალი ვყოფილიყავი. კინოს გადაღებაზე მეტად, მწერლობა მინდოდა. სცენარებს ვწერ, თუმცა ეს სხვა თემაა. ეს ტექნიკური მწერლობაა. დიდი ხანია სცენარების გარდა არაფერი დამიწერია. ადრე ვწერდი. იყო პატარა რომანებიც, ჩანახატებიც. ახლა აღარ ვწერ, ამის დრო არ მაქვს. ახლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვწერ.


- პირველი ფილმი თუ გახსოვთ, რაც ნახეთ...


- 4 წლის ვიყავი, კინოდარბაზში „ბეღურების გადაფრენა" ვნახე. არ მომეწონა. მამას ვუთხარი, დამღლელია-მეთქი. 4 წლის ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, რთული გასაგებია. დღეს ვფიქრობ, რომ შედევრია.


- ქართველი გამორჩეული კინორეჟისორი...


- საფრანგეთში მკითხეს და ვუპასუხე - მამაჩემი-მეთქი. თუმცა, რა თქმა უნდა, არამარტო თემური. უბრალოდ, თემურის გვერდით გავიზარდეთ და ამას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს. ძალიან მიყვარს შენგელაიების ფილმები, აბულაძე... ძალიან ნიჭიერი რეჟისორები იყვნენ და დღესაც არიან.


დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში კინოსკოლა ჩამოვაყალიბოთ, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ სწავლა, იდეების რეალიზება, წინა თაობების გამოცდილების მიღება...



***

 

„რეპორტიორი" წარმატებებს უსურვებს გელა ბაბლუანს აღნიშნული იდეის განხორციელებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016