reportiori.ge - გორბაჩოვი ოფიციალურად ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გორბაჩოვი ოფიციალურად ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 13:27



რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრმა გეორგი ფიოდოროვმა თხოვნით მიმართა გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას, შეამოწმოს სსრკ-აშშ-ს უმაღლესი პირების მოლაპარაკების შინაარსი, რათა გაარკვიოს, არის თუ არა „სახელმწიფო ღალატის" ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში საპროკურორო რეაგირება მოახდინოს.


საუბარია განსაიდუმლოებულ სატელეფონო ჩანაწერებზე, სადაც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელები - მიხაილ გორბაჩოვი და ბორის ელცინი - პრაქტიკულად ანგარიშს აბარებენ ჯორჯ ბუშ-უფროსს, რომ სსრკ განადგურებულია.


ამ სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოქვეყნდა გაზეთ „Комсомольская правда"-ში.


როგორც „КП" იუწყება, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმომწერისთანავე (1991 წ. 8 დეკემბერი), ბორის ელცინმა ბუშს დაურეკა და 28 წუთი ესაუბრა.


ორი კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, ბუშს დაურეკა უკვე გორბაჩოვმა, საუბარი 22 წუთს გაგრძელდა.


ამ საუბრების დეტალებზე, კარგა ხნის მანძილზე, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლებოდა. ჩვენი სპეცსამსახურები ამ საუბრებს არ იწერდნენ. ისინი ტეხასის შტატში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 2008 წელს, უმცროსმა ბუშმა ახსნა გრიფი „საიდუმლო" და დოკუმენტების ასლები, ახლახან ეკატერინბურგში გახსნილ ელცინ-ცენტრში გამოჩნდა.


„როდესაც ჩვენი მუზეუმის ექსპოზიცია ყალიბდებოდა, ეს სტენოგრამები უფროსი ბუშის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინეთ, მოთხოვნა გავაგზავნეთ და ელექტრონული ვერსიები მივიღეთ. ხშირად ამბობენ, ელცინმა და გორბაჩოვმა ბუშს სსრკ-ს დაშლა ახარესო, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში რთული ვითარება იყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა, საჭიროება მოითხოვდა ამერიკის მხარის ინფორმირებას, რომ ბირთვული არსენალი კონტროლს ექვემდებარება", - ჰყვება დიმიტრი პუშმინი, ელცინ-ცენტრის ხელმძღვანელი.


გეორგი ფიოდოროვი თვლის, რომ ელცინი და გორბაჩოვი შეგნებულად ანგრევდნენ სსრკ-ს, რომ ისინი მოღალატეები არიან, ამიტომაც მიმართა გენერალურ პროკურორს და ვითარებაში გარკვევა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სთხოვა სახელმწიფო ღალატის მუხლით.


„თუ არსებობენ ისტორიული პირები, ვის მიმართაც დიდი სიძულვილი მამოძრავებს, ეს ელცინი და გორბაჩოვია. მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სსრკ-ს დაშლა ელიტის ღალატის შედეგია. თუმცა ბოლო დრომდე ჩემი მოსაზრება მხოლოდ დაკვირვებასა და არაოფიციალურ ინფორმაციას ეფუძნებოდა. ამ სტენოგრამების გამოქვეყნების შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ისინი მოღალატეები არიან და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ", - განუცხადა ფიოდოროვმა „Русская планета"-ს კორესპონდენტს.


„მინდა, პირადად მოგაწოდოთ ინფორმაცია, ბატონო პრეზიდენტო"


სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან

მონაწილეები: ჯორჯ ბუში, აშში-ს პრეზიდენტი, ბორის ელცინი რუსეთის პრეზიდენტი.


8 დეკემბერი, 1991, 13:08-13:36, ოვალური კაბინეტი.


პრეზიდენტი ბუში: გამარჯობა, ბორის. როგორ არის საქმეები?


პრეზიდენტი ელცინი: გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო. მოხარული ვარ თქვენთან საუბრით. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ერთმანეთს ინფორმაციას გავუზიარებდით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და მინდა პირადად მოგახსენოთ, სანამ პრესის  მეშვეობით გაიგებთ.


პრეზიდენტი ბუში: რა თქმა უნდა, გმადლობ.


პრეზიდენტი ელცინი: დღეს შევიკრიბეთ სამი ქვეყნის პრეზიდენტი - ბელორუსიის, უკრაინის და რუსეთის და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, რომელიც 2 დღეს გაგრძელდა, მივედით იმ აზრამდე, რომ არსებული სისტემა და საკავშირო ხელშეკრულება, რომელზე ხელის მოწერაზეც სურთ დაგვითანხმონ, ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომაც შევიკრიბეთ და რამდენიმე წუთის წინ ერთობლივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, სამი ქვეყნის ხელმძღვანელები, მივედით იმ დასკვნამდე, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნა რეალური გახდა.


