reportiori.ge - ანი მიროტაძე: გიორგი მარგველაშვილს ვურჩევ, ნუ გახდება მიხეილ სააკაშვილის გუნდის პრეზიდენტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:20
ინტერვიუ
ანი მიროტაძე: გიორგი მარგველაშვილს ვურჩევ, ნუ გახდება მიხეილ სააკაშვილის გუნდის პრეზიდენტი!
ავტორი:
26 ოქტომბერი, 2015. 18:39


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და მწვავე პოლიტიკურ მოვლენებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს:


- რთული პროცესია. კარგი იქნებოდა, რომ ახლა არ ხდებოდეს დავა მეწილეებსა და მფლობელებს შორის. ალბათ, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2"-ის პრობლემა. ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ წლების მანძილზე, როდესაც მე ჟურნალისტიკაში ვიყავი, ჟურნალისტები მუდმივად ვითხოვდით, გავერკვიეთ, თუ რა ხდებოდა „რუსთავი 2"-ის მფლობელებთან დაკავშირებით. გაურკვეველი მფლობელები, ე.წ. ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც მეწილეები ხდებოდნენ, იმდენად გაურკვეველი იყო, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდა განსჯის საგანი. რეალურად ასეც მოხდა.


„ნაციონალური მოძრაობის" პირობებში ქიბარ ხალვაშის საჩივარსაც კი არავინ მიიღებდა არც პროკურატურაში და არც სასამართლოში. მაგრამ, ასევე ვიცი, რომ ქიბარ ხალვაშს თავიდანვე ჰქონდა მცდელობა, შეტანილი ჰქონდა განცხადება და საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ითხოვდა ქონების დაბრუნებას. ანუ, ეს საქმე ახლა არ დაწყებულა. ვაცხადებ, რომ ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც უკეთესი, ეს პროცესები არ დაწყებულიყო ახლა, როდესაც არჩევნები კარს არის მომდგარი, რათა ხელისუფლება არ იყოს რაღაცნაირად დადანაშაულებული, რომ „რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება სურს. ვარ ის ადამიანი, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს „რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება. მგონია, რომ თემა პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თითოეულმა ადამიანმა, მათ შორის მხარეებმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რამდენად შეიძლება დააზარალონ პროცესი, თუ საქმე მაქსიმალურად დაიტვირთება პოლიტიკური სარჩულებით.


გამონაკლისია „ნაციონალური მოძრაობა". რა თქმა უნდა, მათ მოსაზრებებს არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის, რომ ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ძალიან კარგად მესმის, რომ სურთ, „რუსთავი 2" დარჩეს მათ პოლიტიკურ იარაღად. ასე რომ, ასეთი გააფთრებული ბრძოლა ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ გასაგებია. თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ოდესელ ბელადს ძალიან ეჩქარება საქართველოში დაბრუნება, გარკვეული საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. მაგრამ, არ მგონია, რომ „რუსთავი 2"-ის ინტერესები „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების იდენტური იყოს. ვფიქრობ, რომ ამას ყველა გაიაზრებს და ყველანი ერთად დავფიქრდებით გამოსავალზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს „რუსთავი 2"-ის საქმიანობაში ჩარევის ხარჯზე. დიახ, „რუსთავი 2" უნდა არსებობდეს ზუსტად ისეთი, როგორიც იყო და არის. დიახ, ყველა ხელისუფლება ვალდებულია, რომ გაუძლოს და უსმინოს ამას.

 

- როგორ აფასებთ პრეზიდენტის განცხადებას „რუსთავი 2"-თან მიმართებაში და მოსამართლისადმი მოწოდებას?


- მგონია, რომ ყველა უნდა მოერიდოს განცხადებების კეთებას სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რათა არ მოხდეს მისი აღქმა ზეწოლად ან პოლიტიკურ დაინტერესებად. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ. მეც ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო თავი შეფასებებისგან მანამ, სანამ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მივცე მოსამართლეს სრული შესაძლებლობა, რომ მშვიდ გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება და მისი გადაწყვეტილება ემყარებოდეს მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომლებსაც მხარეები წარადგენენ სასამართლოში. სხვა საკითხია, თუ რა უნდა გააკეთოს ნებისმიერმა მოქალაქემ, როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს ეტაპი ძალიან მალე დაიწყება და ყველას გვექნება შესაძლებლობა, გამოვითხოვოთ მასალები სასამართლოდან და ამის მიხედვით შეგვეძლება ვისაუბროთ, ჰქონდა თუ არა მიკერძოებას ადგილი და იყო თუ არა მოსამართლე სამართლიანი. ერთი რამ ცხადია და ალბათ მოსამართლეს კარგად აქვს გააზრებული, რომ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე თუ უკანონო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის, როგორც მოსამართლე, იმ დღეს წერს საკუთარ განაჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლის ნებისმიერი განაჩენი მტკიცებულებებით იქნება გამყარებული.

 

- რატომ განაცხადა უმრავლესობამ უარი პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ განეხილათ „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლო საფრთხეები?


- უმრავლესობამ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პირი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს ისე, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან გამოვიდეს, რაც სახელმწიფოს ქაოსში გადასვლას გულისხმობს, მინიმუმ არგუმენტებით, მტკიცებულებებით და ფაქტებით უნდა საუბრობდეს. როდესაც ასეთი მტკიცებულებები და ფაქტები არ არსებობს, მაშინ ამ თემაზე შეხვედრა ვერ მოხდება. სხვა შემთხვევაში, რასაკვირველია, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით უნდა საუბრობდნენ ერთმანეთთან საქართველოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, პრემიერიც და უმრავლესობაც.


