reportiori.ge - ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ელისაშვილსა და ქორიძეს სირცუეში სდებს ბრალს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:46
ინტერვიუ
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ელისაშვილსა და ქორიძეს სირცუეში სდებს ბრალს!
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 14:20


ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებებს, რომელიც პატიმრების მხრიდან ქრთამის შეთავაზებას უკავშირდება, სიცრუედ აფასებს. როგორც ნიკოლაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ელისაშვილი და ქორიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს ცრუ ბრალდებებს უყენებენ. ნიკოლაძე მსჯავრდებულების მხრიდან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეებისთვის ქრთამის შეთავაზებას გამორიცხავს და განმარტავს, რომ არანაირი 2 მილიონის ოდენობის თანხა მსჯავრდებულების სახელს არ უკავშირდება:


- შეწყალების კომისიის ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარეებმა თავიანთი სიცრუით გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები და მათ სამუდამოდ მოუსპეს შეწყალების ან რაიმე სახის შედეგის მიღების პერსპექტივა. მათ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე არანაირი შედეგი არ არის. ეს გახლავთ მსჯავრდებულების ცემა-წამების, მათი კუთვნილი ქონების დაუფლების,  ზეწოლის ფაქტები და ა.შ.


ყველამ მოისმინეთ ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებები. სიმართლე გითხრათ, საერთოდ წარმოდგენა არ გვქონდა, რა საქმეზე საუბრობდნენ ისინი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდნენ გამომძიებლები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული განცხადებები ეხებოდა ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულებს. ბუნებრივია, ჩვენ მსჯავრდებულებთან საუბრის შემდეგ გარკვეული დასკვნები გავაკეთეთ.


მსჯავრდებულების განცხადებით, ბატონი ზვიად ქორიძე გახლავთ ცრუპენტელა, რომელმაც მისცა ცრუ ჩვენება გამოძიებას. გამოძიების მიერ მსჯავრდებულების მიმართ დასმული კითხვებით, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ბატონი ქორიძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ასახელებს მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს. ქალბატონი ანასტასია ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან მისი მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მეტსაც გეტყვით: ბატონი ქორიძე შესული იყო ქალთა მე-5 დაწესებულებაში რამდენიმე თვის წინ. იგი ესაუბრა ანასტასია ზაუტაშვილს, ისევე როგორც ყველა დანარჩენს და ქალბატონმა ანასტასიამ გამოთქვა დიდი საყვედურები როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიმართ, ასევე პრეზიდენტისა და პირადად ქორიძის მიმართ, რომ დღემდე მის შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირი შედეგი არ იყო. ამ ფონზე, ზვიად ქორიძემ იცრუა და ქალბატონი ანასტასია დაასახელა ძირითად წყაროდ, რომ თითქოსდა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულ კორუფციულ გარიგებას. უფრო მეტიც - როდესაც ანასტასია ზაუტაშვილმა ქორიძეს განუცხადა, რომ საერთოდ აღარ აპირებდა შეწყალებაზე განცხადების შეტანას, სწორედ ქორიძემ სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ შეეტანა ზაუტაშვილს განცხადება შეწყალების შესახებ. ქორიძე დაჰპირდა ზაუტაშვილს, რომ პირადად წარუდგენდა ამ საქმეს პრეზიდენტს, ვინაიდან აღნიშნული საქმე, მისი თქმით, უკვე გახდა შეწყალების კომისიის ღირსების საკითხი. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, დამიკავშირდა ზაუტაშვილი და კვლავ შევიტანეთ განაცხადი შეწყალების შესახებ. შესაბამისად, როდესაც ქორიძე აცხადებს, რომ როგორც კი საქმეები გადაიბარა ალეკო ელისაშვილისგან, მისთვის ცნობილი იყო კორუფციული გარიგების შესახებ, არის სიცრუე. ვინ ეხვეწებოდა ქორიძეს, რომ ზაუტაშვილი ძულებული გაეხადა კიდევ ერთხელ შეეტანა განცხადება შეწყალების კომისიაში, სრულიად აუხსნელია. მეტიც, ბატონმა ქორიძემ როდესაც ნახა პარლამენტის კომიტეტებიდან შესული წერილობითი ოფიციალური რეკომენდაციები, განუცხადა ქალბატონ ზაუტაშვილს და განმიცხადა პირადად მე, რომ თუ ასე შესტკივათ გული რეკომენდაციის ავტორებს, ძნელი არ იქნებოდა, პირადად მას დაკავშირებოდნენ აღნიშნულ საკითხზე. ქორიძემ გააკეთა მინიშნება, რომ გარდა წერილობითი რეკომენდაციისა, მასთან კონტაქტი არავის ჰქონია. ამიტომ, ქორიძის ახლანდელი დამოკიდებულება სრული სიცრუეა! არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა! ძალიან სამწუხაროა, რომ შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ასეთ სიცრუეს კადრულობს საზოგადოების წინაშე და ციხეში მყოფ პატიმრებს ბოლომდე წირავს.


