reportiori.ge - მანანა კობახიძე: მოძალადე სააკაშვილს საზოგადოება მხარს არასდროს დაუჭერს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:44
ინტერვიუ
მანანა კობახიძე: მოძალადე სააკაშვილს საზოგადოება მხარს არასდროს დაუჭერს
ავტორი:
04 ნოემბერი, 2015. 18:48


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

 

- რას ფიქრობთ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ხელისუფლებისა და სასამართლოს დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ? იყო თუ არა აღნიშნული საუბრები დანაშაულის ნიშნების შემცველი და რეალურად ხედავთ თუ არა რევოლუციის საფრთხეს?


- ამ ჩანაწერებიდან ყურადღებას გავამახვილებდი პირველად გავრცელებულ ჩანაწერებზე, რამდენადაც უტყუარია, იქიდან მომდინარე, რომ თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა და თქვა, რომ ასეთი გეგმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად გაჟღერდა. შესაბამისად, საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო შინაარსის სინამდვილეში. მაგრამ, როგორ გავრცელდა, როგორ და ვის მიერ აიტვირთა, ბუნებრივია, ეს არის გამოძიების საგანი. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული მხარის თანამშრომლობა. ვფიქრობ, თავად უკრაინა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის ქვეყანაში, მის ტერიტორიაზე, მისი სახელმწიფო მოხელე თუ ასეთ გეგმებს ამზადებს და ასეთი განზრახვები აქვს, ეს სახიფათოა არა მხოლოდ იმ ქვეყნისთვის, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ეს გეგმები, არამედ თავად უკრაინის სახელმწიფოსთვის, ვინაიდან მას ჰყავს ასეთი ბოროტმოქმედი პიროვნება საჯარო სამსახურში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინამ ამ მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.


მაგრამ ჩვენ თუ მხოლოდ პროცედურაზე გავამახვილებთ ყურადღებას და არა ამ ჩანაწერების შინაარსზე, შეცდომას დავუშვებთ. მთავარი შინაარსია, თუ რაზე იყო საუბარი. პირადად ჩემთვის, გასაკვირი ნამდვილად არაფერი ყოფილა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის, ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ არაფერზე იხევდა უკან და ჩვენ მისი მმართველობის პერიოდში არაერთი სისხლიანი ისტორია ვიცით. არ მიკვირს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ისინი ფიქრობენ და ოცნებობენ, რომ გამოიყენონ ისეთი მეთოდები, როგორიც არის რევოლუცია, სისხლისღვრა, სამოქალაქო დაპირისპირება და ძალიან სამწუხაროა, რომ ასევე დაპირისპირების გამოყენების მექანიზმია მედიასაშუალება. ძალიან ცუდია, რომ სწორედ „რუსთავი 2"-ის და მისი ჟურნალისტების მეშვეობით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი თავისი ბოროტი ზრახვების სისრულეში მოყვანას. ეს ნამდვილად არ გამოუვა არასდროს. ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით არცერთი პოლიტიკური ძალის მოსვლას არ დაუშვებს. ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ და ისტორიას უკან ნამდვილად არ დავაბრუნებთ. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა იბრძოლოს. სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა და მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ მოძალადე სააკაშვილს საზოგადოება მხარს არასდროს დაუჭერს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება უტოპიაა.


დანარჩენი უკვე გამოძიების საქმეა. ყველა, მათ შორის დეპუტატები, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. არანაირი იმუნიტეტი არ არსებობს. ვისაც მოწმედ დაიბარებენ, ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება. იმედს ვიტოვებ, რომ ამ რთულ ამოცანას ჩვენი საგამოძიებო უწყება თავს გაართმევს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა და მომზადება დანაშაულია. არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი განახორციელო. როდესაც ამ ყველაფერს გეგმავ, უკვე დანაშაულია. ასე რომ, ყველა პასუხს აგებს. ჩვენს ხელისუფლებას შესწევს ძალა, რომ ასეთ მოძალადეებს პასუხი გასცეს.

 

- რამდენად კმაყოფილი ხართ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით? არის თუ არა მათი ქმედებები სიტუაციის ადეკვატური?


