reportiori.ge - ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოში ტერორიზმის კვლევის ცენტრი უნდა შეიქმნას, რადგან სამწუხაროდ, ტერორიზმი საქართველოსაც უახლოვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:30
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოში ტერორიზმის კვლევის ცენტრი უნდა შეიქმნას, რადგან სამწუხაროდ, ტერორიზმი საქართველოსაც უახლოვდება
ავტორი:
16 ნოემბერი, 2015. 18:15




„სამწუხაროდ, ტერორიზმი საქართველოსაც უახლოვდება", - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ტერორიზმზე, როგორც გლობალურ საფრთხეზე საუბრისას.


ხათუნა ლაგაზიძე „რეპორტიორს" „ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალ საფრთხეებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ესაუბრა:


- პირველ რიგში, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო საფრანგეთს, იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მან ფაქტობრივად შესწირა დემოკრატიას. ასევე მინდა თანადგომა გამოვუცხადო ტერორისტული აქტების მსხვერპლ ქვეყნებს, იქნება ეს თურქეთი, ლიბანი თუ სხვა.


ტერორიზმი, სამწუხაროდ, საქართველოსაც უახლოვდება. ამაზე ვსაუბრობდი ერთი წლის წინაც და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსშია ამ საფრთხეების შესახებ და გარკვეულ პრევენციულ ზომებს უკვე ახორციელებს.


ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ყველა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს. ყველაზე საშიში ამ ეტაპზე არის „ისლამური სახელმწიფო" და არამარტო რუსეთი, არამედ ევროპის ყველა სახელმწიფო მოლოდინშია, რომ შესაძლოა, განხორციელდეს ტერორისტული აქტები. სიტუაციის აფეთქებას შეიძლება ველოდოთ ჩრდილო კავკასიაში. ცოტა ხნის წინ, მოგეხსენებათ, „ისლამურმა სახელმწიფომ" გახსნა ვილაიეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც წვდება საქართველოსაც. ამიტომ, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის აფეთქებას არ ექნება ლოკალური ხასიათი და ძალიან იოლია ამ საფრთხის გადმოტანა საქართველოშიც.


რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს ამ თემით და თავად მოახდინოს ტერორიზმის ექსპორტი საქართველოში. ესეც არანაკლები საფრთხეა.


მესამე საფრთხე გახლავთ საქართველოდან სირიაში მიმავალი მებრძოლები. ბოლო თვეების მანძილზე მოვისმინეთ საქართველოს არაერთი მოქალაქის და დღეს უკვე „ისლამური სახელმწიფოს" წევრის მუქარის შემცველი განცხადებები. ის, რაც ადრე გვეჩვენებოდა ერთი კონკრეტული ადამიანის განწყობად საქართველოს მიმართ, დღეს ყველა მსგავს ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.


ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რის წინაშეც დღეს ევროპა დგას და ეს საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს, არის ექსპორტი თავად ევროპის მოქალაქეებისა, რომელთა ზომბირება მოახდინა „ისლამურმა სახელმწიფომ" და რომლებიც დღეს იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. ანალოგიური დაბრუნების ნაკადის პრევენცია უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, რადგან ეს არანაკლები საფრთხეა. საქართველოს მასშტაბს თუ ავიღებთ, საკმაოდ ბევრია წასული „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და მათი დაბრუნება ქვეყანაში სერიოზული საფრთხის შემცველია.

 

- რამდენად შესაძლებელია საქართველოში ეთნორელიგიურ ნიადაგზე ვითარების გამწვავება და რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ გაუმკლავდეს მსგავსი ტიპის გამოწვევებს?


- საქართველომ უნდა შეძლოს და დაიზღვიოს თავი ნებისმიერი პროვოკაციისგან, რომელიც შეიძლება საქართველოს მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში ვიხილოთ. გვახსოვს, 2 წლის წინ იყო გურია-აჭარაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გაღვივების მცდელობები. მაშინ აზრი ორად გაიყო. ერთ-ერთი კვალი მიდიოდა რუსეთზე, რომ ამ კონფლიქტების მაპროვოცირებელი რუსეთი იყო. საქართველოს ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაშინ შეძლეს ამ გამოწვევისთვის თავის გართმევა. დღესაც მნიშვნელოვანია, ასე მოხდეს.


