reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: გარეშე ფაქტორები, შეიძლება ჩვენს სასარგებლოდაც მოტრიალდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:07
ინტერვიუ
თამაზ მეჭიაური: გარეშე ფაქტორები, შეიძლება ჩვენს სასარგებლოდაც მოტრიალდეს
ავტორი:
07 დეკემბერი, 2015. 15:34


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური 2016 წლის ბიუჯეტზე, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ბატონო თამაზ, როგორ აფასებთ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რამდენად სწორად არის გათვლილი და გასწვდება თუ არა ყველა საჭირო ხარჯს?


- მთავრობამ პარლამენტში შემოიტანა ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც შემდეგ განვიხილეთ კომიტეტებზე. პარალელურად ჩვენმა კომიტეტმა ჩაატარა მოსმენები რეგიონების მიხედვით. შემდეგ კომიტეტებიდან და რეგიონებიდან წარმოდგენილი ყველა ეს წინადადება და შენიშვნა, განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავის დასკვნით სხდომაზე და დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარის მეშვეობით გადაეგზავნა მთავრობას. მთავრობას ჰქონდა თავისი ვადა, რომელშიც უნდა განეხილა შენიშვნები. მოგეხსენებათ, ბიუჯეტის მეორე ვარიანტში, რომელიც შემოვიდა პარლამენტში, ფაქტობრივად, ცვლილებები არ იყო. მაშინ ვამბობდით, რომ ბიუჯეტი იყო მეტისმეტად კონსერვატიული და ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ფინანსთა სამინისტრო საშემოსავლო ნაწილს. მათ თქვეს, რომ საჭირო იყო კონსულტაციები. ჩვენ ვუსაბუთებდით, თუ რატომ უნდა ყოფილიყო მეტი შემოსავლები. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ერთიანი შიდა პროდუქტი დაგეგმილზე მეტი იყო შედარებით და აქედან გამომდინარე, გაიზარდა საშემოსავლო ნაწილი და ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდა.


ამას დაემატა თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის გარკვეულ ნაწილზე აქციზის ფასის ზრდა და ყოველივე ამან გამოიწვია, რომ საშემოსავლო ნაწილი იზრდება 225 მილიონით. ჩვენ დავალაგეთ პრიორიტეტები. პირველი იყო პენსიების ზრდა. ყველა აყენებდა პენსიების ზრდის მიზანშეწონილობის საკითხს. ამიტომ, გაიზრდება პენსიები.


- იმ 450 მილიონზე რას იტყვით, რომელზეც აცხადებენ, რომ მაღალჩინოსნების ხელფასებზე გადანაწილდა?


- ვინ არიან ჩინოვნიკები? მოდით, დავალაგოთ ეს საკითხი. დაახლოებით 100 მილიონით გაეზარდა დაფინანსება თავდაცვას. სად მიდის ეს თანხები? ერთი მხრივ, გაიზარდა ხელფასები, მაგრამ არა მხოლოდ მეთაურების. მეორე მხრივ, საზღვარგარეთ ქართული კონტინგენტი გაიზარდა და მათი დაფინანსება ჩვენი ბიუჯეტიდან ხორციელდება.


ასევე, შსს-ზე რომ აპელირებენ. ნაწილობრივ გაიზარდა ხელფასები ამ სამი წლის მანძილზე. ასევე შსს-ს გადაეცა სამაშველო-სახანძრო სამსახურები, რომლებიც აქამდე ადგილობრივი თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყო. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებს ამ სამსახურების დაფინანსება უჭირდათ, მიმართეს თხოვნით პარლამენტსა და მთავრობას და ეს თხოვნა გავითვალისწინეთ. ამ სამსახურის დაფინანსებას სჭირდება 40 მილიონზე მეტი. ეს ჩინოვნიკების ჯიბეებში წასული ფულია?


კულტურის სამინისტროში სსიპ-ებისთვის ხელფასი გაიცემოდა სუბსიდიების სახით და დაფინანსება გადმოვიდა შრომის ანაზღაურებაში.


პედაგოგების ხელფასებიც გაიზარდა. ასე რომ, ეს განცხადებები აგებულია წმინდა პოპულისტურ მიდგომაზე.


- სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ხომ არ ქმნის ლარის დევალვაციის საფრთხეს? და ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ ლარის კურსთან მიმართებაში?


- არანაირი ინფლაციისა და დევალვაციის საფრთხე არ არის. რადგან არსებობს დაფინანსების წყარო. ასევე კონკრეტულად არის გათვლილი ხარჯვითი ნაწილი. თუ ქვეყანა არ დაიქცა და ჩვენს გარეთ არ მოხდა რამე, ჩვენი მხრიდან რაიმე საფრთხე არ არსებობს, რომელიც ლარის დევალვაციას ხელს შეუწყობს.


ბოლო ორი თვეა, ფაქტობრივად კურსი არ იცვლება და არის იმ ნიშნულზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სტაბილურობის განცდას იწვევს. გარეშე ფაქტორები არ გვაქვს კარგი. მოგეხსენებათ, ჩვენს გარემოცვაში ვრჩებით ყველაზე მშვიდობიან ქვეყანად, სადაც ნაკლებად ხდება რყევები. რთულია იმის პროგნოზირება, რა მოხდება ჩვენს გარშემო უახლოეს ხანებში. უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად განვითარდეს.


