9 ნოემბერს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრის კანდიდატურა დაასახელა. ეს გახლავთ ალექსანდრე ჭიკაიძე, 28 წლის პოლკოვნიკი, რომელიც ამ დრომდე თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის იყო კახეთის სამხედრო პოლიციის უფროსი. ამ კაცის დასახელება და „ნაციონალების" ყალყზე დადგომა ერთი იყო, თავიდან დაიწყეს, ძაან ახალგაზრდააო (გეგონება, დეპუტატი მარიამ საჯაია არ არის ძაან ახალგაზრდა და ლამის ძუძუმწოვარა), მერე თქვეს, მაგის მამას „პაწია" ერქვა და ისიც პოლიციაში მუშაობდაო... აქედან ვერაფერი გამოადნეს, მერე ის მოიგონეს, ეგ ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათლულია, თავად თამაზაშვილი „პაწიასთან" მეგობრობდაო. მაგარი კომპრომატია, ჩემმა მზემ... თანაც ამ ყველაფერზე უტუჩებო გივია თარგამაძე რომ ჰყვება ქართველი საზოგადოების წინაშე, მაგარია, ხომ?
ჯერ ერთი, როგორც გავარკვიე, ალექსანდრე ჭიკაიძე არ არის თამაზ თამაზაშვილის ნათლული და მეორეც - დავუშვათ, არის, მერე რა... რაც თვითონ „ნაციონალებმა" აკეთეს 9 წლის განმავლობაში, ამის ფონზე ეს ნეპოტიზმია? ბიჭო, თქვენ რომ ნათელ-მირონებიც ხართ და ამავე დროს არც ერთმანეთს ინდობთ სექსუალური თვალსაზრისით, ეგ როგორაა?!
მოდით, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, „ნაციონალების" ნათელმირონობის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. მაშ ასე:
1. მიხეილ სააკაშვილს ნათელ-მირონი აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან და ნინო ანანიაშვილთან.
2. გიორგი ბარამიძეს ნათელ-მირონი აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან.
3. გივი თარგამაძეს - ერეკლე კოდუასთან.
4. ვანო მერაბიშვილს (არადა, თავისი პირით აღიარებდა, რომ კათოლიკე ოჯახიდან არის, მაგრამ ათეისტია. - გ.ზ.) და თაკო სალაყაიას - ზაზა გოროზიასთან.
5. ვანო მერაბიშვილს - მიხეილ მაჭავარიანთან.
6. ვანო მერაბიშვილს - ბაკურ კვეზერელთან.
7. ამირან მესხელს - ხათუნა გოგორიშვილთან.
8. საავტომობილო გზების ყოფილ უფროსს, მამუკა ლეჟავას - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან.
9. ლადო ვარძელაშვილს - გიორგი უდესიანთან.
10. გიგა ტატიშვილს - ლადო ვარძელაშვილთან.
11. დავით კირკიტაძეს - გიორგი არევაძესთან.
12. ნიკა მელიას - გიორგი ყავლაშვილთან.
13. მიხეილ მაჭავარიანს - სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ხახნელიძესთან.
14. გიორგი ღვინიაშვილს - სოფელ დიღმის პოლიციის უფროსთან, კანკავასთან.
15. პარლამენტარ ლევან ქარდავას - მეგის ქარდავასთან.
16. კახა ბენდუქიძეს - შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსთან და თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ცხაკაიასთან.
17. დათა ახალაიას - ლევან ქარდავასთან.
18. გიორგი ალანიასა და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, კოტე არჩაიას - დათა ახალაიასთან.
19. დათა ახალაიას - ფაჩულიასთან, რომელიც მუშაობდა სამხედრო პოლიციის იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე.
20. კუდ-ის სამეურნეო ნაწილის ყოფილ უფროსს, გრიგოლ თევზაძეს - ბაჩო და დათა ახალაიებთან.
აჰა, როგორი სიაა, ხომ აკლია ამას ახლა ბოლოში ჯვარი და სანთელი? თუმცა ამათთვის არც ერთი არსებობს და არც მეორე...
გაზეთი "ქრონიკა"