reportiori.ge - არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა? (ბ-ნი გიგი თევზაძის და სხვათა პასუხად)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
არის თუ არა ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა? (ბ-ნი გიგი თევზაძის და სხვათა პასუხად)
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 19:08


ის-ის იყო, შობის საღამო დასასრულს უახლოვდებოდა და კმაყოფილმა "დავპოსტე", რომ წელს, წინა წლებთან შედარებით, შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით - ახალი სტილით 25 დეკემბერი თუ ძველი სტილით 25 დეკემბერი? - აგრესიული კამათი ფბ-ზე აღარ ყოფილა და, სად იყო სად არა, სააგენტოებმა გიგი თევზაძის ერთი წინადადება გაავრცელეს, სადაც ის ამბობდა: "არ გეწყინოთ, მაგრამ დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ".


ეს სიტყვები ელვისებური სისწრაფით აიტაცა ბევრმა, ვინც პროდასავლურობაზე  დებს თავს. მაგრამ მათ, ვინც ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახ. სტ. 7 იანვარი) ზეიმობს შობას, ამ სიტყვების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ შორის პირადად მე ვიცნობ ამ ადამიანთაგან რამდენიმეს, რომლებიც სულაც არ უჭერს მხარს ოკუპანტებს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არანაკლები გაუკეთებიათ, ვიდრე გიგი თევძაზეს ან სხვას, ვისაც დღეს თავგადაკლულ მედასავლეთედ უნდა თავი წარმოაჩინოს.


შობიდან მეორე დღეს, გიგი თევზაძეს დამატებითი განმარტებები მოუწია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა თავის სიტყვებში (http://www.tabula.ge/ge/tablog/1035 )...


განმარტებაში ის ცდილობს დაამტკიცოს, თითქოსდა ძველი, ტრადიციული კალენდრით 25 დეკემბერს (რომელიც ახალი კალენდრით 7 იანვარს ემთხვევა) შობის აღნიშვნა ოკუპანტი რუსეთის საბჭოთა იდეოლოგიური ხრიკია და მისი უშიშროების სამსახურის მიერ ეკლესიაზე  ხელოვნურად თავს მოხვეული. ამის მიზანი კი თურმე საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქრისტიანების მათი დასავლელ მოძმეებთან იზოლაცია ყოფილა. სინამდვილეში კი საბჭოთა კავშირი ამ იზოლაციას ძველი კალენდრის გარეშეც მშვენივრად ახერხებდა, თავისი "რკინის ფარდის" წყალობით.



პირადად მე მომხრე ვარ, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული იყოს და ჩვენი კანონმდებლობით ეს ასეცაა. შესაბამისად, წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ სახელმწიფო და პოლიტიკოსები ჩაერიონ ეკლესიის შიდა საკითხებში და პირიქით, ეკლესია - სახელმწიფო საქმეებსა და პოლიტიკაში. ერთნაირად მიუღებელია, როგორც პაპოცეზარიზმი (ეკლესიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში), ასევე ცეზაროპაპიზმი, როცა პოლიტიკური მიზნებით ცდილობენ გავლენა მოახდინონ ეკლესიაზე და მართონ რელიგიური მოვლენები; ჩემთვის სწორედ ცეზაროპაპისტული სტილის გამოვლინებაა ბ-ნი გიგის ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ის ცეზარი არ არის. არც პაპოცეზარიზმი და არც ცეზაროპაპიზმი ქრისტეს ეკლესიის იდეალი არასდროს ყოფილა. მაგრამ, მოდით, ახლა ეს ვრცელი თემა გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, რა არგუმენტები მოჰყავს გ. თევზაძეს თავისი აზრის დასასაბუთებლად. ამ მცირე განმარტებებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მას ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ეკლესიის ისტორიაზე და ამ საკითხში არც მრჩევლები უვარგა.



განვიხილოთ მისი არგმუნეტები თანმიმდევრობით:



გ. თევზაძე წერს: "მართლმადიდებელი ქრისიტიანობის სამყაროში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ მხოლოდ საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმის და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები და ე.წ. ბერძენი ძველი კალენდარისტები. უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიებისა (მაგ. კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების) შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს."