რა თქმა უნდა, გარეშე ფაქტორებს ვერ ავიცილებთ. თუმცა, შესაძლებელია, გარეშე ფაქტორები, რომლებიც არცთუ ისე სასიამოვნოა, ჩვენს სასარგებლოდ მოტრიალდეს. მაგალითად, ტურისტების ნაკადის შემცირება ერთი მიმართულებით, შესაძლოა, ჩვენი ნაკადის ზრდაზე აისახოს. ასევე შეიძლება მოხდეს ვაჭრობაშიც. უნდა დავიჭიროთ ბალანსი და ამ მიმართულებით სწორად, ჭკვიანურად ვიმუშაოთ.


- ანუ, შესაძლებელია, რომ საქართველოსთვის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გართულება მომგებიანი აღმოჩნდეს?


- სიხარული და აღტაცება სხვის დაპირისპირებაზე, არ მგონია, რომ კარგი ტონი იყოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ და ყველა კონკრეტულ სიტუაციაში უნდა ამოვიდეთ ეროვნული ინტერესიდან. თუ რეალურად არის შანსი, რომ ამ მოცემულობაში საქართველომ სარგებელი მიიღოს, თუნდაც ეკონომიკური, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი, ვერ ვიგებ. თავისთავად ცხადია, თუ რუსეთში ხილის, ბოსტნეულის შეტანა და ა.შ. ემბარგოდან გამომდინარე შემცირდება, დამატებითი სეგმენტი გაჩნდება. ტურიზმიც ასევეა. რატომ უნდა ვთქვათ უარი ტურისტების შემოსვლაზე ჩვენს ქვეყანაში და სარგებლის მიღებაზე?! თუ ჭკვიანურად დაალაგებ, შეიძლება პირიქით, შემოიტანოს ვალუტა და გაამყაროს. ტურისტების ნაკადზეცაა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ესეცაა. მათ შემოაქვთ ეს ვალუტა. გზავნილები შეიძლება შემცირდეს, რადგან შესაძლოა, თურქეთში ან რუსეთში ეკონომიკა დაეცეს. მაგრამ შეიძლება ვალუტა ტურისტებმა შემოიტანონ. არ ვამბობ, რომ უნდა ვუჩხიკინოთ, რაც შეიძლება მეტად იჩხუბონ ერთმანეთში, მაგრამ ეს მოცემულობა არის და ამ მოცემულობაში გავაკეთოთ, რაც ჩვენთვის უკეთესია, წყნარად და მშვიდად.


ვიცხოვროთ ილუზიების გარეშე, პრაგმატულად. რა თქმა უნდა, ჩვენს პერსპექტივაზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ყოველდღიურობა და ახლო მომავალიც არ უნდა დაგვავიწყდეს.


- საარჩევნო წელი იწყება, „ქართული ოცნების" სიაში გიხილავთ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატად? გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებით. და ასევე, ფლობთ თუ არა ინფორმაციას, ვინ შეიძლება იყოს სიის პირველ ათეულში?


- მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებზე. არ ვარ ამ პროცესში ჩართული. არ ვფლობ ინფორმაციას, მითუმტეს, ამ სიის ათეულის შედგენაში არ ვმონაწილეობ.


რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მე მაჟორიტარად ვიყრი კენჭს, საერთოდ, ბუნებით მაჟორიტარი ვარ, იმიტომ, რომ ადრე სულ მაჟორიტარად ვმონაწილეობდი ხოლმე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურ შეუსაბამობაშია. თეთრწყაროში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ღამეც არ გამითენებია. შემოგდებული ვარიანტია, არ მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს რეალობასთან, მითუმეტეს, ამ „სიაში" სხვებიც ძალიან შეუსაბამოდ არიან გადანაწილებულები. თითქმის არც ერთი არ არის თანხვედრაში თავის რაიონთან. არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვიდეს და ისეთი კანდიდატები დააყენოს, რომლებიც წინასწარ იქნებიან წასაგებად განწირულები. ყველა იქ უნდა დააყენონ, სადაც მეტი შანსი აქვთ.


შეიძლება სია რაღაც მონახაზი ვინმესთან არსებობს. დასამალი არაა, ბოლო შეხვედრაზე ითქვა, რომ თითოეულთან ინდივიდუალურად მოხდება საკითხის გავლა და დეკემბრის ბოლომდე ან უკიდურეს ვარიანტში პირველ მარტამდე შეჯერება, თუ ვინ შეიძლება გამოვიყენოთ პარლამენტში, ვინ - მთავრობაში და ვინ - სხვადასხვა სფეროში. ეს საკითხი ჯერ ჩემთან არ გაუვლიათ.


- ტერორიზმის საფრთხეებზეც გკითხავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. რა საფრთხეები არსებობს საქართველოს წინაშე ამ მიმართულებით და რამდენად ართმევს თავს ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს?


- საფრთხეები რომ არსებობს, ფაქტია. თუმცა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები უხმაუროდ, ყოველგვარი პიარის გარეშე აკეთებენ თავის საქმეს. ასე უკეთესია. უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი მხარის გაღიზიანებას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016