გიორგი ყიფიანის ინტერვიუს წაიკითხავთ და, შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოთ, რომ მისი ზოგიერთი შეხედულება უტოპიაა. თბილისის „ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი გრანდიოზულ გეგმებზე ლაპარაკობს - ამ კლუბში გაზრდილმა ბავშვებმა მსოფლოსა და ევროპის ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშონ და ასე შემდეგ...
მაგრამ რომ დავფიქრდეთ, საქართველოში ბავშვებს თავიდანვე ამ მიზნით არ ზრდიან და იქნებ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის? როცა მოთამაშეს მიზანი არ გააჩნია, მაშინ რა აზრი აქვს ვარჯიშსა და საერთოდ, ამ ყველაფერში დროის ხარჯვას?
ამ ყველაფერზე გიორგი ყიფიანის მოსაზრებებს ქვემოთ წაიკითხავთ. თბილისის „ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი „ლელოსთან" კლუბის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობს...
- ბოლო სამ ტურში გუნდმა სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ამ დროს კი, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატების მიუხედავად, „ლოკომოტივის" საკადრო პოლიტიკა არ შეცვლილა და გუნდის ბირთვს არათუ ახალგაზრდები, ჯერაც ბავშვები შეადგენენ...
- „ლოკომოტივში" აქცენტი ფეხბურთელების გაზრდასა და განვითარებაზეა გადატანილი და ეს პოლიტიკა გამართლებული რომ არის, ჩვენი ტრანსფერებიდანაც ჩანს: „ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები წაიყვანეს ბუნდესლიგის „შალკეში" - ლევან ყენია, ბელგიურ „გენკში" - ლუკა ზარანდია, ფრანგულ „ბასტიაში" - ლუკა კიკაბიძე, ნორვეგიულ „სტაბეკში" - გიორგი გოროზია, კვიპროსულ „ანორთოსისში" - გიორგი აბურჯანია და ასე შემდეგ. წლეულს გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარში" გადავიდა და ყველამ იცის, რამხელა შთაბეჭდილებაც მოახდინა მისმა დებიუტმა... სულ, ბოლო 2 წელიწადში, „ლოკომოტივმა" 8 მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა. წასვლის პერსპექტივა ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობის ბევრ ფეხბურთელსაც აქვს. მაგრამ ჩვენი მოტივაცია არა მხოლოდ მოთამაშეთა გაყიდვა, არამედ, „ლოკომოტივის" ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე მოხვედრაა.
- ეს კარგი სურვილი კი არის, მაგრამ შორეულ პერსპექტივას ჰგავს...
- მგონია, რომ სწორი მუშაობით არც ისე შორეული პერსპექტივაა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო აკადემია, სადაც ბავშვებს გონებაში თავიდანვე აქვთ ჩაბეჭდილი, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სათამაშოდ და ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე გასასვლელად ემზადებიან. თუ ასეთ მიზნებს არ დავუსახავთ, მაშინ რა აზრი ექნება მათ ვარჯიშს და საერთოდ, „ლოკომოტივის" აკადემიის არსებობას? ფეხბურთელი მინიმუმით არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ არსებობ, მიზანი აუცილებლად უნდა გქონდეს. საქართველოში კი დიდი მასშტაბის ფეხბურთელები გვყავდა და მჯერა, რომ მომავალშიც გამოჩნდებიან.
- თქვენი მოტივაცია სავსებით გასაგებია. საქართველოში ვარსკვლავები ისედაც იბადებოდნენ და იბადებიან, მაგრამ არსებულ გარემოში მათი აღზრდა ძალიან რთულია...
- მიმაჩნია, რომ სავსებით რეალურია, რადგან გვყვანან კვალიფიციური სპეციალისტები, გვაქვს გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამა და გვაქვს საქართველოში საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, არ გავურბივართ გრძელვადიან გეგმებს. „ლოკომოტივი" პროგრესული გუნდია.
- უმაღლეს ლიგაში ამ პროგრესული გუნდის სერიოზულ პროგრესს როდის ვიხილავთ?
- მიმაჩნია, რომ აღმასვლა უკვე დაწყებულია. სარაგოსა მულტის ჩამოსვლის შემდეგ, გუნდი აშკარად შეიცვალა, ზედიზედ სამი შეხვედრა მოვიგეთ და რაც მთავარია, ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მაგრამ აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ვასილ მაისურაძეს, რომელსაც, წესით, ზაფხულის შემდეგ „ლოკომოტივში" აღარ უნდა ემუშავა. ის ჩვენთან ახალგაზრდული ფეხბურთის ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, გიორგი დევდარიანი შოთამ თურქეთში მიიწვია და მაისურაძემ გუნდი არ მიატოვა, მაგრამ მერე სანაკრებო მომზადების დრო რომ დადგა, მთლიანად 19-წლამდელებზე გადაერთო... სხვათა შორის, ერთი კარგი სიახლეც გვაქვს: აკადემიის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა გიორგი მინაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის „დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობდა.
- მინაშვილი ხომ ინგლისში მიემგზავრებოდა და „ბაქსვუდის" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტი და 18-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი უნდა ყოფილიყო?
- დიახ, სწავლას აპირებდა, მაგრამ სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ჩვენს წინადადებას დათანხმდა. გიორგის მოსვლა ძალიან გვახარებს, რადგან „დინამოს" აკადემიას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, გამოცდილი და კარგი სპეციალისტია და დიდი იმედი მაქვს, ჩვენთანაც კარგად იმუშავებს... სხვათა შორის, „ლოკომოტივი ერთადერთი გუნდია, რომელიც საკუთარი მატჩების ტელეტრანსლირებას უზრუნველყოფს. ესეც ჩვენი ფეხბურთისა და გუნდის პოპულარიზაციას ემსახურება.
მერაბ მამულაშვილი
გაზეთი „ლელო"