reportiori.ge - 2016 წლიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:35
ინტერვიუ
2016 წლიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ
11 ნოემბერი, 2015. 17:03


 

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა ცდილობს პარლამენტის შუამდგომლობა - „რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით, დაიყვანოს ნიკა გვარამიას გუნდურობის დონეზე", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. პარლამენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო განჩინებას დაუსაბუთებელს უწოდებს და რამდენიმე მნიშვნელოვან დამადასტურებელ გარემოებას ასახელებს, რაც ხაზს უსვამს მოსამართლეთა მიკერძოებულობასა და საქმეში მათ ინტერესებს. რა პრეტენზიები აქვს დეპუტატს საკონსტიტუციო სასამართლოსთან - ამ და სხვა საკითხებზე პარლამენტარი „რეპორტიორს" ესაუბრა:


- საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დაუსაბუთებელი საოქმო განჩინებით დაადგინა, რომ, თუ არ დააკმაყოფილებდა „რუსთავის 2"-ის კონსტიტუციურ სარჩელს ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამ შემთხევაში შეუქცევადი გახდებოდა გადაწყვეტილება, რაც გამოიხატებოდა იმის ალბათობაში, რომ ქიბარ ხალვაში სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს პროცესების დასრულებამდე გაყიდდა მიღებულ ქონებას. ანუ მათი დაუსაბუთებელი ვარაუდი ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ ქიბარ ხალვაში იმიტომ დავობს, რომ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო დამთავრდება და ის გადაყიდის ამ ქონებას. სწორედ ეს აბსურდული ვარაუდი დაუდო საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ნოემბრის განჩინებას. თავად ბიზნესმენი ამბობს, რომ ამის არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და იმის ვარაუდი, რომ სანამ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს სხდომები დასრულდება, გადაყიდოს ეს ქონება და გავიდეს თამაშის ველიდან გამორიცხულია... საზოგადოებამ შეაფასოს რამდენად დასაბუთებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს აბსურდული განჩინება.


მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაუმალა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს „რუსთავი 2"-ის კონსტიტუციური სარჩელი. პარლამენტის წარმომადგენელი, ქალბატონო თამარ მესხია 27-28-29-30 ოქტომბერს ეკითხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ხომ არ იყო შემოსული კონსტიტუციური სარჩელი „რუსთავი 2"-დან და თუ იყო შემოსული, რატომ არ იყო რეგისტრირებული და ატვირთული სასამართლოს ვებ-გვერდზე, რომ გაცნობოდა მას, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი. საკონსტიტუციო სასამართლომ კი ფაქტი დაუმალა და ეუბნებოდა, რომ ჯერ რეგისტრირებული არაა, რადგან გიორგი პაპუაშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას უნდა მოეხდინა სარჩელის რეგისტრაცია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, „რუსთავი 2"-ის კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი აღმოჩნდა 26 ოქტომბერს. ჩვენი წარმომადგენელი კი საქმის გაცნობას ითხოვდა მომდევნო დღეების განმავლობაში. 2 ნოემბერს საოქმო განჩინების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ატვირთეს ვებ-გვერდზე. ჩვენს წარმომადგენელს კი საოქმო განჩინების შესახებ აცნობეს 18 წუთით ადრე საოქმო განჩინების გამოცხადებამდე. ამიტომაც შეკითხვებია მოსამართლის მიმართ: რატომ დაუმალა პარლამენტის წარმომადგენელს ეს რეგისტრირებული სარჩელი, რატომ შეატყობინეს 18 წუთით ადრე ამის შესახებ. ჟურნალისტებმა უფრო ადრე იცოდნენ, რომ აპირებდნენ საოქმო განჩინების გამოცხადებას, ვიდრე მხარის წარმომადგენელმა.


ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, ნორმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს არამარტო მოსარჩელის ინტერესებით, არამედ ნახოს, მესამე პირებსაც ხომ არ ადგებათ ზიანი. საერთოდ არ აქვს ნამსჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს ამის თაობაზე. იხელმძღვანელა მხოლოდ იმით, რომ ქიბარ ხალვაშს უნდა ქონება იმის გამო, რომ გადაყიდოს პროცესების დასრულებამდე. იმის ვარაუდი, რომ მას ამ ქონების გადაყიდვა უნდა 1-2 თვეში, არის აბსურდული ვარაუდი.


