reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ირიბი მესიჯია „ნაციონალებისა“ და მათთან ნათესავურ კავშირში მყოფი ძალების დემონტაჟისა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:59
ინტერვიუ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ირიბი მესიჯია „ნაციონალებისა“ და მათთან ნათესავურ კავშირში მყოფი ძალების დემონტაჟისა
17 ნოემბერი, 2013. 15:45

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის უმთავრესი შეცდომა გახლავთ ის, რომ მათ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი მონათლეს, როგორც სისტემური დანაშაული. სინამდვილეში ეს არ გახლავთ სისტემური, ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ჩვენი კანონმდებლობა სისტემური დანაშაულისთვის საერთოდ არ ითვალისწინებს რაიმე სანქციას, ეს დეფინიცია რომ სწორად ყოფილიყო შერჩეული, ამ ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით შეიძლებოდა გვემსჯელა სამართლიანობის აღდგენაზე", - ეს განცხადება დამოუკიდებელმა უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში გააკეთა. მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც ისაუბრა და მისი გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა.


 - საზოგადოებას  უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ  ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმ ძირითად პირობაზე, რომელიც პირველ რიგში, ყბადაღებულ სამართლიანობის აღდგენას გულისხმობდა უკლებლივ ყველა დაზარალებული პირისთვის თუ სოციალური ჯგუფებისთვის, რომლებიც 9-წლიანი გაუსაძლისი და სისხლიანი, სააკაშვილის რეჟიმის შედგად დაზარალდნენ. „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის უმთავრესი შეცდომა, რომელსაც ნამდვილად ვისურვებდი, რომ უნებლიე იყოს და არა გააზრებული პოლიტიკური შეცდომა, გახლავთ ის, რომ მათ მონათლეს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი, როგორც სისტემური დანაშაული. სინამდვილეში ეს არ გახლავთ სისტემური, ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა სისტემური დანაშაულისთვის არ ითვალისწინებს საერთოდ რაიმე სანქციას, ეს დეფინიცია რომ სწორად იყოს შერჩეული, ამ შემთხვევაში, ამ ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობით შეიძლებოდა გვემსჯელა სამართლიანობის აღდგენაზე, რაც რა თქმა უნდა, სწორედ სისხლის სამართლებრივი დევნისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შედეგად მორალური, მატერიალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას უნდა გულისხმობდეს.  


- მატერიალურმა ზიანის ანაზღაურება ქვეყნის ბიუჯეტს პრაქტიკულად, არ შეუძლია...

- რა თქმა უნდა. 14 მილიარდი ლარით არის  ზიანი შეფასებული, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია იმისა, რაც საზოგადოებამ განიცადა მთელი ამ 9 წლის მანძილზე, დაწყებული უკანონო საპროცესო შეთანხმებებით და უკანონო ექსპროპრიაციით ქონებისა თუ ბიზნესისა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს. ძალიან ვულტრირებ, მაგრამ წმინდა სამართლებრივ მოქმედებებზე ვაკეთებ აქცენტს. ამაზე ალბათ, ძალიან დიდი გუნდი უნდა მსჯელობდეს და ეძღვნებოდეს დებატები, მაგრამ საზოგადოებისთვის ჩემი სუბიექტური აზრი რომ იყოს მიწოდებული, მოგახსენებთ. 14 მილიარდი ლარის და ზოგადად, ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის, ჩემი და თქვენი ჯიბიდან ამოღებული და გადახდილი საშემოსავლო ფინანსების ხარჯზე კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ, სწორედ იმ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შედეგად, სამოქალაქო სარჩელებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, რომლითაც უკანონოდ ექსპროპრირებული, წართმეული, ჩამორთმეული და მითვისებული ქონების უკან მოქცევა მოხდებოდა ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შემდგომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალურ ფონდში, საიდანაც მოხდებოდა ამ ზიანების ანაზღაურება.