უკვე ეს პირველივე წინადადება მიუთითებს საკითხის არცოდნაზე (აქ სპეციალურად არაფერს ვამბობთ პასქალიაზე, ანუ აღდგომის თარიღის განსაზღვრაზე, რადგან ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. შევეხებით მხოლოდ უძრავ კალენდარს). სინამდვილეში შობას ძველი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავენ შემდეგი ე.წ. ოფიციალური იურისდიქციები



- იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია


- ათონის მთა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო)


- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია


- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია


- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ


- სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია


- ბესარაბიის მიტროპოლია (რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია)


- სინას მთა


- პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (90 წლიანი ახალმესტილეობის შემდეგ, 2014 წლის 15 ივნისიდან პოლონეთი დაუბრუნდა ძველ სტილს. იხ. http://www.cerkiew.pl/index.php?id=...)


ე.წ. ძველმესტილეთა და ალტერნატიული მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი იურისდიქციებია:


- საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (კირიაკის სინოდი)


- საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (ქრიზოსტომოსის სინოდი)


- საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (აქვსენტის სინოდი)


- საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია (კალინიკეს სინოდი)


- რუმინეთის მართლმადიდებელი ძველმესტილეთა ეკლესია


- ბულგარეთის მეძველსტილეთა ეკლესია


- სერბეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია


- წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკაში


- მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკაში - იურისდიქციის ქვეშ)


- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო)


- უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (სამრევლოებით უკრაინასა, დას. ევროპაში და ჩრდ. ამერიკაში)


- დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია


- ამერიკის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია


ეს არის არასრული სია იმ მართლმადიდებლებისა, რომლებიც ძველი სტილით აღნიშნავენ შობას.


გ. თევზაძე წერს, რომ: "უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიებისა (მაგ. კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების) შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს". აქ კიდევ რამდენიმე შეცდომაა: როგორც ზემოთ ვნახეთ, პოლონეთის უკვე 2 წელია დაუბრუნდა ძველი სტილით შობის აღნიშვნას. გარდა ამისა, გაუგებარია, რას გულისხმობს ის ამერიკის შეერთებული შტატების ეკლესიაში; დაახლოებით მსგავსი სახელით აშშ-ში ბევრი მართლმადიდებლური იურისდიქცია მოქმედებს, რომელთაგან ისინი, ვინც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს  ექვემდებარებიან ახალი სტილით აღნიშნავენ შობას, დანარჩენი უმრავლესობა კი ძველი სტილით.



მაგრამ უმთავრესი აქ კიდევ სხვა რამეა, ბ-ნი გიგი საუბრობს უმრავლესობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან, როგორც კარგმა ფილოსოფოსმა მშვენივრად იცის, რომ უმრავლესობა არ არის ჭეშმარიტების შეუვალი გარანტი. ჭეშმარიტებაზე ზოგადფილოსოფიურ მსჯელობებს რომ თავი გავანებოთ, გავიხსენოთ თუნდაც ეკლესიის ისტორია: როდესაც უმრავლესობას ერეტიკოსი არიანელები წარმოადგენდნენ და, ბიზანტიაში თუ მის გარეთ, თითქმის ყველა საეპისკოპოს ტახტი და ტაძრების უმრავლესობა მათ ხელში იყო, ჯერ წმ. ბასილი დიდი და შემდეგ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თავის მცირერიცხოვან მიმდევრებთან ერთად, მარტოდმარტო იბძროდნენ ჭეშმარიტებისთვის და ამისათვის არამცირედი შევიწროება გადაიტანეს; ბიზანტიის იმპერიაში და მის გარეთ ოფიციალურად გაბატონებული მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლისათვის, უმცირესობაში მყოფ წმ. მაქსიმე აღმსარებელს ენა და მარჯვენა ხელის მტევანი მოჰკვეთეს (რომ არ ექადაგა და არ ეწერა) და ასე დასახიჩრებულმა გადასახლებაში დალია სული; ხატმებრძოლთა ორსაუკუნოვანი ბატონობის დროს, უმცირესობაში მყოფ მართლმადიდებელთა დევნამ იმდენად სასტიკი ფორმები მიიღო, რომ ერთმა მემატიანემ ის დიოკლეტიანეს დევნასაც კი შეადარა; უმცირესობაში იყვნენ თავის დროზე ეკლესიის ისეთი დიდი მნათობები, როგორებიც იყვნენ სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და გრიგოლ პალამა ... და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო? ასე რომ (ოფიციალურ) იურისდიქციათა უმრავლესობა, სულაც არ არის ჭეშმარიტების საზომი საეკლესიო საკითხებში.



