reportiori.ge - ოთარ გამყრელიძე: დახვრეტა რომ არ გაუქმებულიყო, სააკაშვილს არ ასცდებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:07
ინტერვიუ
ოთარ გამყრელიძე: დახვრეტა რომ არ გაუქმებულიყო, სააკაშვილს არ ასცდებოდა!
15 ნოემბერი, 2013. 18:37

„სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ამოატივტივო, სად წავა იცით? კიდევ კარგი დახვრეტა გავაუქმეთ, თორემ არ ასცდებოდა. ახალი პრეზიდენტის არჩევას ელოდებიან, ამის შემდეგ უკვე მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. შემთხვევითი არ არის, პირველი რომ გაიქცა ადეიშვილი, მერაბიშვილიც აპირებდა რაღაცას, მაგრამ არ გამოუვიდა", - ამ თემაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა. როგორი სამართლებრივი სისტემის  დამკვიდრებას ცდილობდა სააკაშვილი საქართველოში და საით მიჰყავდა ქვეყანა - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


- ბატონო ოთარ, იქნებ შეაფასოთ ის სამართლებრივი სისტემა, რომელიც „ნაციონალური" ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა?

- საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომელიც ჯერ კიდევ ცნობილია მე-19 საუკუნის დასავლეთ ევროპიდან, ეს იდეა საქართველოში იმავე საუკუნეში შემოვიდა ილია ჭავჭავაძის მიერ. დიდი ილია ზოგად ფორმულას იძლევა - იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი და შენი სწორად არ არის გაყოფილი, სადაც სამართალი არ მოქმედებს, ის ქვეყანა ვერ განვითარდებაო. ქვეყნის შენება უნდა დაიწყოს სამართლით. სამართლებრივი ცხოვრება უნდა მოაგვარო და ეს მერე პარალელურად ყველაფერს აგვარებს. ჩვენ მივდიოდით ამ გზით, მაგრამ მოვიდა სააკაშვილი თავისი ხალხით და ყველაფერი დაანგრია.


- უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ...

- მაგალითად, 2005 წელს დაიწყო მოსამართლეთა წინააღმდეგ ბრძოლა. სანამ ეს ბრძოლა დაიწყებოდა, ლადო ჭანტურია იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოვიდა თუ არა სააკაშვილი, ჭანტურია გადადგა. ოფიციალური გადადგომის ცერემონიალი უზენაეს სასამართლოში გაიმართა, მე ვესწრებოდი. ჭანტურიამ იქ ასეთი სიტყვები თქვა: დავიღალე, აღარ შემიძლია ამდენი დუმილი და უნდა წავიდეო. ამ სიტყვებით  უკვე ნათქვამია ყველაფერი, რომ ეს გადადგომა ზეწოლით მოხდა. შეიძლება სასამართლოზე ზემოქმედება? რუსული წყაროებიდან ვიცი, 1875 წელს, საფრანგეთში იხილებოდა ძალიან გახმაურებული საქმე. მთელი საფრანგეთის საზოგადოება სულგანაბული იყო, სასამართლოს ხელი არ შევუშალოთ, სამართლიანი განაჩენი გამოიტანოსო.  ნახეთ, ჩვენი პრესა და ტელევიზია რა ამბავს ტეხავს, სანამ განაჩენი გამოვა. ეს არ შეიძლება და იმას ნიშნავს, რომ ჩამორჩენილები ვართ. 1875 წლის მერე საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენ ეს დღესაც ვერ შეგვიგნია. ასე რა სახელმწიფო უნდა ავაშენოთ?


- რატომ არ აწყობდა სააკაშვილს ჭანტურია?

