ლიხაურის ტერიტორიულ ერთეულში საერთო საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მრავალბინიან საცხოვრებელში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. დაზიანებული სახურავის პრობლემა ადგილობრივებს დიდი ხანია აწუხებთ. როგორც ამბობენ, უამინდობის დროს სახლებში წყალი ჩასდიოდათ და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. დასრულებული სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების გადახურვას მუნიციპალიტეტში. ადგილობრივებს დაახლოებით ათწლიანი პრობლემა მოუგვარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. წლის ბლომდე 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურავას დავასრულებთ", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
საცხოვრებელი კორპუსები 11-12 ნოემბრის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით გადაიხურა. სამუშაოების ღირებულება 21 897 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 70-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სამშენებლო მასალებით დაეხმარება. ოაჯხები დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ. დასახმარებელი ოჯახები სპეციალურმა კომისიამ, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე, სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით განსაზღვრა. მოსახლეობას გადაეცემა: ფიცარი, ცემენტი, თუნუქის სახურავი, სამშენებლო ბლოკი, წყლის მილი და არმატურა.
სამშენებლო მასალებით დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 122 300 ლარი გამოიყო.