- როგორ აფასებთ საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსა და მის დამოკიდებულებას, რომელიც მან პრეზიდენტისა და პრემიერის მიმართ გამოთქვა?


- ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო, იყო ბევრი აქცენტი და პირადი დამოკიდებულებები. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მისი ინტერვიუ და კომენტარები ყველაზე საინტერესო და დამახასიათებელია იმით, რომ იგი ყველაფერზე გულწრფელად საუბრობს. თუნდაც გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, მან ისაუბრა ყველაფერი, რასაც ფიქრობს. სხვა საკითხია, რამდენად ღირდა ამაზე საუბარი. ფაქტია, რომ გარკვეული შეცდომები არსებობს პრეზიდენტის მხრიდანაც, ჩვენი მხრიდანაც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მაღალი თანამდებობის მქონე პირებმა უნდა მოახერხონ, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ხშირი კონსულტაციები ჰქონდეთ და შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე. არ ვიცი, როგორია ბატონი გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ფაქტია, რომ სრულად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ჩვენ წარვადგინეთ პრეზიდენტად და რომ არ ყოფილიყო ასეთი მაღალი ნდობა ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული, მას ალბათ გაუჭირდებოდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება. ასე რომ, ერთი რამ ვიცი, ყველა ჩვენგანს აწუხებს ქვეყნის ბედი, მაგრამ სხვა საკითხია, თუ ვინ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს მიზნის მისაღწევად.


არ მაქვს არანაირი მტკიცებულება, ჩავთვალო, რომ გიორგი მარგველაშვილი მოწინააღმდეგე ბანაკთან თანამშრომლობს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, ფაქტები, რომლებიც გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა. არაფერი შემიძლია ვთქვა გარდა რჩევისა გიორგი მარგველაშვილის მიმართ, რომ ნუ გახდება მიხეილ სააკაშვილის გუნდის ამხანაგი, რადგან ეს გუნდი, ჯალათების და სასტიკი ადამიანების გაერთიანება, არის საქართველოს წარსული და მომავალში აღარ განმეორდება. ასე რომ, რაც მოხდა 2012 წელს, რასაკვირველია, ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, 2016 წელს კიდევ ერთი გამარჯვება იქნება. საზოგადოება მათ ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას.


ძალიან შორის ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, იმ აზრისგანაც ძალიან შორს ვარ, რომ შეცდომებს არ ვუშვებთ. იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა, გარკვეული საკითხები უკეთესად გამოსულიყო. მაგრამ, აქვე შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი ადამიანი არ მეგულება ჩვენს გუნდში მოტივაციის გარეშე და ეს მოტივაცია ნიშნავს, რომ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თან ძალიან სწრაფად.


ირაკლი ღარიბაშვილი მგონია ის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მზად არის,  პასუხისმგებლობა აიღოს, არამედ ბევრს აკეთებს, რომ შედეგი უმოკლეს ვადაში მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახული გვაქვს. ახლა მგონია, რომ ჩვენი გუნდის შეცდომებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შევძლებთ უკეთესი შედეგები მივიღოთ.


- „უკრაინულ ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ მასალაზე რას ფიქრობთ, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო? რეალურად ხედავთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს?


- ცოტა ხმამაღალია იმის თქმა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. მე რაც ვნახე, იმ ფაქტებიდან გამომდინარე ვამბობ. არ ვიცი, რა ფაქტები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათ აქვთ სრული უფლება, რომ გარკვეული საკითხები იყოს გრიფით „საიდუმლოდ" და ის არ იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და მათ შორის არც ჩემთვის. მაგრამ, ის რაც გამოქვეყნდა, არ მაფიქრებინებს, რომ მაინცდამაინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არსებობს დამატებითი ინფორმაციები, რომლის საფუძველზეც აღიძრა ეს საქმე და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, მაშინ დაველოდოთ გამოძიებას. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, რასაკვირველია, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ, რადგან მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას არავითარი საფრთხე არ დაეუქროს. მაგრამ ეს უნდა იყოს არგუმენტებით გამყარებული.


- რამდენად ხედავთ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს?


- ვერ ვხედავ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. რომ ვხედავდე, ვერ გამაჩერებდა ვერაფერი, ვინაიდან, სამოქალაქო დაპირისპირება ნიშნავს იმას, რაც მე ძალიან კარგად მახსოვს ჯერ კიდევ 90-იან წლებში. კარგად მახსოვს, რამდენად მძიმე პროცესები იყო და რამდენი წელი დასჭირდა ჩვენს ქვეყანას, რომ ეს უმძიმესი შედეგები როგორმე მოგვეშორებინა. მგონი, ახლაც არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც იმ მძიმე წლების გამოძახილია. ასე რომ, პირადად მე კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს და არაფერი ღირს იმად, რომ ვინმემ ამაზე თვალი დახუჭოს. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ცოტა სხვა პასუხისმგებლობაც მაქვს და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა, თუ ხედავ და არ ამბობ, რომ მსგავსი ტიპის საფრთხე არსებობს. ამ დროისთვის მსგავსი ტიპის საფრთხეს ვერ ვხედავ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016