reportiori.ge - ანი მიროტაძე: დღეს საქართველოს უშიშროება სერიოზულ გამოცდას აბარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:47
ინტერვიუ
ანი მიროტაძე: დღეს საქართველოს უშიშროება სერიოზულ გამოცდას აბარებს
18 ნოემბერი, 2015. 18:05



საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს ნომერ პირველ საფრთხეს უწოდებს ანი მიროტაძე ტერორიზმს. საქართველოს პარლამენტის წევრის თქმით, ტერორიზმს არც საზღვრები აქვს, არც სამშობლო და არც სარწმუნოება. როგორც დეპუტატი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აცხადებს, 21-ე საუკუნის მსოფლიოს წინაშე არსებული ამ გამოწვევის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით დაიწყოს ბრძოლა.


- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრების, რომ ტერორისტები რომელიმე სარწმუნოებასთან არიან დაკავშირებულები. ზოგიერთი აქცენტს აკეთებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მუსლიმანები, რითაც სარწმუნოებასთან მათი დაკავშირება ხდება, მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულია. ვფიქრობ, უნდა გატარდეს საინფორმაციო პოლიტიკა, იყოს აქტივობა, რადგან არ შეიძლება, რომელიმე კონკრეტულ სარწმუნოებას დაუკავშირო ტერორიზმი, ადამიანების დახოცვა და უბედურება. არცერთი სარწმუნოება ამას არ ქადაგებს.


- არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?


- რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე. საქართველომ ყველა რესურსი უნდა გამოძებნოს; შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ აქტიური მუშაობა, რომ ყველა ღონე იყოს გამოყენებული; თუ საჭირო გახდა დამატებითი რესურსების ჩართვა, ესეც უნდა მოხდეს, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხე, რომელიც არავინ იცის, ვის საზღვარს გადალახავს და როდის. ოპონენეტების მხრიდან ისმის მოსაზრება, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება უსაფრთხოების მიმართულებით. მე სრულად ვეთანხმები ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა დღეს არის სწორედ ტერორიზმის საფრთხე საქართველოში. ასევე ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება. ვფიქრობ, ყველა რესურსი იქნება გამონახული, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ საფრთხე, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში თავდასხმა მოხდება ან არ მოხდება. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, პრევენცია კი საუკეთესო გამოსავალია. ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს კონტრდაზვერვამ. მიმაჩნია, რომ საქართველოს უშიშროება დღეს აბარებს გამოცდას, რამდენად არის ის ჩამოყალიბებული სტრუქტურა და რამდენად შეუძლია, პრევენციული ღონისძიებების გატარებით თავიდან ავიცილოთ საფრთხე.


- რა კონკრეტულ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობთ? ხომ არ უნდა ჩავკეტოთ საზღვრები? ან გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა და შევაჩეროთ მიგრაცია?


- არ ვიქნები კატეგორიული და არ ვიტყვი, რომ საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, არც მიგრაციის შეჩერების მომხრე ვარ, არც ის მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის გადახედვა უნდა მოხდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნებს ერთმანეთთან კონტაქტი აღარ ექნებათ. სხვა პრევენციული ღონისძიებებიც არსებობს. ყველაზე შედეგიან ზომად მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი კოორდინირება უნდა იყოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის, ვგულისხმობ ყველა სახელმწიფოს შორის კოორდინაციას.


- არის თუ არა საკმარისად დაფინანსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

 

- ძალიან გამიჭირდება გითხრათ, არის თუ არა ეს საკმარისი, ან რა რესურსი შეიძლება გამოიძებნოს. ყველა შემთხვევაში უნდა გამოიძებნოს, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. იცით, რომ 2016 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, რაც ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამ მიმართულებით მოხდეს კორექტირება. თუ არ არის საკმარისი 95 მილიონი ლარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, მაშინ დაველოდებით ახალ შემოთავაზებას, ოღონდ არგუმენტირებულს და დადასტურებულს. პარლამენტი მზად არის, ამას მხარი დაუჭიროს. ერთი რამ ვიცი ზუსტად, ტერორიზმი აუცილებლად დამარცხდება და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შევძლებთ ეს გადავლახოთ. ამ პროცესში მსოფლიოს საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს. ახლა არის დრო, როცა მსოფლიომ ტერორიზმს უნდა უთხრას - არა! ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია!


- გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა. პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო?


- ეს ნიშნავს იმას, რომ კანონში გარკვეული ბუნდოვანებებია, მასში შესატანია მკაფიო ცვლილებები, სადაც უნდა იყოს გაწერილი: რას ნიშნავს პრემია, რას ნიშნავს სახელფასო დანამატი, რა არის ზედა ზღვარი და რამდენი უნდა იყოს ის, რა კატეგორიის ჩინოვნიკებმა უნდა მიიღონ პრემია, როგორი უნდა იყოს პრიორიტეტი - ვის უნდა ეკუთვნოდეს და ა.შ.როდესაც ქვეყანას ჰყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია. ...მკაფიო და მკვეთრი უნდა იყოს რანგირების სისტემა, რომელიც ამ დრომდე გაწერილი არ არის. პირადად მე მიმაჩნია, რომ პრემიებზე უარის თქმა სრულად არ შეიძლება, ვგულისხმობ დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეების წახალისების მიმართულებით პრემიების დატოვებას. ვინაიდან ადამიანი თუ მუშაობს დატვირთულ რეჟიმში ზეგანაკვეთურად, მისი შრომის წახალისების ფორმაც უნდა არსებობდეს. აქ ერთი რამაც გასათვალისწინებელია, თუ არ არის მაღალი ანაზღაურება სახელმწიფო სექტორში, ხდება პროფესიონალი კადრების გადინება კერძო სექტორში. ესეც პრობლემაა... რაც შეეხება მაღალი რანგის მოხელეებს: მინისტრებს, მათ მოადგილეებს, დეპუტატებს, ისინი არ უნდა სარგებლობდნენ პრემიებით, რადგან ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ. მე ვიყავი იმ 44 დეპუტატს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირა პრემიების აკრძალვასთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტს. მიმაჩნია, რომ ეს ქაოსი დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს. უნდა გაიწეროს კანონში და დარეგულირდეს ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016