მადლობა საქართველოს საპატრიარქოს, რომ მან სწორი პოზიცია დაიკავა და საფუძველშივე აღკვეთა ყველა ის მცდელობა, რომელიც რელიგიათა შორის დაპირისპირების გაღვივებას ისახავდა მიზნად. ვგულისხმობ პატრიარქის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ტერორიზმს არ აქვს რელიგია და ის, რაც ხდება ტერორისტების ხელით, არ უნდა გავაიგივოთ ისლამთან, როგორც რელიგიასთან. რეალურად, ეს არის ომი, რომელსაც არ აქვს არც რელიგიური, არც ეთნიკური, არც ეროვნული პრინციპი. იმიტომ, რომ სანამ პარიზში მოხდებოდა ტერაქტები, იქამდე ერთი დღით ადრე ტერორისტული აქტი განხორციელდა ლიბანში და კიდევ უფრო ადრე თურქეთში. ანუ, ტერორისტების სამიზნეები არიან როგორც ქრისტიანები, ისე ისლამის აღმსარებლები. ტერორისტები არიან ფანატიკოსები, რომლებისთვისაც ერსა და რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს.


- საჭიროა თუ არა, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებას იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის ბრძოლა სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებელთა შორის?


- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში სპეციალური საინფორმაციო პოლიტიკაა საწარმოებელი ხელისუფლების მხრიდან. ამის მთავარი ხაზი უნდა იყოს სწორედ ის, რომ ეს არის ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ანატიზმის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს რელიგია. ტერორიზმის სამიზნე შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე განურჩევლად რელიგიისა, ამიტომ, დღეს არის დრო, როცა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. საქართველოს სპეცსამსახურების მთავარი ამოცანაა, რომ არ დაუშვას არცერთი პროვოკაცია რელიგიური ნიშნით.


- კიდევ რა პრევენციულ ზომებს შეიძლება მიმართოს საქართველომ „ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალ საფრთხეებთან მიმართებაში?


- საქართველოში უნდა შეიქმნას ტერორიზმის კვლევის ცენტრი, რომელშიც საქართველოს გვერდით იქნება ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, იქნებიან ევროკავშირის სახელმწიფოები და რეგიონის სახელმწიფოები. კავკასიის რეგიონი არის ერთ-ერთი მთავარი წყარო „ისლამური სახელმწიფოს" ადამიანური რესურსებით მოსამარაგებლად. ამიტომ, ტერორიზმის კვლევის ცენტრმა, ერთი მხრივ, უნდა შეისწავლოს ის მიზეზები, რის გამოც ისლამურმა ფუნდამენტალიზმმა ასე ფართოდ მოიკიდა ფეხი ამ რეგიონში და მეორე მხრივ, ამ ცენტრმა რეგიონში ტერორიზმის პრევენციის კოორდინირება უნდა მოახდინოს. მანამ, სანამ კავკასიის რეგიონიც გახდება ტერორიზმის კიდევ ერთი ბუდე, აუცილებელია, აქ შეიქმნას ამ ტიპის ცენტრი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივით რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს.


დანარჩენ საკითხებზე, როგორიც არის საზღვრებისა და აეროპორტების დაცვის გაძლიერება, ყველა საუბრობს და ეს, თავისთავად ცხადია, ასე უნდა მოხდეს.


ასევე, რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს აეროპორტებში მოიხსნა face-control, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლად დასაბრუნებელია. კამერები მოიხსნა, რომლითაც ხდება ადამიანის იდენტიფიცირება და ეს სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოს აეროპორტებში, არსებული საფრთხის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე.


- როგორ აფასებთ უსაფრთხოების სამსახურის მოქმედებას მოცემულ მომენტში?


- ძალიან დროული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ მომატებული საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ზომები როგორც საზღვრის დაცვის, ასევე სტრატეგიული ობიექტების დაცვის თვალსაზრისით. ეს იყო დროული და აუცილებლად გასაკეთებელი განცხადება, რათა საქართველოს საზოგადოებას არ მომატებოდა შფოთისა და დაუცველობის განცდის ხარისხი.

 

- საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს" მისამართით საპასუხო ქმედებები უკვე განახორციელა. როგორ ფიქრობთ, მოჰყვება თუ არა ამას პასუხი „ისლამური სახელმწიფოსგან" და ზოგადად რა პასუხს გასცემს „ისლამური სახელმწიფო" საფრანგეთსა და ზოგადად ევროპას?


- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, დასავლეთი იძულებული იქნება, სახმელეთო ოპერაციაზე წავიდეს. დღეს „ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს ძალიან დიდ ტერიტორიას აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რადგან მას ხელი მიუწვდება ნავთობისა და გაზის მარაგებზე, რომელიც მიეწოდება თუნდაც დასავლეთს. ამიტომ, მისაღებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სხვაგვარად სტაბილური და ბევრისთვის საოცნებო ევროპა ნელი მოქმედების ნაღმად იქცევა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016