reportiori.ge - მხოლოდ სიყვარულის პოლიტიკას ცნობდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:09
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მხოლოდ სიყვარულის პოლიტიკას ცნობდა...
ავტორი:
09 დეკემბერი, 2015. 11:04



საქართველოსთვის დავით ყიფიანი მისი სახე იყო


დათო ყიფიანზე რამის დაწერა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ვფიქრობდი. ჩვენ ერთ თაობას ვეკუთვნოდით, ხშირად ვხვდებოდით უნივერსიტეტის შიდა ეზოში (I და II კორპუსებს შორის მაშინ კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები იყო), სადაც სამი-სამზე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, მერე იყო „დინამოდან" წამოსვლა და თბილისის „ლოკომოტივი", შესვენებაზე ტრიბუნაზე ამოდიოდა და ჩუმად სიგარეტს ეწეოდა (ახლა შეიძლება ამის თქმა), 1971 წლიდან კი დაიწყო მისი, როგორც ფეხბურთელის, სერიოზული კარიერა.


ქართულ ფეხბურთში იყვნენ ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, რომლებიც ხალხის უზომო სიყვარულით სარგებლობდნენ, მაგრამ გამოჩნდა ყიფიანი და გულშემატკივართა გულები უმალ დაიპყრო. 50 წელია ფეხბურთს ვუყურებ, მინახავს უამრავი დიდი მოთამაშე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დათო არც ერთი მათგანის გვერდით არ დაიკარგებოდა; ფეხბურთის ისეთი ლეგენდა, როგორიც ეუსებიო იყო, თავის სკოლაში ბავშვებს დავით ყიფიანის მაგალითზე ზრდიდა, მისი ოსტატობით მოხიბლული სერ ბობი ჩარლტონი თამაშის შედეგ ბრძანებს: „ქართული გვარების დამახსოვრება ძნელია, მაგრამ ყიფიანის დავიწყება შეუძლებელია". ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი ერთ-ერთ მოგონებაში ასე ახასიათებს დავით ყიფიანს: „ყიფიანი არაფრით ჩამორჩება ზიკოსა და მარადონას, სოკრატესი ხომ ახლოსაც ვერ მივა მასთან, იმ დროის პლატინი კი ალბათ თვალებგაბრწყინებული შეხედავდა. ასეთი კაცი ბესკოვმა და ლობანოვსკიმ ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს, ბურიაკი და გავრილოვი ამჯობინეს. რა თქმა უნდა, ორივე კარგი მოთამაშეა, მაგრამ ყიფიანთან შედარებით, ესენი, უბრალოდ, აკორდეონისტები არიან".


დათო არ იყო უბრალოდ დიდი ფეხბურთელი, ის დიდი პიროვნებაც გახლდათ, მასთან თამამად შეგეძლოთ გესაუბრათ, მაგალითად, ფილოსოფიაზე, გეკამათათ სენეკასა და სპინოზას შეხედულებებზე, გაგერჩიათ ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს მხატვრობა და ამ საუბარში უეცრად მოისმენდით მიქელანჯელოს რომელიმე ლექსის ინგლისურ თარგმანს, დილამდე იკამათებდა ევრიპიდესა და ესქილეს ტრაგედიებზე, შეეძლო ესაუბრა პოლიტიკაზე, მაგრამ ეს თემა არ უყვარდა და ამბობდა: „მხოლოდ ერთ პოლიტიკას ვცნობ, რაც სიყვარულით იწყება და სიყვარულითვე მთავრდება". თითქმის 50 წელი იცხოვრა ამ გრძნობით და  ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგაც მისი დიდი სიყვარული დარჩა. დათოს გარდაცვალებას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გამოეხმაურა და თბილისში სამძიმრის წერილი გამოგზავნა:


 „ახლახან შევიტყვეთ ტრაგიკული ავარიის შესახებ, რომელმაც ქართული ფეხბურთის გიგანტი დავით ყიფიანი იმსხვერპლა; მთელი საფეხურთო ოჯახი დამწუხრებულია. საფეხბურთო გლობუსზე თბილისის „დინამოს" ღირსეული ადგილის მოპოვება მისი უდიდესი დამსახურებაა... გავა წლები, საქართველოში ბევრი რამ დავიწყებას მიეცემა და წარსულს ჩაბარდება, მაგრამ მის სახელს არასდროს დაივიწყებენ. დასრულდა ეპოქა, რომელსაც საქართველოში ყიფიანის ეპოქას უწოდებდნენ და არა მარტო ფეხბურთში. საქართველოსთვის დავით ყიფიანი მისი სახე იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ან ოლიმპზე უნდა მდგარიყო, ან ჩრდილში, რომ არავის შეემჩნია, საშუალო მისთვის არ არსებობდა. მაღალი და ტანადი ისე თამაშობდა, რომ საფეხბურთო მოედანზეც ჩანდა მისი კეთილშობილური იერი - თავის საბატონოში მდგარ თავადს ჰგავდა..."


მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შემავალ დათოს, ნაკრების მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა ერთხელ უთხრა: მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ შემთხვევაში წაგიყვან, თუ გავრილოვივით (მოსკოვის „სპარტაკის" ფეხბურთელი) თამაშს შეძლებ". დათოს ეწყინა და უპასუხა: სამწუხაროდ, მაგას ვერასდროს მოვახერხებო. მართალიც იყო, ამ დონეზე დაშვება მისთვის წარმოუდგენელი გახლდათ და ამიტომ დაასრულა კიდეც კარიერა იქ, საფეხბურთო ოლიმპზე მდგარმა...

 

 

 

თბილისის „დინამოს“ 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის წამყვანი ფეხბურთელები (მარცხნიდან): რევაზ ჩელებაძე, დავით ყიფიანი და ფირუზ კანთელაძე

 

 



 

წყარო: sputnik-georgia.com, თამაზ ჩიქვანაია




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016