reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:54
ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
ავტორი:
05 ნოემბერი, 2015. 18:57



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის აპარატის მუშაობით უკმაყოფილოა. რას უწუნებს ლორთქიფანიძე უჩა ნანუაშვილს და რა პრეტენზიები აქვს მის მიმართ, ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ძალიან სახიფათო ტენდენცია ვითარდება. ბატონი უჩა ნანუაშვილი, ისე როგორც მისი წინამორბედი სახალხო დამცველები, არ ამახვილებს ყურადღებას, რომ რელიგიური გრძნობების შელახვით ხდება საზოგადოების შრეებს შორის დაპირისპირების კინსპირაცია, რომელსაც სათავეში უდგანან ნეოლიბერალური ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები გეგმავენ შტურმს რელიგიური გრძნობების მასობრივ შეურაცხყოფას. ამის ნათელი დადასტურებაა ილიას უნივერსიტეტში გამოფენილი ნახატი, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიმბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა მოხდა. უჩა ნანუაშვილს უნდა განეცხადებინა, რომ თუნდაც მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე, მსგავსი გამოხატვის თავისუფლება ვნებს სხვის უფლებებს და შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების ფენებს შორის შუღლი რელიგიურ ნიადაგზე, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სახელწიფოს ინტერესებს. განა არ შეიძლებოდა მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება უჩა ნანუაშვილის მხრიდან? მაგრამ იგი თავს იკავებს ასეთი განცხადებების გაკეთებისგან.


- რას ფიქრობთ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია აღბეჭდილი. ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული საუბრები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა? და როგორ უნდა იმოქმედონ სამართალდამცავმა ორგანოებმა?


- სანამ აჟიოტაჟი ატყდება რამეზე, ყოველთვის სამართლებრივი შეფასებით უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ეს ჩანაწერები თავისი შინაარსით ავთენტურია, ჩანაწერების ავთენტურობა შესაბამისი ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებით უნდა დადასტურდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 315-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ფონოსკოპიური ექსპერტიზა აუცილებლად ჩატარდება ან ჩატარდებოდა. ეს არის აუცილებელი ნორმა და გასაკვირი არაფერია.


სხვა საკითხია თავად პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, თავიდანვე გვარამიამ და ბოკერიამ ღიად აღნიშნეს, რომ ეს იყო ავთენტური ჩანაწერები და მათ ჰქონდათ საუბრები მიხეილ სააკაშვილთან. მაგრამ, ამის მერე გავრცელდა იან კელის განცხადება, რომ იგი ეჭვქვეშ აყენებდა ამ ინფორმაციის ავთენტურობას. ამას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ეს არის ფაბრიკაცია. შემდეგ გავრცელებულ ჩანაწერებზე კი, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ ფალსიფიცირებულია. ძალიან კომიკურ ვითარებამდე მივედით.


ვფიქრობ, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ ავთენტურობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მანიპულირებადია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში. არ მინდა, კონკრეტულად ახალი ხელისუფლება დავადანაშაულო, რომ ისინი მანიპულირებენ, თუმცა, ეჭვის შეტანის საფუძველი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განაჩენი არ გვინახავს.


315-ე მუხლი არის ერთგვარად პოლიტიკური მუხლი, შემარცხვენელი მუხლი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ფაქტობრივად მხილებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში. დაწყებული 2006 წელს გიორგაძის მომხრეებისთვის ამ მუხლის წაყენებით, დამთავრებული 2011 წელს გახმაურებული ყინწვისის საქმით, არცერთ საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი არ დამდგარა. ამიტომ, დღეს ეჭვი სრულიად ლეგიტიმურია. რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც ასევე დაიწყო 315-ე მუხლით გამოძიება და დღეს საკითხი დგას იმგვარად, შეიძლება თუ არა ვენდოთ გამოძიებას, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე.


ბუნებრივია, გამოძიება აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. ადამიანები კონკრეტულ დღეს, რიცხვს, რეგიონს ასახელებენ, ახსენებენ „ბოევიკებს", საუბრობენ სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე და მოგეხსენებათ, სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა თავისთავად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ძალა, რა თქმა უნდა, არის ამბოხებისკენ მიმართული. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმოქმედოს გონივრულად და არ იყოს ეს აქტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ორთქლის გამოშვების მცდელობა.