- იმიტომ, რომ ჭანტურია სამართლებრივ სამართალზე მსჯელობდა და სააკაშვილი თავის სისულელეებს სამართლით ვერ მიაღწევდა. ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, 2004 წელს წავიდა უზენაესი სასამართლოდან ჭანტურია, 2005 წელს კი დაიწყო პრინციპული და კანონმორჩილი მოსამართლეების დევნა. უზენაეს სასამართლოში იყო სადისციპლინო პალატა, რომელმაც ასეთი მოსამართლეები შეარჩია და მათ წინააღმდეგ დისციპლინური წესით დაიწყო დევნა. მე ამ საქმის შუაგულში ვიდექი, იმ მოსამართლეებიდან, ნაწილი ჩემი მოწაფეები იყვნენ და მათ ინტერესებს ვიცავდი. ედავებოდნენ, თითქოს სასამართლოში იყო კორუფცია, თუმცა ისე გაათავისუფლეს არცერთი კორუფციული სააქმე არ გამოუვლენიათ. ზოგიერთს პენსია შესთავაზეს 3000 ლარი, ოღონდ სასამართლოდან წასულიყო. ვინც არ დაეთანხმა, დისციპლინური წესით  გაათავისუფლეს. რამდენიმე მოსამართლემ პირდაპირ განაცხადა, დამიძახა კუბლაშვილმა რაღაც დოკუმენტებზე ხელს ძალით მაწერინებდაო, მაგრამ არ მოაწერეს. ერთი სიტყვით, ეს მოსამართლეები მოიცილეს, შემდეგ კი იქ თავიანთი მორჩილები შეიყვანეს. მაშინვე დავსვი კითხვა - კორუფცია ქვემოდან არის თუ ზემოდან მეთქი?

უზენაეს სასამართლოში არის სისხლის სამართლის განყოფილება, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს. იქ პროფესორები ვმუშაობთ და გრანტით ვამუშავებთ სამეცნიერო ნაშრომებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, სასამართლოებიდან ვითხოვდით კონკრეტულ საქმეებს და ვამუშავებდით. 2008 წლის შემდეგ, აღარ მიგვიშვეს მასალებთან. უზენაეს სასამართლოში არის დიდი 9-კაციანი პალატა. იმაზე ზემოთ, საქართველოში სამართალი არ არის. 2008 წელს ბრალდება წარვუდგინე დიდ პალატას, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ ეს 9 მოსამართლე.


- რას ედავებოდით?

- სისხლის სამართლის კოდექსში იყო ასეთი მუხლი - ავტომანქანის გატაცება დროებითი გამოყენების მიზნით. ჩვეულებრივი ამბავია, შეიძლება ბიჭი ჩახტა ვიღაცის მანქანაში და ისეირნა, მაგრამ მერე უკან დააბრუნა. თუ არის მითვისება, მაშინ არის ქურდობა, ან ძარცვა და დიდი განსხვავებაა ამ მუხლებს შორის. 2007 წლის 23 მაისის კანონით ეს მუხლი გააუქმეს. ჩემამდე მოვიდა არალეგალური მასალა, რომ ქურდობით დაეკვალიფიცირებინათ. შემდეგ ეს ამბავი აიღო დიდმა პალატამ და თქვა, ქურდობააო. სამართლებრივად ეს იმდენად ელემენტალურია, იგივეა რომ მიხვიდეთ სოფელში გლეხთან და უთხრათ - თქვენი თოხი ვიღაც კაცმა წაიღო, თოხნა, თოხნა, მოგიტანათ და დაგიდოთ აქ, ეს ქურდობაა თუ არაო. გლეხი იტყვის, არაო. ქურდს მიაქვს და აღარ გიბრუნებს, დროებითი გამოყენების მიზნით რომ წაიღებს კაცი და ეს ქურდობით დაკვალიფიცირდება, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა აღიძრას მოსამართლის მიმართ. ასეთი შემთხვევების დროს, კოდექსში გვქონდა 336-ე მუხლი - მოსამართლის პასუხისმგებლობა, რომელიც 2007 წელს ამოიღეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კანონმორჩილი მოსამართლეები როცა გადენეს, მოიყვანეს თავიანთი მხარდამჭერები, ეს მუხლი ამოიღეს და უთხრეს, პასუხისმგებლობის ნუ გეშინიათო.


- რაში აწყობდათ ამის გაკეთება, კვალიფიკაციის შეცვლა რას მოუტანდათ?

