reportiori.ge - ზვიად ტომარაძე რიჩარდ ნორლანდს: სახელმწიფოს ბოდიში იმაზე აქვს მოსახდელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ვერ უზრუნველყო სეპარატიზმის აღკვეთა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:34
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე რიჩარდ ნორლანდს: სახელმწიფოს ბოდიში იმაზე აქვს მოსახდელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ვერ უზრუნველყო სეპარატიზმის აღკვეთა
16 ნოემბერი, 2013. 20:39

„ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი" აშშ-ს ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის უნივერსიტეტში გამოსვლას ეხმაურება და ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„ბ-ნო ნორლანდ!

გავეცანი თქვენს მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოთქმულ მოსაზრებებს, სადაც თქვენ საუბრობთ: რომ ქართველები ეპყრობოდნენ ეთნიკურ უმცირესობებს დაახლოებით ისე, როგორც რუსები ეპყრობოდნენ მანამდე თავად ქართველებს. აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ თავი ეგრძნოთ უმცირესობად საქართველოში. იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი  თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის".


ნება მიბოძეთ არ დაგეთანხმოთ და აი, რატომ. საბჭოთა წყობის პირობებში, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკას აფხაზეთს, ფაქტობრივად, ჰქონდა ყველაზე ფართო ავტონომია რუსეთის ფედერაციის და საბჭოთა კავშირის სხვა სუბიექტების შემადგენლობაში არსებულ ავტონომიებთან შედარებით და განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მკვეთრად უკეთესი პირობები, ხოლო აფხაზებს - მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ადამიანის უფლებების დარღვევამდე მისული პრივილეგიები. სწორედ ასეთი უფლების შედეგად საქმე იქამდე მივიდა, რომ ეთნიკური ქართველები, პრივილეგიების მიღების მიზნით ეწერებოდნენ აფხაზებად.


70-80-იან წლებში საბჭოთა ავტონომიურ რესპუბლიკებში, მკვიდრი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები  მოკლებულნი იყვნენ უფლებას, მიეღოთ სწავლა-განათლება საკუთარ ენაზე, ჩვენთან კი 73 აფხაზური სკოლა ფუნქციონირებდა. სოხუმში ფუნქციონირებდა აფხაზური უნივერსიტეტი, ტელევიზია, რომელიც მხოლოდ აფხაზურად გადმოსცემდა, აფხაზური დრამატული თეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, საცეკვაო ანსამბლები "შარატინი", "ერცახუ", სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, აფხაზური სახელმწიფო კაპელა, ვოკალურ-ინსტრუმენტული ქალთა კვარტეტი "გუნდა", უხუცესთა ცეკვისა და სიმღერის ეთნოგრაფიული ანსამბლი "ნართაა". ზემოთჩამოთვლილი კოლექტივების დიდი ნაწილი არაერთხელ არის ნამყოფი გასტროლებზე უცხოეთში, სადაც მაყურებელს აფხაზურ ეროვნულ კულტურას აცნობდა.


ნაყოფიერად მუშაობდნენ სხვადასხვა კავშირები - მწერალთა, კომპოზიტორთა, მხატვართა, არქიტექტორთა, საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრალური საზოგადოება. აფხაზურ ენაზე გამოიცემოდა მხატვრული, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ლიტერატურა,  გამოდიოდა ჟურნალები და გაზეთები.


ბოლო მოწვევის სსრკ უმაღლეს საბჭოში საქართველოდან რვა იყო აფხაზი, საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან ყოველთვის აირჩეოდა 40 ადამიანი, მათ შორის 15 აფხაზი. ავტონომიური რესპუბლიკის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოში 140 დეპუტატი იყო. მათ შორის აფხაზი - 57 (40,7%), ქართველი - 53 (37,9%), რუსები, სომხები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები - 30 (21,4%).  13-დან 8 მინისტრი და 8-დან 5 სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ აგრეთვე აფხაზი იყო, ხუთ საქალაქო პროკურატურას ხელმძღვანელობდნენ მკვიდრი ეროვნებების წარმომადგენლები. თუ იმ აფხაზთა ხვედრითი წონა, რომელიც დაკავებული იყო საზოგადოებრივ წარმოებაში, შეადგენდა 17,8%, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო".  ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც 1989 წლის უკანასკნელი საბჭოური აღწერით აფხაზეთში ცხოვრობდა 239,900 ქართველი, 93,300 აფხაზი, 74,900 რუსი და 76,500 სომეხი.


