„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ ისინი ემზადებიან სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. ამის შესახებ ბათიაშვილმა „რეპორტიორთნ" ინტერვიუში იმ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაზე გაკეთდა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი:
- ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო. ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც ივანიშვილი ამბობს, რომ არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების სიმპტომი და ნიშნები არ არის, ეს თავისთავად სწორია. თუნდაც მე, როდესაც მუდმივად ვლაპარაკობ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის რეალურ საფრთხეებზე, ეს არ ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირებას. სამოქალაქო დაპირისპირება სულ სხვა რამ არის. ძალიან კარგად მახსოვს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც დიდი ტრაგედია იყო. ეს იყო ნამდვილად სამოქალაქო დაპირისპირება, ვინაიდან ორივე ძალას ჰყავდა თავისი სერიოზული მომხრეები. თავად ზვიად გამსახურდიას ჰყავდა უამრავი მხარდამჭერი.
- თქვენი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას" დღესდღეობით საკმარისი მხარდამჭერი ჰყავს?
- „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს საზოგადოებაში სერიოზული დასაყრდენი. აბსურდია იმის თქმა, რომ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, საზოგადოება ორად გახლიჩოს. მოსახლეობის დიდ ნაწილში ის არ სარგებლობს არანაირი მხარდაჭერით. პირიქით, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს არის საკითხის სწორი კონსტატაცია, მაგრამ აქვე არ გამორიცხავს სერიოზული საფრთხეების არსებობას. „ნაციონალურ მოძრაობას" არ შეუძლია სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, მაგრამ მათ შეუძლიათ სიტუაციის დესტაბილიზაცია და ამისთვის ისინი ემზადებიან კიდეც. მათ ხელშია აკუმულირებული სერიოზული ფინანსები, სარგებლობენ სერიოზული მხარდაჭერით გარედან, მათ ხელშია ძალიან მძლავრი მედიასაშუალება „რუსთავი 2" და გააჩნიათ შეიარაღება.
რა იყო მთელი ეს „რუსთავი 2"-ის ამბები? ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზეზს, რომ როგორმე აეგორებინათ მასობრივი მღელვარება. ეს მთელი ისტერიკა ერთადერთ რამეს ემსახურებოდა. მათ აქვთ გათვლილი, რომ თანმიმდევრული პროპაგანდის გზით, საქმე მიიყვანონ უკიდურეს დესტაბილიზაციამდე, მასობრივი არეულობის გამოწვევამდე. მასობრივი არეულობის გამოწვევა შეუძლია 10 000 კაცსაც. ამდენი კაცის მობილიზაცია მათ ნამდვილად შეუძლიათ. მუშაობა იციან და ფულიც აქვთ. ასევე ისინი დამატებით სპეკულირებას გააკეთებენ იმ უმძიმეს სოციალურ ფონზე, რომელიც დღეს არსებობს.
ისინი გეგმავენ ნაბრძოლი, სერიოზული ორგანიზებული ჯგუფების ქვეყანაში შემოდენას. შესაძლოა ეს პროცესი უკვე დაწყებულიცაა. ეს არის საკმაოდ ორგანიზებული, ბრძოლაში გამოწრთობილი ხალხი. აქ მხოლოდ ქართველებზე არაა საუბარი. აქ მოიაზრებიან უკრაინელებიც და სხვა ეროვნების ჯგუფებიც. კი, ვიცით, რომ სააკაშვილი პათოლოგია, მაგრამ „დურაკი" არ არის. მან იცის, რომ ხალხის მასებით ვერ ააგორებს რევოლუციას, როგორც 2003 წელს მოხდა. ამიტომ აქცენტს აკეთებს ამაზე.
- რა ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ?
- არ შეიძლება, ამას ხელისუფლებამ გულარხეინად უყუროს. რა თქმა უნდა, არ მინდა, პანიკა გამოვიწვიო საზოგადოებაში. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გეგმა არსებობს. ხელისუფლებას რესურსი, პოტენციალი გააჩნია, რომ გაატაროს მთელი რიგი პრევენციული ზომები და არ დაუშვას საქართველოში დესტაბილიზაცია.
ხალხის დიდი ნაწილი რომ შფოთავს და ღელავს ამაზე, გასაგებია და მგონი, ხელში იარაღსაც აიღებენ, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.
- როგორ ფიქრობთ, უკრაინულ მედიაში გავრცელებული წამების ამსახველი ვიდეომასალა უწყობს თუ არა ხელს ხალხის მღელვარებას და ხომ არ შეიძლება აღვიქვათ ეს ყველაფერი, როგორც სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წახალისება?
- ეს მასალები ჩნდება და თან არის უამრავი. ეს ხომ არ არის ცალკეული შემთხვევები, რაც ახლა ინტერნეტში ჩდნება. ეს არის უამრავი. სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს იქცა აპრობირებულ მეთოდად, ნორმად. ასეთი ბინძური მეთოდებით მგონი არც ბოლშევიკებს და ნაცისტებს უმოქმედიათ. 9 წლის განმავლობაში საქმე გვქონდა პათოლოგებთან. რა თქმა უნდა, ხალხი უკიდურესად აღელვებულია იმის გამო, რომ ეს ძალა დღესაც პარლამენტშია, გვმოძღვრავენ, ჭკუას გვასწავლიან და თან ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვთ.
ცხადია, რომ სანამ ხალს ინიციატივა თავად არ გამოუჩენია, ხელისუფლებამ უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები და საქმე არ მივიდეს დესტაბილიზაციამდე.
- პრეზიდენტის განცხადებას სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ?
- ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ცნობიერების ასეთი დეგრადაცია ხდება. მას ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ აბსოლუტური ტრანსფორმაცია მოხდა მისი გონების. იმის მაგივრად, რომ რეაგირება ჰქონდეს ამ საშინელებებზე, რაზეც ვსაუბრობთ, განცხადებებს უპირველეს ყოვლისა აკეთებს ღარიბაშვილის გამონათქვამებზე, რომ თურმე ეს ქმნის დესტაბილიზაციას. რეაგირებას აკეთებს „რუსთავი 2"-ის ამბებზე და მოუწოდებს სასამართლოს.
- რას მიიჩნევთ ხელისუფლების უმთავრეს სისუსტედ, რამაც დღევანდელი ვითარება გამოიწვია?
- დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ბევრი რამ ირკვევა, რა თქმა უნდა საუბარი კოჰაბიტაციაზე სისულელეა. მაგრამ ეს კი არ არის ხელისუფლების მინუსი, არამედ მინუსია, რომ აქამდე გამოიჩინა ზედმეტი გულარხეინობა და ხელი შეუწყო „ნაციონალების" გათავხედებას. გუშინ ისინი ამაზე ვერც იფიქრებდნენ, დღეს კი დაუფარავად მუშაობენ დესტაბილიზაციის გამოწვევაზე.
- „უკრაინულ ვიკილიქსში" გამოქვეყნებულ მასალაზე რას ფიქრობთ, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო?
- უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, ასე მოქცეულიყო, მაგრამ გამოძიების დაწყება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რაც გამოქვეყნდა, რეალურია. გამოძიების მსვლელობაში, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ამ გამოქვეყნებული იმფორმაციის უკან არის თუ არა რეალური დოკუმენტი. ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს რეალურ აუდიოჩანაწერზე. შემდეგ უნდა დადგეს ამ აუდიოჩანწერის მოპოვებისა და ავთენტურობის საკითხი. ამის შემდეგ შეიძლება დადგეს მავანთა პასუხისმგებლობის საკითხი. მანამდე რაიმე დასკვნის გაკეთება არასერიოზულია.
ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.