- ადრე პრესაში დაიბეჭდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან ინტერვიუ, რომელიც ასეთ რამეს წერს - უნდა შემოვიღოთ გაიდლაინებიო. მაგალითად, თელავში მოიპარესო მანქანა, მიუსაჯესო 5 წელი, თბილისში მოიპარესო, მიუსაჯეს 3 წელი, ეს სამართლიანიაო? იქ სხვას უსჯიან, აქ სხვასო. კანონით უნდა დაწესდეს და მოსამართლეს  მითითება მიეცეს, რა უნდა მიუსაჯოს ასეთ ქმედებაზეო. ამას ყურადღება მივაქციე და ძალიან შორს წავედი. მსოფლიოში სამართლის სამი სისტემაა, რომელსაც თავისი მიმართულებები აქვს. პირველი - ანგლო-საქსური, რომელიც მოქმედებს ინგლისში, ამერიკაში და ანგლო-საქსურ ქვეყნებში; მეორე - რომანულ-გერმანული სისტემა და მესამე - მუსულმანური.

ორიოდე სიტყვით გეტყვით რას ნიშნავს ანგლო-საქსური სისტემა. მოსამართლემ მიიღო საქმე და არჩევს, განაჩენის გამოტანის დროს ასეთივე საქმე რომ ჰქონდა წინა მოსამართლეს, იმას უნდა დაეთანხმოს და ისეთივე განაჩენი გამოვიტანოს. ამას იურისტები სამართლის წყაროს ვუძახით. ამ შემთხვევაში, სამართლის წყარო წინა სასამართლოს გადაწყვეტილებაა. რა ხდება რომანულ-გერმანულ სამართალში - ამ სისტემისთვის სამართლის წყარო არის კანონი. კანონში რაც წერია, მოსამართლემ იმის ფარგლებში უნდა იტრიალოს. მუსულმანურ სასამართლოზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის შუა საუკუნეები და ამ შემთხვევაში, არც გვაინტერესებს.  

საქართველოში სამართლის წყარო ისტორიულად ყოველთვის იყო რომანულ-გერმანული. „ნაციონალებს" შევატყვე, რომ ანგლო-საქსურ სამართალზე გადადიოდნენ. პოლიტიკაში ხომ ტარდება ამერიკული მიმართულება, ესეც უნდოდათ ჩუმჩუმად შემოეპარებინათ. რუსული სამართალი რომანულ-გერმანულია, სააკაშვილის პოლიტიკა ხომ ანტირუსულია და ამიტომ ცდილობდა ამის შემოგდებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, რა მოხდებოდა კაცმა არ იცის. სააკაშვილი ცდილობდა პრემიერი გამხდარიყო, პრეზიდენტიც თავისი რჩეული ეყოლებოდა. რომ არა პირველი ოქტომბერი, ამათი მოცილების შანსი არ იყო. ამასობაში მთელ საქართველოს ამერიკულ სისტემაზე გადაიყვანდა და ვერაფერს ვიზამდით. კანონმდებლობაში იმდენი სისულელეები ჩაწერეს, ყველას ჩამოვთვლა უბრალოდ, შეუძლებელია.


- თუ იცით,  კანონმდებლობის შეცვლაზე კონკრეტულად ვინ მუშაობდა?

- მეცნიერებს ვინ დაგვიძახებდა, თვითონ ჰყავდათ უცოდინარი გოგო-ბიჭები.  ის ამბავიც კი მოვიდა ჩემამდე, რომ სტუდენტებს დაუძახეს და ისინი ამუშავესო. გადავირიე რომ გავიგე, პროფესორები ისე იჯდნენ და სტუდენტები კანონებს თხზავდნენ. ეს რას ნიშნავს იცით? ეს ნიშნავს გონების წინააღმდეგ ბრძოლას და ამას აკეთებდნენ ბოლშევიკები.


- ბატონო ოთარ, დღევანდელ სამართლებრივ მდგომარეობაზეც მინდა გკითხოთ. საზოგადოება ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით...