მაგრამ თუ მაინცა და მაინც უმრავლესობაზე მიდგა საქმე, აქაც წამგებიან პოზიციაშია ბ-ნი გ. თევზაძე, რადგან ძვ. სტილით შობის აღმნიშვნელ, თუნდაც მხოლოდ ოფიციალურ იურისდიქციებს რომ გადავხდოთ (იერუსალიმი, ათონის მთა, საქართველო, რუსეთი (საზღვარგარეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით), სერბეთი, პოლონეთი, ბესარაბია), მათი მრევლის რიცხვი მსოფლიოს მთელ მართლმადიდებელთა 4/5-ს, ანუ 80%-ს შეადგენს. და თუ ამას დავუმატებთ ალტერნატიული მართლმადიდებლური სინოდების მრევლს, ფაქტია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდება. ეს, რაც შეეხება უმრავლესობას, რადგან გ. თევზაძე ასე სვამს საკითხს, თორემ როგორც ზემოთ ვნახეთ, ჭეშმარიტებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რიცხოვნებას. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.



გ. თევზაძე აგრძელებს: "ახლა - თვითონ 7 იანვარს შობის აღნიშვნის შესახებ: ამის შესახებ ლიტერატურა არც თუ ისე მრავალია და ისიც - წინაამღდეგობრივი. ერთადერთი, რაც ჩანს, არის ის, რომ როგორც რუსეთის ეკლესია, ასევე, საქართველოს ეკლესია, გადავიდა, 1923 წელს, კონსტანტინეპოლში ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიების სინოდის მიერ მიღებულ, იულიანური კალენდარის შესწორებულ ვერსიაზე (და არა გრეგორიანულ კალენდარზე, როგორც ბევრს ჰგონია), რომელიც 2800 წლამდე ემთხვევა გრეგორიანულ კალენდრს. ის, რომ ამ გადასვლის მიუხედავად, ორივე ეს ეკლესია დაჟინებულად აღნიშნავდა შობას 7 იანვარს სსრკ-ს განმავლობაში, სხვა არაფერი იყო, თუ არა საბჭოთა იდეოლოგიური მოთხოვნა, გაზრდილიყო ბარიერი არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიებსა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის, არამედ, მართლმადიდებელ ეკლესიებს შორისაც არსებულიყო გაუგებრობის და ურთიერთმიუღებლობის საფუძველი."



ბ-ნი გიგი რომ საკითხს არ იცნობს და სრულიად აცდენილია თემის არსს იქიდანაც ჩანს, რომ სინამდვილეში, ამ საკითხზე სხვადასხვა ენაზე არსებული ზღვა ლიტერატურა მისთვის უცნობია. და რაზეც ხელი მიუწვდა იქიდანაც მხოლოდ ერთადერთი რამ დაუნახავს ("ერთადერთი, რაც ჩანს"), რომ რუსეთის და საქართველოს ეკლესიები 1923 წელს, კონსტანტინოპოლის ეკლესიის კვალდაკვალ, გადასულან იულიანური კალენდარის შესწორებულ ვერსიაზე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ აიძულა ისინი დაბრუნებოდნენ ძველ სტილს, რათა დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან იზოლაციაში მოექცია ისინი. ერთი შეხედვით, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის ამგვარი მსჯელობა თითქოს ლოგიკურია, მაგრამ საკმარისია კარგად ჩავიხედოთ ისტორიაში, საარქივო მასალებზე და სხვა სარწმუნო მასალებზე დაყრდნობით გავეცნოთ საქმის ნამდვილ ვითარებას, რომ ბ-ნი გიგის მსჯელობა თავდაყირა დადგება. 



