უეფა-ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია თბილისში არსებული სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქში ბოლო წლებში 22 სტადიონი განადგურდა. ამის შესახებ კვარაცხელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ თბილისში არსებული სტადიონებისა და საფეხბურთო მოედნების უმრავლესობა წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა და ამ ტერიტორიებზე ახლა საცხოვრებელი კორპუსები შენდება. კვარაცხელია მერიასა და საკრებულოს გარკვეული ღონისძიებების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა ის სტადიონები მაინც აღარ განადგურდეს, რომლებიც ამ დროისთვის თბილისში შემორჩა.
„თითქმის ერთი წელიწადია თბილისში სტადიონებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს ვიკვლევ და აღმოვაჩინე, რომ 22 სტადიონი თუ საფეხბურთო მოედანი განადგურდა. ეს სტადიონები იყიდება და შენდება კორპუსები. დღეს შევიტანე მერიაში და საკრებულოში წერილი, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, და გამოვხატე გულისტკივილი, რომ იქნებ ჯერ კიდევ რაღაც გადავარჩინოთ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს ტერიტორიები გასხვისებულია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს და სამწუხაროდ, ჯერჯერობით მგონი არც არსებობს მექანიზმი ამ სტადიონების გადასარჩენად. ამიტომ, ალბათ დიდი ამბავი უნდა ავტეხოთ, რომ აღნიშნულმა ორგანოებმა რაიმე მექანიზმი მოიძიონ, რათა გადავარჩინოთ ეს სტადიონები.
შესაძლოა, მერია და საკრებულო მოელაპარაკონ იმ პირებს, ვინც იყიდა ეს ტერიტორიები და ალტერნატიული ფართი გამოუყოს. უნდა შეისწვალონ, რამდენად კანონიერად არის გასხვისებული ესა თუ ის სტადიონი ან მოედანი. ასევე შესაძლოა ამ ტერიტორიების გამოსყიდვა", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.