 

- როგორ აფასებთ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით?


- როდესაც „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზეა საუბარი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე გზიდან ჩამოიშორა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. მათ შორის იყო: ტელეკომპანია „იბერია", „იმედი", „სტერეო +", საინფორმაციო პორტალი „presa.ge". დამოუკიდებელი ტელევიზიები რომ ჩაახშვეს და ბოლო მოუღეს, ამის შემდეგ გადავიდნენ ციფრული მაუწყებლობის მიღების ყველა შესაძლებელი აგრეგატისა თუ ტექნოლოგიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. მთელი ეს დანაშაულის კასკადი დარჩა სამართლებრივად შეუფასებელი. გამოძიებაც კი არ დაწყებულა. ეს არის სავალალო ფაქტი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.


„რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას მომავალი გვიჩვენებს. თუ ეს არ მოხდება ეროვნული მართლმსაჯულების დონეზე, მეორე და მესამე ინსტანციებში, ეს მოხდება სტრასბურგის სასამართლოში. სამართლიანობის ინდიკატორი მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იქნება ევროპული ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო.


კარგად ვხედავთ ერთ ფაქტს, რომ ვინც არ უნდა იყოს ქიბარ ხალვაში და რა პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონდეს, მას ჰქონდა უფლება, მიემართა სასამართლოსთვის. ეს არის ფაქტი. ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების თვალწინ, ბატონ ხალვაშს თავის დროზე, კომპანია „არტიტ ჯგუფი", რომლის მფლობელიც იგი გახლდათ, გადაუწვეს და გადაუბუგეს მთელი შენობა-ნაგებობები და კერძო კომპანია, თავისი სასაწყობო მეურნეობით. ისიც გვახსოვს, რომ სამშენებლო კომპანიას დაქვემდებარებული სამშენებლო ტექნიკა, რომელიც ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა, იქნა ღერა-ღერა გატანილი და გაყიდული და სამარცხვინო ფორმებით გასხვისებული. ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. სამწუხაროდ, მაშინ ქიბარ ხალვაშის უფლებებზე კონკრეტული აქცენტი არ გაკეთებულა, რადგან რეჟიმი იყო ტოტალიტარული. დღეს, როდესაც ქიბარ ხალვაშმა დაიწყო თავისი უფლებების აღდგენა „რუსთავი 2"-დან, რატომღაც პრეტენზია წარმოიშვა, თუ რატომ ქიბარ ხალვაში და არა ვინმე სხვა.


ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით ყურადსაღებია ძმები ყარამანიშვილების პოზიცია. მათგან საერთოდ არ მომისმენია კონკრეტული პროტესტისა და პრეტენზიის ხმა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ყარამანიშვილები უნდა ყოფილიყვნენ ის სათანადო მოპასუხეები, გნებავთ პოლიტიკურ დონეზეც თუ საჭირო იქნებოდა, რომლებსაც ექნებოდათ პრეტენზია ხალვაშის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ მომხდარა და ყარამანიშვილების ნაცვლად, დაქირავებული მენეჯმენტი გახდა მთავარი აპელანტი ამ საქმეში. ეს ფაქტი სრულიად ლეგიტიმურს ხდის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2" არის ოდესის გუბერნატორის კერძო საკუთრება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების სახელით, როგორც პოლიტიკოსი, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, არის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ყველანაირ ხერხს იყენებს, რომ როგორმე ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია. ამ ყველაფრის ფონზე, რაშიც „რუსთავი 2" ინსტრუმენტად არის გამოყენებული, ისევ და ისევ დგება ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და არა მხოლოდ მათი.

 

- როგორ აფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე?


- ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია. უკანონო იყო თავად ის ნორმა, რომლის გაუქმებაც მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს კანონი თავიდანვე იმიტომ მიიღეს, რომ 2009 წლის მდგომარეობით იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტები, რომელთა არსებობა უბრალოდ ნერვებს უშლიდა მიხეილ სააკაშვილს და აქედან გამომდინარე, ეს აქტი მიმართული იყო სწორედ ამ ადამიანის უფლებების უხეში და ტოტალური დარღვევისკენ. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ამჯერად სწორად მოქმედებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016