წინაისტორია. რომის პაპმა გრიგოლ  XIII -მ 1582 წელს, კალენდარული რეფორმა განახორციელა და იულიანური კალენდარი შეცვალა ახლით, რომელსაც შემდგომში გრიგორიანული კალენდარი ეწოდა. რეფორმა ითვალისწინებდა იულიანური კალენდრიდან 10 დღის ამოღებას, რის შედეგადაც 1582 წლის 4 ოქტომბერს, ხუთშაბათს მოჰყვა პირდაპირ 15 ოქტომბერი, პარასკევი (დღეს ეს განსხვავება უკვე 13 დღეს შეადგენს). ამავე და მომდევნო წელს, რეფორმა კათოლიკური ევროპის 20-მდე ქვეყანას შეეხო. ამასთან დაკავშირებით, ბელგიასა და ჰოლანდიაში, ზოგის აზრით კომიკური, უფრო კი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: 1582 წლის 21 დეკემბრიდან პირდაპირ 1583 წლის 1 იანვარზე გადასვლის გამო იმ წელს მოსახლეობამ ქრისტეშობის დღესასწაული ვერ იზეიმა ( Chris Turney, Bones, Rocks and Stars: The Science of When Things Happened, 2006, p. 10).



გრიგოლ  XIII ამით არ დაკმაყოფილდა და, თავისი გავლენის გავრცელების მიზნით, წერილი გაუგზავნა კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემია II-ს და მასაც ახალ კალენდარზე გადასვლა შესთავაზა. 1583 წლის 20 ნოემბერს, კონსტანტინოპოლში შეკრებილმა კრებამ პაპის შეთავაზება უარყო და ახალი სტილი მიმდევრები ანათემას გადასცა. დოკუმენტს, რომელიც კრებამ შეიმუშავა, ქვია "ანათემა 1583 წლის დიდი კრებისა ახალი (გრიგორიანული) კალენდრის მიმდევრებზე". აღსანიშნავია, რომ კრების დადგენილების ტექსტში საუბარია არა მხოლოდ პასქალიაზე, არამედ სათვეო კალენდარზეც, რაც საფუძველს აცლის მოდერნისტულად განწყობილ მართლმადიდებელთა მტკიცებას, თითქოსდა არ არსებობს არცერთი კრების კანონი უძრავ კალენდართან დაკავშირებით და ის მხოლოდ პასქალიას, ანუ მოძრავ კალენდარს შეეხება.



1583 წლის კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება (სიგილიონი), რომელსაც ხელს აწერდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტრი და იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი, დაეგზავნა მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას და მოუწოდებდა, რომ არ მიიღონ "ახალი პასქალია, ან განახლებული სათვეო კალენდარი". 



დოკუმენტი ასე იწყებოდა: "საპატრიარქო სიგილიონი ეპისტოლე, ყველგან მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმის შესახებ, რომ არ მიიღონ ახალი პასქალია, ან განახლებული სათვეო კალენდარი, არამედ მტკიცედ დაიცვან ერთხელ და კეთილად დადგენილი წესი 318 წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიერ I მსოფლიო კრებისა, ეპიტიმიითა და ანათემით."



დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი აცხადებდა: "მათ, ვინც არ მიჰყვებიან ეკლესიის ტრადიციას და იმას, რაც გვიბრძანა შვიდმა საეკლესიო კრებამ წმინდა აღდგომასა და თვენზე და რისი დაცვაც კეთილად დაგვიდგინეს ამ კრებებმა, არამედ სურთ გაჰყვნენ გრიგორიანულ პასქალიას და თვენს, ისინი, უღმერთო ასტრონომებთან ერთად ეწინააღმდეგებიან წმ. კრებათა ყველა დადგენილებას და სურთ მათი შეცვლა და შესუსტება - დე, იყოს ანათემა მათზე (ἀς ἔχει τὸ ἀνάθεμα), განკვეთილ იქნენ ქრისტეს ეკლესიისაგან (καὶ ἔξω τῆς τοῦ Χριστοῦ Ἐκκλησίας) და მართალთა საკრებულოსგან. თქვენ კი, მართლმადიდებელნო და კეთილმსახურნო ქრისტიანენო, დაადგერით მას, რაშიც განისწავლეთ, რაშიც დაიბადეთ და აღიზარდეთ და როდესაც ეს გარდაუვალი იქნება, თვით თქვენი სისხლიც კი დაღვარეთ, რათა დაიმარხოთ მამული სარწმუნოება და აღმსარებლობა. დაიცავით თავი თქვენი და უფრთხილდით ამათ, რათა უფალი ქრისტე, ღმერთი ჩვენი შეგეწიოთ და ჩვენი მხურვალე ლოცვაც იყოს თქვენ ყოველთა ზედა" (Ελευθέριου Χρ. Γκουτζίδη, θεολόγου καθηγητοῦ. Ἔλεγχος καὶ ἀνατροπή τῆς διδακτορικής διατριβῆς τοῦ Δημητριάδος Χριτόδουλου Παρασκευαϊδη. Ἀθήναι 1985, σελ. 33-34; Досифей, патриарх Иерусалимский. Τόμος Ἀγάπης, σ. 403; ციტირებულია გამოცემიდან:  Нужно ли возвращаться на старый стиль? газ. «Дух христианина», 2008, Апрель-Июнь).



