reportiori.ge - კობა კობალაძე: ბოტანიკური ბაღი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:05
ინტერვიუ
კობა კობალაძე: ბოტანიკური ბაღი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება
ავტორი:
11 დეკემბერი, 2015. 14:20

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე დედაქალაქში დარგული ხეების რაოდენობაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ თბილისში დავით ნარმანიას მერობის პერიოდში 480 000 ნერგი დაირგა. ამის შესახებ კობალაძემ „რეპორტიორს" განუცხადა და აქვე განმარტა, რომ მერია მხოლოდ ხეების დარგვით არ არის დაკავებული და შესაბამისი სამსახურები ნერგების ზრდისა და მოვლის პროცესს მონიტორინგს უწევენ.


თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე „რეპორტიორთან" დედაქალაქში არსებულ ვითარებას აფასებს:


- დარგულია ნახევარ მილიონამდე ხე, 480 000 ნარგავი. ვიზუალურად შეიძლება ეს უცებ არ ჩანდეს ისე, როგორც არის. ნარგავი არ ირგვება მრავალწლიანი, ირგვება პატარა ნერგი, რომელიც შემდეგ უნდა განვითარდეს და გაიხაროს. ბევრმა გააჟღერა აზრი, რომ ხეები დარგულია, მაგრამ მათგან მხოლოდ 5-10 %-მა გაიხარა. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ქალაქის მერია არამარტო რგავს ნერგებს, არამედ შემდეგ ახორციელებს მონიტორინგს, რომ ამ ხემ გაიხაროს.


თუ ვისაუბრებთ დროზე, ეს არ არის ერთი კვირისა და ერთი თვის პროცესი. ლოკალურად უბნების მიხედვით ტარდება ხეების დარგვა. ეს ყველაფერი გაწერილია არა ერთ წელზე, არამედ იმ პერიოდზე, რომელი პერიოდითაც გამოეცხადა ნდობა მერიას.


დედაქალაქის განვითარების გეგმა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებით ხორციელდებაა და მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია თბილისის გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონების გაზრდისა და ნარგავების პოპულარიზაციის თემა.


- დედაქალაქის მოსახლეობა ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემად გზებზე არსებულ ვითარებას ასახელებს. რატომ ვერ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება ამ დრომდე და რა სამუშაოები მიმდინარეობს ვითარების გამოსასწორებლად?


- ვერ ვიტყვით, რომ პრობლემა ვერ გვარდება. პროცესები განვითარებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით წინ მიიწევს. მიწევს ვისაუბრო მემკვიდრეობაზე, როდესაც ყველაფერი ორიენტირებული იყო დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე. ჩვენი დედაქალაქი საკმაოდ მოცულობითია, ბევრია შემოერთებული რაიონები. ბევრია ისეთი ადგილმდებარეობა, სადაც ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული. აქედან გამომდინარე, მხოლოდ გზის საფარზე არ უნდა ვისაუბროთ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. წყალსაკანალიზაციო სისტემის უზრუნველყოფაა საჭირო და ამის შემდეგ უკვე გზის საფარის მიხედვა.


ეს პროცესიც დროში გაიწელა, რადგან გარკვეული კომპანიები იღებდნენ პასუხისმგებლობებს და შემდეგ ამას ვერ ასრულებდნენ. მაგრამ, აქაც ოპერატიულად მოხდა ჩართვა, საკითხის გარკვევა და პრობლემის აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც მუშაობის და ქმედების პროცესი არ მიდის, განხილვა და ოპონირებაც არ ხდება. როდესაც მუშა პროცესია, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ, ყველაფერზე მეტყველი ძირითადად არის საბოლოო შედეგი.


- ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე აცხადებს, რომ ბაღი განადგურების საფრთხის ქვეშ დგას. მისი ტურისტულ ზონად გადაქცევა ტერიტორიაზე არსებულ იშვიათ მცენარეებს საფრთხეს შეუქმნის. რას ფიქრობთ, რეალურად რა საფრთხეს მოუტანს ბოტანიკურ ბაღს მისი ტურისტულ ზონად გადაქცევა?