ამას გარდა, აღვნიშნეთ, რომ ცენტრის არაშორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა, ამიტომ, ჩვენ, სამმა სახელმწიფომ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც 16 პუნქტისგან შედგება და ფაქტიურად ახალი თანამეგობრობის შექმნის წინაპირობაა.


პრეზიდენტი ბუში: გასაგებია.


პრეზიდენტი ელცინი: ამ თანამეგობრობის წევრების მიზანი საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოებაა, მზად ვართ, შევასრულოთ ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც სსრკ-მ აიღო, მათ შორის საგარეო ვალიც; მხარს ვუჭერთ ბირთვული იარაღის ერთიანი კონტროლის და გაუვრცელებლობის იდეას. შეთანხმებას ხელი სამივე სახელმწიფოს მეთაურმა მოაწერა.


პრეზიდენტი ბუში: კარგია.


პრეზიდენტი ელცინი: ოთახში ჩემთან ერთად არიან უკრაინის პრეზიდენტი და ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ახლახან ვესაუბრე ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევს, წავუკითხე შეთანხმების 16-ვე პუნქტი. იგი მხარს გვიჭერს, მზად არის, შემოგვიერთდეს და მალე ჩამოფრინდება მინსკში.


პრეზიდენტი ბუში: გასაგებია. ბორის, მადლობელი ვარ ზარისთვის და გულახდილობისთვის. ახლავე გადავხედავთ 16-ვე პუნქტს, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება ცენტრს?


პრეზიდენტი ელცინი: ჯერ ერთი, ველაპარაკეთ თავდაცვის მინისტრ შაპოშნიკოვს: ბოლომდე იზიარებს ჩვენს პოზიციას. ახლა მინდა მე-6 პუნქტი წაგიკითხოთ...


პრეზიდენტი ბუში: ჩვენ გვინდა, საფუძვლიანად გადავხედოთ შეთანხმებას, კარგად გვესმის, რომ საკითხების გადაწყვეტა მონაწილეების პრეროგატივაა და არა მესამე მხარის, თუნდაც აშშ-ის.


პრეზიდენტი ელცინი:  მაგის გარანტიას გაძლევთ, ბატონო პრეზიდენტო.


პრეზიდენტი ბუში: წარმატებას გისურვებთ და მადლობა ზარისთვის. დაველოდოთ ცენტრისა და დანარჩენი რესპუბლიკების რეაქციებს. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.


პრეზიდენტი ელცინი: დარწმუნებული ვარ, ყველა რესპუბლიკა გაგვიგებს და მალე შემოგვიერთდებიან.


პრეზიდენტი ბუში: კიდევ ერთხელ გმადლობ ზარისთვის ასეთი ისტორიული მოვლენის შემდეგ.


პრეზიდენტი ელცინი: კარგად ბრძანდებოდეთ.



„გადავწყვიტე, ეს დღეს გამეკეთებინა"


სატელეფონო საუბარი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვთან.


მონაწილეები: ჯორჯ ბუში - აშშ-ის პრეზიდენტი, მიხაილ გორბაჩოვი - სსრკ პრეზიდენტი. 25 დეკემბერი, 1991 წ. 10:03-10:25 კემპ-დევიდი.


პრეზიდენტი ბუში: გამარჯობა, მიხაილ.


პრეზიდენტი გორბაჩოვი: ჯორჯ, ჩემო კარგო მეგობარო, მიხარია თქვენი ხმის გაგონება.


პრეზიდენტი ბუში: მოგესალმებით ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს, გმადლობ, რომ დამირეკეთ.


პრეზიდენტი გორბაჩოვი: ნება მომეცით, სასიამოვნო ინფორმაციით დავიწყო: მინდა, თქვენ, ბარბარას და მთელ ოჯახს შობა მოგილოცოთ. ვფიქრობდი, როდის გამეკეთებინა განცხადება - სამშაბათს თუ დღეს. გადავწყვიტე, დღეს, დღის ბოლოს გავაკეთო. ამიტომ, ჯერ შობას გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, ხოლო ორი საათის მერე, მოსკოვის ტელევიზიით გამოვალ და ჩემს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ, წერილი გამოგიგზავნეთ, ჯორჯ. იმედია, მალე მიიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი იქ ჩამოვაყალიბე. ახლა მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, როგორ ვაფასებ იმას, რასაც ერთობლივად მივაღწიეთ - როცა ვიცე-პრეზიდენტი იყავით და მერე როცა პრეზიდენტი გახდით.


იმედია, თანამეგობრობის ყველა ლიდერი, პირველ რიგში კი რუსეთი, ერთობლივი მცდელობის ფასს ხვდება, ვფიქრობ, საკუთარ პასუხისმგებლობასაც აცნობიერებენ ამ რესურსის გაუმჯობესების საქმეში.


