„გული დამწყდა ბატონი ირაკლის წასვლით, მის მოღვაწეობას მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი," - აღნიშნავს „რეპორტიორთან" ლექტორი ზაზა სიამაშვილი 2015 წლის წარმატებული რეფორმებისა და ირაკლის ღარიბაშვილის მოღვაწეობის შეფასებისას.
„წარმატებულ რეფომები ბევრი იყო, მაგრამ სულ ბოლომ ამ დღეებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც პოლიციური მეთოდებით სახლიდან გამოსახლებას ეხებოდა და პოლიციის ძალით გამოსახლების ინსტიტუტი გააუქმა, ყველა ძალიან გაახარა და ნამდვილად არ არის მცირე მნიშვნელობის გადაწყვეტილება. ასევე ჯანდაცვის რეფორმაზე უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანს ავად გახდომის, სასწრაფოს გამოძახების, ქუჩაში ცუდად გახდომის აღარ გეშინია... ამ სფეროში ნამდვილად სერიოზული წინსვლაა. პენიტენციალურ სისტემაში სულ ორი დღის წინ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ საპატიმროებთან აშენდეს ქარხნები და დასაქმებული იქნენ პატიმრები, ნამდვილად გასაოცარი ფაქტია," - აღნიშნავს სიამაშვილი.
ლექტორი ზაზა სიამაშვილი მიიჩნევს, რომ მრავალი წარმატებული რეფორმა ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება, თუმცა მისი შემცვლელისგანაც არანაკლებ წარმატებულ ნაბიჯებს ელის.
„ზოგადად, უამრავი წარმატებული რეფორმა ირაკლის სახელს უკავშირდება, თუმცა გიორგის თაოსნობით კიდევ არაერთი რეფორმის მოწმე გავხდებით. პრემიერობის კანდიდატს რამდენადაც ვიცნობ, ძალიან დიდი იმედით ვარ განმსჭვალული. გიორგის, როგორც საბანკო, ასევე ეკონომიკურ სექტორში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ასე რომ მის მომავალ მოღვაწეობას დიდი ოპტიმიზმით ვხდები. ვფიქრობ, ირაკლის კარგი შემცვლელი გამოუჩნდა," - განაცხადა ზაზა სიამაშვილმა.