შემდგომში, პაპი გრიგოლის კალენდარულ რეფორმასთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს კონსტანტინოპოლის 1587 და 1593 წლის კრებემაც (Dimitrios Kitsikis. «The Old Calendarists and the rise of religious conservatism in Greece», Center for Traditionalist Orthodox Studies, Ethna, California, 1995, p. 6).



კალენდრის საკითხს გამოეხმაურა ასევე XVII-XVIII სს-ებში მოღვაწე იერუსალიმის ცნობილი პატრიარქი დოსითეოს II (1669-1707), რომელსაც, სხვათა შორის, გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი იერუსალიმის ქართული მონასტრების დავალიანების დაფარვაში, რითიც ისინი მაშინ სომეხ-გრიგორიანელთა და კათოლიკეთა ხელში მოხვედრისგან გადაარჩინა. მან რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში  და კარგად ფლობდა ქართულ ენასაც. სწორედ ამ დოსითეოს პატრიარქმა თავის თხზულებაში - "მართლმადიდებელი სარწმუნოების გარდამოცემა" - კალენდარული რეფორმა ერესთა სიაში შეიყვანა. კერძოდ, ის წერდა: "ოთხი დიდი მხეცი დაიბადა XVI საუკუნეში: ლუთერის ერესი, კალვინის ერესი, იეზუიტთა ერესი და ერესი ახალი კალენდარისა. ლუთერისა და კალვინის და, ასევე, ახალი კალენდარის ერესთან დაკავშირებით, კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრება შედგა" (მხედველობაში აქვს 1583 წლის 20 ნოემბრის კრება. იხ. Ελευθέριου Χρ. Γκουτζίδη, θεολόγου καθηγητῦ. Ἔλεγχος καὶ ἀνατροπή τῆς διδακτορικής διατριβῆς τοῦ Δημητριάδος Χριτόδουλου Παρασκευαϊδη. Ἀθήναι 1985, σελ, 29-30. არსებობს ამ თხზულების ქართული თარგმანი, რომელიც რუსულიდან არქიმანდრიტმა ტარასი ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა. ქართული თარგმანი 1847 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა).



XX საუკუნის დასაწყისი - კონსტანტინოპოლის პატიარქი მელეტი IV. 1583 წლის კონსტანტინოპოლის კრების შემდეგ კალენდრის რეფორმის საკითხი მართლმადიდებელ ეკლესიაში აღარ დამდგარა, XX საუკუნის დასაწყისამდე. ვნახოთ, რამ განაპირობა ამ საკითხის წამოწევა XX ს-ის დასაწყისში.



ამ დროს საბერძნეთი თურქეთთან ტერიტორიულ ომებში იყო ჩართული და დიდი საბერძნეთის შექმნის იდეით გამსჭვალული პრემიერ-მინისტრი ელეფთერიოს ვენიზელოსი ანტანტის დახმარებაზე ამყარებდა იმედებს. ამ პოლიტიკურმა მოვლენებმა პირდაპირი გავლენა იქონიეს კონსტანტინოპოლის ეკლესიის და, შემდგომში, მთელი მართლმადიდებლობის ბედზე.