გსმენიათ, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო? ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავის დროზე გულშემატკივრობდა ბიძინა ივანიშვილს. ჩემს წვლილს მცირედად შევაფასებდი, მაგრამ ერთი პირის კვალობაზე, ბევრი მაქვს გაკეთებული „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დროს. როდესაც მე მიწევდა დღევანდელ ლიდერებთან ერთად ხულოს, ხაშურის, ქარელის, გორის, ზუგდიდის თუ ქვემო ქართლის რეგიონში სიარული, ძალიან კარგად მახსოვს თითოეული ის მესიჯი, რომელიც ბუკლეტების სახით ურიგდებოდა ქართველ საზოგადოებას. ამასთანავე დღევანდელი მაჟორიტარების პირით ვრცელდებოდა მოსახლეობაში, რა უნდა გაკეთებულიყო მაგალითად, ზოგადი თუ უმაღლესი განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური პოლიტიკის განვითარების კუთხით და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით დღეს. მე არ მინდა დავაკნინო უშუალოდ  ბიძინა ივანიშვილის წვლილი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანმა მოახდინა მართლაც საოცრება საკუთარი სიცოცხლისა და ქონების რისკის ფასად, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა, რომელმაც უკვე ხმამაღლა განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, რწმუნდება, რომ „ქართული ოცნების" რიგებში მის მიერ თავის დროზე ფავორიტად აღიარებული ლიდერები სულაც არ იმსახურებენ იმ ქებას, დიდებასა და ხოტბას, რომელთაც უხვად ასხამდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ ასეთი ნიჰილიზმი, რომელიც უშუალოდ ბატონმა ბიძინამ განიცადა, ადამიანი, რომელიც სულაც არ აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკოსობაზე, ძალიან გადამდები აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც. ვფიქრობ, მის მიერ გაკეთებული განცხადების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი სწორედ ეს გახლდათ.


- თქვენი აზრით, პრემიერის პოლიტიკიდან  წასვლა ქვეყნისთვის  რა შედეგების მომტანი იქნება?

- ბატონ ბიძინას მიერ გადასადგმელი დეკლარირებული ნაბიჯი მინდა ცალსახად პოზიტიურად შევაფასო. ბევრი აფასებს და ასაბუთებს კიდევაც ივანიშვილის წასვლას როგორც გაქცევად იმ მოსალოდნელი პრობლემებიდან, კრიზისებიდან, რომელიც ახლო მომავალში წარმოიშვება იგივე მსოფლიო გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რომელშიც გარდამავალი უპირატესობა პაექრობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის უნდათ. უნდათ, რომ დააბრალონ ბატონ ბიძინას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, იმ კონიუნქტურულ ფაქტორებს, რომელიც დაკავშირებულია დიდ პოლიტიკასთან, ზესახელმწიფოების ინტერერსებთან და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ვაჟკაცური, თუნდაც იმიტომ, რომ ხედავს, აღარ გააჩნია პერსონალური რესურსი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისა იმ ეკლექტურ გაერთიანებაზე, რომლის სუბიექტებსაც ერთმანეთთან არ აკავშირებთ პირველ რიგში ორგანული ოდეოლოგიური და ამავე დროს პოლიტიკური ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს არის დროული ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც ხელ-ფეხს გვიხსნის საზოგადოებას სრულიად ლეგიტიმურად მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა კრიზისში შესული პოლიტიკური პროცესი გამოვიყვანოთ ამ ჩიხიდან. ვფიქრობ, ბატონ ბიძინას წასვლა ამის ირიბი მწვანე შუქია, რასაც უბრალოდ, დანახვა უნდა. ეს პოლიტიკოსების მხრიდან სწორად არის დასანახი. ვგულისხმობ, კოალიციის გარეთ მყოფი პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. პრემიერი ამით გვეუბნება, რომ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ, რომ მოვახდინოთ „ნაციონალური მოძრაობის" დემონტაჟი და მასთან ერთად იმ ძალების, რომლებიც მათთან ახლო ნათესავურ პოლიტიკურ კავშირში იმყოფებიან სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.


- თქვენი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება?

- მთლიანად ბატონ ბიძინაზე იყო ჩამოკიდებული პირველი ოქტომბრის არჩევნები, მის ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ სუბიექტთა სვე-ბედი და მისი წასვლისთანავე, სრულიად ლეგიტიმური ხდება მოთხოვნა ასეთი ეკლექტური ჯგუფის დაშლისა. ვგულისხმობ, საპარლამენტო უფლებამოსილებისგან ჩამოცილების აუცილებლობას საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე, რასაც პირდაპირ წაყვება „ნაციონალური მოძრაობა" და  ეს პოლიტიკური ძალა ჩაირეცხება. ეს კი შესაძლებლობას მისცემს ქართულ საზოგადოებას რეალური არჩევნების, საარჩევნო კანონმდებლობისა და სწორი პირობების არსებობის შემთხვევაში, 23 წლის მანძილზე ერთხელ მაინც, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება დაემხო, აირჩიოს ეროვნული ხელისუფლება, პარლამენტში შეიყვანოს ეროვნული ცნობიერების მქონე დეპუტატები და შესაბამისად, ჩამოაყალიბოს ეროვნული ცნობიერების მთავრობა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016