- ქალაქის განვითარების გეგმა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილზე დამოკიდებული. ქალაქის განვითარების გეგმა და სარეკრეაციო ზონების ზრდა, რა თქმა უნდა, თბილისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოტანიკური ბაღის დატვირთვა, ისევე როგორც სხვა კულტურულ-დასასვენებელი პარკების არსებობა ქალაქის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია. მერიის კონკრეტული სამსახურების ხელძღვანელებმა დააფიქსირეს, რომ თბილისის ბოტანკურ ბაღში დიდი მშენებლობები არ იგეგმება. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი ტურისტული და დასასვენებელი პარკის ფუნქციის მინიჭებაზე. ბოტანიკური ბაღი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. აქედან გამომდინარე, საფუძველი არ გვაქვს ვისაუბროთ, რომ იქ საუკუნის მშენებლობები განხორციელდება. არ არის საუბარი, რომ მთელი მონაკვეთი გადავიდეს სამშენებლო ზონაში. ბოტანიკური ბაღი გახდება სარეკრეაციო და დასასვენებელი ზონა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ოაზისი იქნება.  


- როგორ აფასებთ შსს-ს ინიციატივას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ? ფიქრობთ თუ არა, რომ აღნიშნული რეგულაცია შეამცირებს საავარიო რისკებს და ხელს შეუწყობს გზების განტვირთვას?


- ჩემთვის ეს ინიციატივა გარკვეულწილად მისაღებია. მითუმეტეს, რომ რეგულაციები არ ვრცელდება უკვე დარეგისტრირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. რაღაც შეზღუდვები და რეგულაციები ამ კუთხით დასაწესებელი იყო. რადგან, როდესაც პროცესი მიმდინარეობს უკონტროლოდ, ყოველთვის ქმნის გარკვეულ პრობლემებს. რა თქმა უნდა, განტვირთვა მოხდება, მაგრამ ეს რეგულაციები მხოლოდ ქალაქის სატრანსპორტო საშუალებებით განტვირთვას არ ისახავს მიზნად.


რაც შეეხება მართვის მოწმობაზე ქულათა რაოდენობის დაწესებას, ესეც მისაღებია. გარკვეულად იზრდება პასუხისმგებლობის დონე და მძღოლები უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ.


ეს რეგულაციები არ არის შემოღებული სპონტანურად. ამას წინ უძღვოდა გარკვეული დაკვირვება და ანალიზი. რეგულაციები მიმართულია როგორც ქალაქის განტვირთვისკენ, ისე კანონის გაძლიერებისკენ.


- როგორ აფასებთ თბილისის მერიის ბოლო 1 წლის საქმიანობას?


- ქალაქის განვითარება არ არის მხოლოდ ერთი პოზიციიდან შესაფასებელი. პირველ რიგში შეგვიძლია ავიღოთ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება, მას სჭირდება თავისი კონკრეტული ყოველდღიური ნორმების შესრულება. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ქალაქგეგმარების სტრატეგიას, რომლითაც უნდა განვითარდეს ქალაქი და ითვალისწინებს ისეთ ამბიციურ გეგმებს, რომლებიც უფრო ხიბლიანს გახდის, მაგალითად, ინვესტორებისთვის ჩვენს ქალაქს. ასევე დაწესდება ქაოტურ მშენებლობებზე ცენზი. სარეკრეაციო სამუშაოები მარტო გასულ წელს 2 400 000 კვ/მ-ზე ჩატარდა. ქალაქის განვითარების გეგმა როგორც მიმდინარე, ასევე სტრატეგიაში, არის ორიენტირებული სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

 

- როგორი მერია დავით ნარმანია და აქვს თუ არა მას შანსი, მომავალ არჩევნებზე დედაქალაქის მოსახლეობის ნდობა კვლავ მოიპოვოს?


- ნარმანიას აქვს მინიჭებული არეალი, სადაც სრულად შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. ჰყავს გუნდი, რომელსაც მისგან გამოცხადებული აქვს ნდობა და რომელთან ერთადაც პასუხისმგებელია ქალაქის კეთილმოწყობაზე. მეორე ვადით არჩევა მივანდოთ ქალაქის მოსახლეობას. თუ ქალაქის მოსახლეობა  განსაზღვრავს, რომ ნარმანია არის მერი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, კვლავ ნდობის მანდატი მოიპოვოს, ხალხი ამ მანდატს მიანიჭებს. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016