რაც შეეხება ოსებს, სამაჩაბლოში, ამ ძირძველ ქართულ მიწაზე მუდამ მეგობრულად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები. ქართველები  ასევე პატივს სცემდნენ ოსებს, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მათი კულტურის და ხელოვნების შენარჩუნებისა და წარმოჩენის საქმეში, ისევე როგორც აფხაზების შემთხვევაში. ოსურ ჯანმრთელობის დაცვის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მთლიანად საქართველოს რესპუბლიკაში. კერძოდ, 1988 წლის მონაცემების მიხედვით, „სამხრეთ ოსეთში" საშუალოდ 134,3 საავადმყოფო საწოლები მოდიოდა ყოველ 10 000 კაცზე, მთლიანად საქართველოში - 110,6.  საშუალო სამედიცინო პერსონალი ოლქში- 143,4, საქართველოში -124,9. ექიმები ოლქში- 67,4,  საქართველოში -58. მუდმივი სკოლამდელი დაწესებულებებით ბავშვთა უზრუნველყოფის დონეც უკეთესი იყო ოლქში (53%) ვიდრე საშუალოდ საქართველოში (46%).


მოსახლეობის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა ერთ მცხოვრებზე (საერთო ფართობი, კვ.მ) სამრეთ ოსეთის ოლქი - 21.3, საქართველო -18.8.


ბიბლიოთეკების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე, ოლქი-16, საქართველო-8.


საკლუბო დაწესებულებების რიცხვი მოსახლეობის 10000 კაცზე, ოლქი-11, საქართველო-5. რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰყავდა პირად საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილებიც. მაგალითად, ოლქის მოსახლეობის ყოველი ათასი კაციდან 59 კაცს ჰყავდა მსუბუქი ავტომობილი, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში - 53 კაცს.


მოტანილი ოფიციალური მონაცემები სრულ უფლებას გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და საერთოდ საქართველოში მცხოვრებ ოსებს  ათეული წლების განმავლობაში ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ შექმნილი თავიანთი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკებისა თუ რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნის მოსახლეობას.

 

მოწინავე ქართველი საზოგადოება ყოველთვის ზრუნავდა ოსური კულტურის განვითარებისათვის; ისტორიული ფაქტია, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ერეკლე მეფის დროს საგანგებო კომისიამ ოსებს შეუქმნა პირველად დამწერლობა, მოგვიანებით კი ქართული დამწერლობის გრაფიკა დაედო საფუძვლად ოსურ დამწერლობას.


ქართველი ხალხი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ასევე ყოველთვის ზრუნავდა ოსური ენისა და ლიტერატურის განვითარებისათვის, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლა განათლების მიღებისათვის.


ისმის კითხვა, თუ ასეთი პირობები ჰქონდათ ოსებსა და აფხაზებს, მაშ რამ განაპირობა კონფლიქტი ამ რეგიონებში? ორივე რეგიონში სეპარატიზმი წახალისებული იყო რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებით. რაც საბოლოო ჯამში 2008 წელს დაგვირგვინდა ამ ტერიტორიების ოკუპაციითა და მათი დამოუკიდებლობის აღიარებით.


და ბოლოს, რაც შეეხება ბოდიშის მოხდას. საქართველოს სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რადგან მან ვერ უზრუნველყო სეპარატიზმის აღკვეთა, ქვეყნის ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება. 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების შედეგად, უამრავი ჩვენი მოქალაქე დაიღუპა და ასეულ ათასობით მათგანი დევნილად და/ან ლტოლვილად იქცა. ეს უზარმაზარი ტრაგედია იყო და ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ.


დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ არასრული ინფორმაციით არის გამოწვეული, ამ წერილის მოკრძალებული მიზანიც სწორედ ისაა, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების სრული სურათი წარმოადგინოს, რაც კონფლიქტის ჭეშმარიტ მიზეზებს უკვე ნათლად წარმოაჩენს. 


პატივისცემით, ზვიად ტომარაძე  „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი", - ნათქვამია წერილში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016