- გამოძიება დაწყებულია ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმე არსებობს და რა თქმა უნდა, ვისი ბრალეულობაც ცალსახად გამოიკვეთება, ის დაისჯება. ძალიან ადვილია ერთჯერადი შეფასებით თქვა, თუ ვის რა გეგმები აქვს. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება ბრალის წარდგენაზე, ბუნებრივია, პროკურატურას სჭირდება უტყუარი და მკაფიო მტკიცებულებები და არგუმენტები. ჩემთვის ცხადია, რომ ამ შინაარსის საუბრები და განცხადებები ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნების მატარებელი, დანარჩენი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროკურატურამ.


თუ შევაფასებთ, როგორი იყო წარსულში პროკურატურის რეაქციები და როგორია ახლა, გახსოვთ, როდესაც ფოტოგრაფებს სურათის გადაღება არ აპატიეს და ჯაშუშებად შერაცხეს. ეს არის ძალიან მძიმე საქმე იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშ. გარდა ამისა, არსებობს ირაკლი ბათიაშვილისა და კვიციანის ცნობილი საქმე. ბათიაშვილს ერთი სატელეფონო ზარი არ აპატიეს და პირველად გაჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დანაშაულის ასეთი ფორმულირება - ინტელექტუალური მხარდაჭერა. ასეთი უამრავი საქმე იყო. ასეთი საქმე იყო „ანტისოროსის" საქმე. ზაზა დავითაიამ რამდენიმე დღის წინ „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა ამ საქმეზე და ასევე არსებობენ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ჰყვებიან, თუ როგორ ხდებოდა საქმის შეთითხნა. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, თუ როგორ დააბრალეს ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალება ჩანერგილი აგენტების საშუალებით. ეს იყო ერთ-ერთი შეკერილი საქმე. „ნაციონალური მოძრაობის" სტილი იყო ადამიანებისთვის არარსებული დანაშაულის დაბრალება. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიად განვსხვავდებით მათგან და გვჭირდება უტყუარი, მყარი მტკიცებულებები, სანამ ადამიანებს ბრალს წავუყენებთ. ბუნებრივია, სააკაშვილის პერიოდში მსგავსი რამ რომ განხორციელებულიყო, დღეს გვარამია ციხეში იჯდებოდა. მაგრამ ჩვენ სხვა სტანდარტი გვაქვს. აუცილებელია, რომ მტკიცებულებები იყოს დადასტურებული და არგუმენტებით გამყარებული.


ჩვენ ვერ ვუკარნახებთ პროკურატურას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოება დაცულია ძალადობისგან, რომელიც შესაძლოა სააკაშვილისგან იგეგმებოდეს. ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის უსაფრთხოებას არავითარი აჯანყება არ ემუქრება.


იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ადეკვატურად შეაფასებენ. ძალიან შედეგიანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში ვიზიტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ბალტიისპირების ქვეყნებში ვიზიტი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ურთიერთობების შედეგებს ვნახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მიიღებს ვიზა-ლიბერალიზაციას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ პარტნიორობის შედეგებს ნახავენ და გვექნება წარმატება. დღეს ოფიციალური პირებისგან ასევე გაცხადდა, რომ აშშ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. ბუნებრივია, ეს იმ რეფორმების, ცვლილებების შედეგია, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.


- როგორ აფასებთ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?


- ყველაფერი უნდა დარჩეს სასამართლო დარბაზის სივრცეში. ვგულისხმობ იმას, რომ ამ თემაზე დავა ჯერ არ დასრულებულა. რამდენადაც ვიცი, „რუსთავი 2" ასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და შესაძლოა, მოსარჩელემაც გაასაჩივროს. არსებობს მეორე ინსტანცია, რომელიც უკვე კოლეგიურად განიხილავს ამ საქმეს. ასევე არსებობს მესამე ინსტანციაც. ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ როგორიც იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და დაემორჩილოს მას. თუ საბოლოოდ დაკმაყოფილდა ეს სარჩელი, არავითარი უფლება არ აქვს მოპასუხე მხარეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს კანონის აღსრულებას და ვინც ეწინააღმდეგება კანონიერად ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, პირდაპირ სჩადის დანაშაულს. ბატონმა ნიკა გვარამიამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ხელშეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. ამიტომ, ყველანაირი ოცნება თუ გეგმა, რომ ფიზიკურად შეეწინააღმდეგონ აღსრულებას, დაუშვებელია. ეს ნიშნავს დანაშაულის ჩადენის წინასწარ გაცხადებას, რაც ნამდვილად უნდა აღიკვეთოს.


კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება, რომ დაველოდოთ მეორე თუ მესამე ინსტანციის პასუხს.


- ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლას ან მის საქმიანობაში ჩარევას გამორიცხავთ?


- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს ყველა მედიასაშუალება თავისუფალია. ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისა და ჩარევისგან მედიასივრცე თავისუფალია. ნებისმიერ ოპოზიციურ აზრს აქვს შესაძლებლობა, რომ გაჟღერდეს. დღეს პარტიებს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ, რომ ნებისმიერი მედიასაშუალებით გააჟღერონ თავიანთი აზრი, რაც ნამდვილად პროგრესია ამ ქვეყნისთვის.


„რუსთავი 2"-ს სურს, შექმნას ლეგენდა, თითქოს მხოლოდ ის არის დამოუკიდებელი. ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ამით ეს კომპანია შეურაცხყოფას აყენებს ყველა დანარჩენ მედიასაშუალებას.


- როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?


- რაც შეეხება დაუყოვნებლივ აღსრულებას, როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაში საერთოდ არ გეგმავდა ამას. ყოველ შემთხვევაში, არსად არ გაცხადებულა, რომ ის მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას. შესაბამისად, ამ საკითხზე ატეხილი ისტერიკაც იყო სრულიად ხელოვნური. თუმცა, ნახეთ, რომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და წარმოებაში მიღებასთან ერთად შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება.


განსხვავებით ურთმელიძის გადაწყვეტილებისგან, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უფლება მაქვს, ვისაუბრო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც პარლამენტი მხარეა ამ დავაში. როდესაც საჩივრდება კანონის მოქმედება და კანონის კონსტიტუციურობის საკითხი ისმება, მოპასუხე მხარე ყოველთვის არის პარლამენტი და პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ ის კანონი, რომლის ავტორიც და შემოქმედიც ვართ. სრულიად არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადება, რომ დეტალურად ვსაუბრობ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და არა ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე. „რუსთავი 2"-ის სამოქალაქო საქმესთან მიმართებაში პარლამენტის წევრები არც მხარე ვართ, არც მოსარჩელე, არც მოპასუხე, არც ექსპერტი და არც ადვოკატი. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი წვდომა ამ საქმის მასალებზე და არც უნდა გვქონდეს.


რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, გეტყვით, რომ ძალიან ფორსირებულად, ნაჩქარევად, ისე მიიღო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომ არც კი ჩათვალა საჭიროდ, მოესმინა პარლამენტის, როგორც მოპასუხე მხარის არგუმენტები. თუ გადავხედავთ პრაქტიკას, როგორ განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში ის საკითხები, რომლებიც ნორმის მოქმედების შეჩერებას ეხება, ვერ ვნახავთ შემთხვევას, როდესაც სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის მოსმენის გარეშე მიიღო. ეს მაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, პოლიტიკურ იარაღად აქციოს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ ქვეყანაში. ის უნდა იყოს სწორედ დამაბალანსებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არსებული წინააღმდეგობისა, უნდა იყოს კონსტიტუციისა და სამართლიანობის დაცვის გარანტი და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მისცეს საშუალება, რომ ასეთი პოლიტიკური ბრძოლების იარაღად იქცეს. კონსტიტუციური სამართლის განვითარებისთვის სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს პოზიცია, რომ ის დარჩეს კონსტიტუციურ ფარგლებში და არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ ბერკეტად.


- რას ფიქრობთ „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე?


- ეს არის ძალიან სპეციფიკური თემა, რომელზეც კონკრეტული კვალიფიციური პასუხი უნდა გასცეს ენერგეტიკის სამინისტრომ. რა თქმა უნდა, საზოგადოებასა და ჟურნალისტებს კითხვები არ უნდა დარჩეთ. რა ხელშეკრულებაზეა საუბარი, რას ვიღებთ ამ ხელშეკრულებიდან, ამის შესახებ სამინისტრომ უნდა ისაუბროს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საზიანოდ არაფერი განხორციელდება. ჩვენი მიზანია, ენერგიის მიღების თვალსაზრისით გაზრდილი მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ.


- საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა. აპირებს თუ არა „ქართული ოცნება" ახალი სახეების მიღებას კოალიციაში და თქვენ თუ ხედავთ ამის აუცილებლობას?


- ბუნებრივია, აუცილებელია „ახალი სისხლი". იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება" წარსდგება ისეთი შემადგენლობით, რომელიც პროფესიონალურად, კვალიფიციურად გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რაც ქვეყნის წინაშეა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016