- რას იტყვით თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებზე, რომ დაუშვებელია საიდუმლო მართლმსაჯულება? „რუსთავი 2"-ის საქმის შემთხვევაში როგორ მოხდა?

 

- დიახ, სასამართლო თავად ამბობს, რომ საიდუმლო მართლმსაჯულებას მიეკუთვნება საქმეების განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. თავადვე წერს ორ გადაწყვეტილებაში, რომ დაუშვებელია, ხელი შევუწყოთ ან წავახალისოთ საიდუმლო მართლმსაჯულებაო. ამ საქმეზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ განახორციელა ფარული მართლმსაჯულება, დაუმალა ჩვენს წარმომადგენელს და არ ატვირთა ვებ-გვერდზე თავის დროზე „რუსთავი 2"-ის სარჩელი. და ამის შესახებ აცნობა ჩვენს წარმომადგენელს 18 წუთით ადრე. ეს გარემოებები ერთობლიობაში საქართველოს პარლამენტს წარმოუშობს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსამართლეები არ არიან მიუკერძოებლები და დაინტერესებული არიან საქმის შედეგებით. ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი მოსამართლე კოპალეიშვილი აღმოჩნდა ყველაფრისმცოდნე გვარამიას მოადგილე განათლების სამინისტროში, მერე იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ეს ქმნის საფუძველს, რომ აცილება მიეცეს. გვარამიას სარჩელს იხილავენ მისივე გუნდის წევრები, რაც აცილების საფუძველია, რადგან თანაგუნდელები იხელმძღვანელებენ ერთმანეთის ინტერესებით.

 

- 2012 წელთან შედარებით, ცენტრალური ხელისუფლების შრომის ანაზღაურება 389 მილიონი ლარით არის გაზრდილი, კონკრეტულად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მთავრობის შრომის ანაზღაურება დაახლოებით 57 მილიონი ლარით გაიზრდება. რამდენად რაციონალურია ამხელა დანახარჯი, მითუმეტეს იმ ფონზე როცა მთავრობას ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აქვს გაცხადებული?

 

- აქ არსებობს 2 არსებითი მიზეზი. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, ეს არის პროგრამული დაფინანსების პროექტი, ანუ როცა არის მუხლი საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების - ეს არის ერთი პროგრამა. მასში შედის პარლამენტის დამლაგებლიდან დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული; მთავრობის ადმინისტრაციის დამლაგებლით დაწყებული, პრემიერით დამთავრებული. შესაბამისად, ამ პროგრამულ მუხლში არის ნომინალური ციფრები. მოგეხსენებათ, ჩვენ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანით და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თვითმმართველი კომპეტენციიდან ამოღებით, მივიღეთ ის, რომ 1 იანვრიდან სახანძრო-სამაშველო სამსახური გადადის ადგილობრივი დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე. 5000 მაშველი და მეხანძრე უნდა დააფინანსოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. თავისთავად 5000 კაცის დაფინანსება იწვევს სახელმწიფი ბიუჯეტის ამ პროგრამულ მუხლში დაფინანსების გაზრდას. ამას ემატება ის, რომ 2016 წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, დაახლოებით 800 ადამიანის შრომის ანაზღაურება ორმაგდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დაახლოებით 3-4 თვით ადრე არჩევნებამდე. პროგრამულ დაფინანსებაში შედის პედაგოგების ხელფასების ზრდა, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 50-დან 70 ლარამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასის გაზრდა. ამ ყოველივეს თუ დავამატებთ, ვნახავთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობით აქვთ მომატებული დაფინანსება საჯარო მოსამსახურეებს.


- ირმა ინაშვილი აპროტესტებს საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებს. რა ინფორმაცია გაქვთ, ჰქონდა ადგილი დარღვევებს?


- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიყავი ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული, შესაბამისად, არ ვფლობ ინფორმაციას, იქ იყო დარღვევები თუ არა. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება ამ პროცესების შეფასება. ბუნებრივია, გამარჯვებული მხარე ამბობს, რომ დარღვევები არ იყო, საპირისპიროს ამტკიცებს დამარცხებული მხარე; ამიტომაც არსებობს მართლმსაჯულება. თუ იყო, მხილებულ იქნას ეს დარღვევები და თუ არ იყო, მაშინ შიმშილობას საფუძველი არ აქვს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016