ელისაშვილისგან მსგავსი განცხადება იყო სრული მოულოდნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილის თავმჯდომარეობის პირობებში შეწყალების კუთხით შედეგი არ დამდგარა, ყველა ცალსახად აღვნიშნავდით, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც გულთან მიიტანა ეს საკითხი და შეეცადა მის გარკვევას. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ელისაშვილმა ბავშვური ინფორმაცია აქცია განსჯის საგნად და ახლა პროკურატურაში ზის საგამოძიებო ნაწილი და იძიებს ამ საქმეს.


- რა ინფორმაციაზე დაყრნობით გააკეთა ელისაშვილმა განცხადება და რატომ მიგაჩნიათ აღნიშნული „ბავშვურ ინფორმაციად"?


- ეს არის სიდებილემდე მისული ადამიანის მდგომარეობა. ელისაშვილი აცხადებს, რომ თითქოს ვიღაცამ სადღაც უთხრა, რომ ამ საქმეზე 200 000 ჰქონდათ ბე-ს სახით აღებული და 2 მლნ კიდევ უნდა გადახდილიყო. როდესაც გართულდა შეწყალების საკითხი, ჩვენ და ოჯახმა პირადი კონტაქტებით მოვიკითხეთ და მივხვდით, რომ არსებობდა გარკვეული ბლოკირების მექანიზმი. მაშინდელმა კუდ-ის წარმომადგენლებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ეს 2 მლნ დოლარი ფიგურირებდა საქმეში და რომ მათ რაღაც გაურკვეველი ინფორმაცია ჰქონდათ ამის შესახებ, ვერც წყაროს ასახელებდნენ და აქვე ამბობდნენ, რომ ვინც ამ საქმეს მიეკარებოდა ყველა ამ ვითარებასთან თანაზიარი აღმოჩნდებოდა. ეს იყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ბატონი ელისაშვილი ამ საქმეში გაერკვეოდა. ელისაშვილი მოწადინებული იყო, რომ ეს შეწყალება განხორციელებულიყო, თუმცა, ბოლო ხანებში მისი თავმჯდომარეობის დროს, მანაც დაასახელა, რომ რაღაც პრობლემები გამოჩნდა სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, თუ რაში იყო საქმე და ისევ აღმოჩნდა, რომ საქმე გვქონდა კუდ-ის თანამშრომლების მიერ გამოგონილ ამბავთან, ამ 2 მილიონთან დაკავშირებით. უბედურებაა, რომ თავმჯდომარე ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ საერთოდ ვერ გაერკვა ვითარებაში. ელისაშვილი ვერ მიხვდა, რა კონტაქტი უნდა ჰქონოდა სამართალდამცავებთან, ვინ რა კუთხიდან მიაწვდიდა ინფორმაციას.


- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რატომ ფიგურირებს საქმეში 2 მილიონი დოლარი, ვისგან მოდის ეს ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით?


