ადამიანური ისტორიები
არიან ადამიანები, ვისი გარეგნობა, თვისებები, შინაგანი ბუნება გიზიდავს და დადებითად განგაწყობს მათ მიმართ; მთელი ცხოვრების მანძილზე შენს მეგობრად, ახლობლად მიგაჩნია. ასეთია ჩემთვის ბატონი თენგიზ არჩვაძე, კაცი, რომლისგანაც ყოველთვის დადებითი აურა მოდის.
ბატონი თენგიზი, ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა, 1964 წელს, „მე ვხედავ მზეს" გადაღებებზე გავიცანი. ფილმს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იღებდა. ბრიგადირ დათიკოს როლი, ვისაც ამ ფილმში თენგიზ არჩვაძე ანსახიერებს, მგონი, ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟია იმ 100-მდე როლიდან, რაც მას სცენაზე და კინოში შეუსრულებია.
ხალხმა შეიყვარა მისი გმირები და თვითონ ბატონი თენგიზი. დიდბუნებოვნებიდან გამომდინარე, კინოსტუდიაში ყველას უყვარდა და უყვარს. ბატონ თენგიზს ხშირად ვხვდებოდი, ყოველთვის ვამაყობდი მასთან ურთიერთობით, დღესაც ვამაყობ, რომ ამ დიდებულ ადამიანს ვიცნობ და მის უმცროს მეგობრად ვთვლი თავს. ბატონ თენგიზს ფილმ „მე ვხედავ მზის" გადაღებებიდან 8-9 წლის შემდეგ დავუახლოვდი.
ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება ერთმა შემთხვევამ განაპირობა. ყოველ პარასკევს, ორშაბათ დილამდე, ჩემი ბავშვობის მეგობრის და ნათლულის ვახტანგ ნანიტაშვილის სიძე, შურიკო ჭელიძე (მაშინ კინოსტუდიაში მუშაობდა), თენგიზ არჩვაძე და ოპერატორი ნუგზარ ერქომაიშვილი ფშავის არაგვზე გადიოდნენ. დღეს ეს ადგილები ჟინვალის წყალსაცავს აქვს დაფარული. შაბათ-კვირას ბუნების წიაღში ატარებდნენ. თან კარავი, საჭმელ-სასმელი მიჰქონდათ და ქალაქის ხმაურისა და ყოველდღიური ჯაფისგან დაღლილები, იქ პოულობდნენ შვებას. ერთ შაბათ დღეს რადიოს მუსიკალური რედაქციის თანამშრომლები, ვახო ნანიტაშვილის ინიციატივით, ფშავის ხეობაში პიკნიკზე წავიდნენ, მეც მათთან ერთად ვიყავი. ვახოს იქ თავისი სიძის სამეგობრო ეგულებოდა. ჩვენი პურმარილით შევუერთდით ამ შესანიშნავ სამეულს და გვარიანი დრო გავატარეთ, თუმცა მთავარი მოვლენები კიდევ წინ გველოდა.
ფშავის არაგვი, წინა დღეების წვიმების გამო, მოდიდებული იყო. კოცონთან ვისხედით. ვსვამდით და ვჭამდით. უცებ თენგიზმა იყვირა, შეხედეთ, შეხედეთო! ადიდებულ არაგვს შველი მოჰქონდა. ნუგზარ ერქომაიშვილი და თენგიზი არც დაფიქრებულან, ისე შეცვივდნენ არაგვში. მდინარესთან კარგა ხნის ჭიდილის შემდეგ, შველი ნაპირზე გამოიყვანეს. დაჭრილი იყო. არ გასულა ოციოდე წუთი და ეგერებიც მოგვადგნენ. მათგან გავიგეთ, რომ შველი ვიღაცას დაეჭრა (იქნებ თვითონაც ესროლეს?!). ეგერებმა შველი გვერდზე გაიყვანეს. „აღარაფერი ეშველებაო!" და ყელი გამოჭრეს. ჩვენც გვიწილადეს. თენგიზს ხასიათი გაუფუჭდა, კოცონს მოსცილდა და მდინარის პირას განმარტოვდა, მდუმარედ იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. ვახოს ვთხოვე, ჩვენებისთვის დაერეკა, რომ არ შეშინებოდათ და ორშაბათ დილამდე მათთან დავრჩი. ის დღენახევარი, რაც ერთად ვიყავით, თენგიზს კრიჭა ჰქონდა შეკრული, მარტო სიგარეტს ეწეოდა. ამ ამბავმა უფრო მეტად დამაახლოვა ამ დიდებულ პიროვნებასთან. ბედნიერი ვარ, რომ, ჩემი ასაკის მიუხედავად, თავის ამქარში მიმიღო.
თაყვანისმცემელს და საძმაკაცოს რა გამოულევს ბატონ თენგიზს, სადაც კი ყოფილა, ყველგან სიკეთე დაუთესია, ყველგან პატივისცემას და სიყვარულს იხვეჭდა. დღესაც ასეა. მიზეზი ერთია - შინაგანი სისუფთავე, მოყვასისადმი უანგარო დამოკიდებულება, თავისი ხალხის და სამშობლოს დიდი სიყვარული, უღალატობა. ბატონი თენგიზი არა მარტო მსახიობი, ადამიანიც დამსახურებულად ატარებს სახალხოს წოდებას.
ბატონ თენგიზს მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი და ეს მცირე გახსენება ჩვენი ურთიერთობისა, მისი სიტყვებით მინდა დავამთავრო: „ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა... ყველაფერი ჩემშია. მე რომ წავალ ამქვეყნიდან, ისევ ჩემს სულში დარჩებიან მარადიულად. მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალითა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია".
ბატონი თენგიზის სამყარო წმინდა და თვითმყოფადია...
მადლობა, ბატონო თენგიზ, რომ არსებობთ, დიდხანს იცოცხლეთ!!!
წყარო: sputnik-georgia.com, ვახტანგ კობაიძე