ჩვენთან დებატებია, როგორი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, იმ მიმართულებით არ წავიდნენ, რომელსაც მე სწორად მივიჩნევდი, მაგრამ გარწმუნებთ, გამოვიყენებ მთელ ჩემს პოლიტიკურ გავლენას და ავტორიტეტს, რათა ახალი თანამეგობრობა ეფექტიანი იყოს.


მახარებს, რომ თანამეგობრობის ლიდერები, ალმა-ათაში უკვე შეთანხმდნენ ბირთვულ იარაღსა და სტრატეგიულ საკითხებზე. იმედია, მინსკში დანარჩენ პუნქტებზეც დადებით შედეგს მივიღებთ და რესპუბლიკებს შორის თანამეგობრობის მექანიზმი შეიქმნება.


ჯორჯ, ნება მომეცით მოგახსენოთ, რაც მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად.


პრეზიდენტი ბუში: გისმენთ.


პრეზიდენტი გორბაჩოვი:რა თქმა უნდა, ყველა ამ ქვეყნის აღიარების გზით უნდა ვიაროთ; თუმცა მინდა გაითვალისწინოთ, რა დიდი მნიშვნელობა ექნება თანამეგობრობის მომავლისთვის, რათა არ დავუშვათ დეზინტეგრაციის პროცესები. ასე რომ, ჩვენი ვალია, რესპუბლიკების ერთმანეთთან თანამშრომლობის პროცესს ხელი შევუწყოთ, მინდა ამ მომენტს ხაზი გავუსვა.


ახლა, რაც შეეხება რუსეთს - ეს მეორე მნიშვნელოვანი საკითხია. მაგიდაზე მიდევს სსრკ-ს პრეზიდენტის განკარგულება ჩემი გადადგომის შესახებ, ასევე ვიხსნი უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებას და ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს გადავცემ.


მოკლედ, საქმეებს ვხელმძღვანელობ საკონსტიტუციო პროცესის დასრულებამდე, გარწმუნებთ, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. როგორც კი გადადგომაზე განცხადებას გავაკეთებ, განკარგულება ძალაში შევა. არანაირი შეუთანხმებლობა არ იქნება, შეგიძლიათ, მშვიდად გაატაროთ საშობაო საღამო. ისევ რუსეთის თემას დავუბრუნდები, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მის მხარდასაჭერად. მე ცდას არ დავაკლებ, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა იაქტიურონ და ყოველმხრივ დაუდგნენ გვერდით.


რაც შეეხება ჩემს მომავალს, არ ვაპირებ ტაიგაში დამალვას, ვრჩები აქტიურ პოლიტიკურ ფიგურად, ჩემი მთავარი მიზანია, დაწყებულ პროცესში ხელის შეწყობა და სწორი საგარეშო პოლიტიკის გატარება.


თქვენი პრესის წარმომადგენლები არაერთგზის შემეკითხენ ჩვენს პირად ურთიერთობაზე. ამ ისტორიულ მომენტში, მინდა იცოდეთ, რამდენად ვაფასებ ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობას. შესაძლოა, ჩემი როლები შეიცვალოს, მაგრამ ის რასაც მივაღწიეთ, ვერავინ შეცვლის. მე და რაისა თქვენ და ბარბარას ყოველივე კარგს გისურვებთ.


პრეზიდენტი ბუში: მიხაილ, პირველ რიგში, დარეკვისთვის მადლობა მინდა გითხრათ, ყურადღებით გისმენდით. ჩვენ კვლავინდებურად მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას რუსეთის საკითხში, რადგან ვითარება, შესაძლოა ზამთარში გამწვავდეს. მიხარია, რომ ტყეში დამალვას არ აპირებთ და აქტიურ პოლიტიკაში რჩებით, დარწმუნებული ვარ, ახალ თანამეგობრობას ეს ძალიან წაადგება.


მადლობელი ვარ ბირთვულ საკითხზე ინფორმაციის მოწოდებისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხია, მივესალმები რესპუბლიკების ხელმძღვანელებს საკითხის დიდებული ორგანიზაციისთვის. მხედველობაში ვიღებ, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილება ბორის ელცინის ხელში გადადის, გარწმუნებთ, კვლავაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ...


პრეზიდენტი გორბაჩოვი: გმადლობ, ჯორჯ. მოხარული ვარ, რომ ეს დღეს მოვისმინე. გემშვიდობებით, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე და ამისთვისაც გმადლობ.


პრეზიდენტი ბუში: ბედნიერად ბრძანდებოდეთ, მიხაილ.


პრეზიდენტი გორბაჩოვი: ნახვამდის.


საუბრის დასასრული



თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016