- 2011 წელს, მსჯავრდებულების დაკავებიდან დაახლოებით 1 წელიწადში, კუდ-ის თანამშრომლები ტელეფონით დაუკავშირდნენ ნუგზარ ბოჭორიშვილს (ძებნილი ბიზნესმენი) და მოსთხოვეს 3 მილიონი დოლარი სოსო თოფურიძის (კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ინტერპოლით ძებნილი) სახელით. შემდგომში ჩამოვიდნენ 2 მილიონ დოლარზე. ეს საუბარი ბოჭორიშვილმა ჩაიწერა და გადასცა ქალბატონ ნანა ლეჟავას. ამაზე გაკეთდა სიუჟეტი და ამ დროიდან მოყოლებული ეს ორი მილიონი დოლარი სულ ფიგურირებს ამ საქმეში. ასეთი პრიმიტიული აზროვნების როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ ეს გამოგონილი ფორმულა, რომლისაც არავის სჯეროდა, ძირითადი დასაყრდენი აღმოჩნდეს შენთვის. შესაბამისად, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დამოკიდებულება გახლავთ სამარცხვინო.


- თოფურიძის საქმეზე თუ მიმდინარეობს გამოძიება?


- ერთ-ერთ საქმეზე წარვუდგინეთ ეს ფირები პროკურატურას და ვუთხარით, რომ მოეხდინათ ჩანაწერის იდენტიფიცირება და დაეკითხათ ის ადამიანები, ვინც საქმეში ფიგურირებენ. დღემდე შედეგი არ დამდგარა.


- ბოჭორიშვილს თუ ესაუბრეთ ბოლო პერიოდში და ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, იქნებ ბოჭორიშვილი თავისი ინიციატივით ესაუბრა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეებს?


- ვესაუბრე ბოჭორიშვილს და მან ამ ამბავზე დიდხანს იცინა. 2011 წელს კუდ-ი აგვარებდა ამ საქმეს. 2 მილიონი რომ ჰქონოდა ბოჭორიშვილს კუდ-ისთვის მისაცემად, 4 წელი რატომღა ამყოფებდა ამ ადამიანებს ციხეში? ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეს თანხა რომ ჰქონოდა, 2011 წელსვე გადაიხდიდა, როცა შეთავაზება ჰქონდა კუდ-ის მხრიდან და საქმეც მოგვარებული იქნებოდა.


- რა მოტივით უნდა აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე?


- ვერ გეტყვით, ეს რთული სათქმელია. მაგრამ, როდესაც ნახევარი საქართველო რაღაც ფირების ტყვეა და ზოგიერთის ცხოვრება ძალიან რთულ წინაპირობებს უყენებთ მათ, შესაძლოა, ისინი იძულებულები არიან, რომ ასეთი რაღაცეები აკეთონ, ან არ ვიცი, შესაძლოა, რაიმე სახის პოლიტიკური მომავალი აწუხებთ და გარკვეულ კამპანიას ეწევიან მიზანმიმართულად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უზნეობა.


- რა პოზიცია აქვთ პატიმრებს?


- პროკურატურა დაუსრულებლად იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მოცემულ საქმეზეც მისი ხანდაზმულობის გასვლამდე 8-10 წელი გამოძიება მიმდინარეობდეს დაუსრულებლად და არავინ დაისაჯოს. ეს არის გამორიცხული ამბავი, რადგან პატიმრებს აქვთ რადიკალური პოზიცია. თუ ახალ წლამდე არ დადასტურდება ელისაშვილის და ქორიძის ინფორმაცია და ასეთ შემთხვევაში, პასუხისგებაში არ მიეცემიან თავად ელისაშვილი და ქორიძე, პატიმრები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომებს. ეს გახლავთ შიმშილობა და პატიმრები აპირებენ თვითდაზიანებების მიყენებას. ახალ წლამდე უნდა დადგეს შედეგი რაიმე ფორმით. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016