- სახლი რომ დაანგრიო, ძალიან ადვილია, მაგრამ რომ ააშენო, ძალიან ძნელი. შეიძლება ამ მთავრობას  რაღაცეები ეშლებოდეს, „შეუმცდარი ამ ქვეყნად მეფეცა ნუ გვეგონებაო" - წერს დიდი პოეტი. 9 წელიწადი რაც ინგრეოდა, იმის აშენებას ნუ მოვითხოვთ ერთ წელიწადში. ბევრ რამეზე მეც უკმაყოფილო ვარ, მაგრამ პრესით არ ვამბობ, იმიტომ, რომ ნაჩქარევად მიმაჩნია. მთავარია, კრიტიკა იყოს ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლას და არა ისეთი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გააძლიერებს. ძალიან ძნელია, ყველას ვერ დაითხოვ სამსახურებიდან, საზღვარგარეთიდან ზეწოლაც არის. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის იქნება დიდ ქვეყანაზე ორიენტირებული. დღეს რომ რუსეთზე დადებითი თქვა, იმ წუთში „ნაციონალები" გამოიყენებენ, რუსეთუმეო დაგიძახებენ. იძულებული ხარ, რაღაც ცოტა შეანელო. სხვადასხვა პარტიებს შორის უნდა იყოს წინააღმდეგობა, მაგრამ ქვეყანას არ უნდა ვნებდეს. სააკაშვილი და მისი პარტია არა მარტო ჩვენ,  არამედ, ქვეყანას ვნებდა. მოტივაციას ვერ გეტყვით, რა იყო, მაგრამ პირველ ოქტომბერს სხვადასხვა პარტიები რომ გაერთიანდნენ,  ღმერთმა გვიშველა, თვითონ ფაქტი იყო კარგი. ამან დაამარცხა სააკაშვილი, ისე ჩვენ ვერ მოვერეოდით.


- რეჟიმის გასამართლებაზე რას იტყვით?

- მე პირადად, მომხრე ვარ, რომ რეჟიმი გასამართლდეს, მაგრამ მოვლენებს ჯანსაღად უნდა შევხედოთ. ფაშიზმი გაასამართლა მსოფლიომ, ბოლშევიზმს ვერ მოერივნენ, მაგრამ თვითონ დაიშალა. ამ პატარა საქართველოში რეჟიმის გასამართლება რომ დაიწყო, იმდენი დამხმარე აღმოუჩნდება „ნაციონალურ მოძრაობას" შინ და გარეთ, შეიძლება დამარცხდე. აქ არის ერთი მომენტი, რომელზედაც არ ფიქრობს ჩვენი საზოგადოება. 1917 წლის რევოლუცია რომ მოხდა, ხალხს მთელი ქონება ჩამოართვეს და სახელმწიფოს გადასცეს. ჩვენთან ქონება ბევრს აქვს მიტაცებული და ამ გაგებით ბევრი მომხრე ჰყავს სააკაშვილს. მას თავიდანვე ჰქონდა გათვლილი ეს ყველაფერი. ხალხს მიტაცებული ქონების დაკარგვა არ უნდა, ამიტომ  ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. რეჟიმის გასამართლება მორალურ გასამართლებას ნიშნავს და შეიძლება პარტია აკრძალო. დამნაშავე კი  ჩვეულებრივად, სისხლის სამართლის დანაშაულის წესით უნდა დაისაჯოს. საკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველაფერი რომ ამოატივტივო, საშინელება იქნება. კიდევ კარგი, დახვრეტა გავაუქმეთ, თორემ არ ასცდებოდა. აუცილებლად უნდა გასამართლდეს, საიდუმლო ცნობები არ მაქვს, მაგრამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვიცი, რომ როგორც ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამის შემდეგ უკვე დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ადეიშვილი პირველი რომ გაიქცა, შემთხვევითი არ არის. უდიდესი დამნაშავეა, მერაბიშვილიც აპირებდა რაღაცას, მაგრამ არ გამოუვიდა. დღეს საქართველოში გარდამავალი ეპოქაა, ძალიან კრიტიკულ ვითარებაში ვართ და ძალიან საპასუხისმგებლოა, რომ ჩვენი ქვეყანა შევინარჩუნოთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016