1916 წლის 10/23 ნოემბერს მინისტრმა ანდრეას მიხალაკოპულოსმა წერილით მიმართა პრემიერ მინისტრ ვენიზელოსს, სადაც მოცემული იყო ბერძნული ეკლესიის ძირეული რეფორმისა და სრული მოდერნიზაციის გეგმა. ამ გეგმის მიზანი იყო ბიზანტიის ნამსხვრევებზე ახალი, პანელინური იმპერიისა და ერთი მსოფლიო სინოდის შექმნა და, თუ ამის პირობები შეიქმნებოდა, ეს მსოფლიო სინოდი ბერძნული უნდა ყოფილიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ჩანაფიქრით, იმდროინდელ ბერძენ პოლიტიკოსებს მართლმადიდებლობაში პაპისტური მმართველობის მოდელის გადმოტანა სურდათ.



ამ მიზნებისთვის მათ სჭირდებოდათ შორსმჭვრეტელი, რევოლოციონერი იერარქი, რომელიც მინისტრ მიხალაკოპულოსის სიტყვებით, ბერძნული ეკლესიის ვენიზელოსი გახდებოდა. ასეთი კანდიდატი მიხალაკოპულოსს უკვე შერჩეული ჰყავდა. ეს იყო  კვიპროსის ეკლესიის მიტროპოლიტი მელეტი მეტაკსაკისი, შემდგომში კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი მელეტიოს IV.



მიხალაკოპულოსის წერილში ვენიზელოსისადმი პუნქტობრივად იყო გაწერილი ეკლესიის რეფორმის შემდეგი მიმართულებები: 1. მარხვების გაუქმება; 2. ლიტურგიისა და სხვადასხვა მსახურებათა მოდერნიზება და შემოკლება; 3. მღვდლების განსწავლა სპეციალურ სასწავლებლებში ზომიერების, მომჭირნეობის, სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მოვალეობის შესახებ საქადაგებლად; 4. წმ. ათანასეს, წმ. ანდრიას და სხვა წმინდანთა დღესასწაულების გაუქმება, როგორც უსაქმურობის წყაროსი. უქმე დღეებად უნდა დარჩენილიყო მხოლოდ კვირა და კიდევ ორი თუ სამი დღესასწაული; 5. უნდა გამოცემულიყო განათლებული საერო ავტორების წიგნები რელიგიაზე, ხოლო სიტყვა "წმინდა" (ანუ, წმ. მამათა თხზულებები) უნდა გამქრალიყო; 6. მონასტრები, როგორც კორუფციის ბუდეები და ყოველივე ამქვეყნიური სიკეთის ექსპლუატატორი, უნდა აკრძალულიყო, ხოლო მისი მიწები გლეხთა ხელში გადასულიყო. მიხალაკოპულოსი არწმუნებდა პრემიერ-მინისტრს, რომ ამ რეფორმების გატარების შედეგად, ინგლისი საბერძნეთს დაუთმობდა სულ მცირე - კვიპროსს. ამის შემდეგ ქვეყნის შიგნით გაგრძელდებოდა ეკლესიის რეფორმა, თუმცა, პირველ ეტაპზე, ეკლესიის გარეგნული ბრწყინვალება და სამკაულები შენარჩუნებული იქნებოდა.  (Dimitrios Kitsikis. The Old Calendarists and the rise of religious conservatism in Greece», Center for Traditionalist Orthodox Studies, Ethna, California, 1995. p.11).



აი, ასეთი მაკიაველური პოლიტიკა უძღოდა წინ კალენდარულ და საეკლესიო რეფორმას. ახლა, ვნახოთ ვინ იყო მელეტი მეტაკსაკისი, რომელიც ამ რეფორმას უნდა ჩასდგომოდა სათავეში. მელეტი, ისევე, როგორც პრემიერი ვენიზელოსი, წარმოშობით კუნძულ კრეტადან იყო. ეს იყო განათლებული, ენერგიული, პოლიტიკანი, რომელიც ბერძნული ეკლესიის ახალ ისტორიაში ყველაზე კონტრავერსულ იერარქად რჩება. მან ერთადერთმა მოახერხა, მეტად საეჭვო ვითარებებში, სამი ავტოკეფალური ეკლესიის ტახტი დაეკავებინა. მელეტის, 1900 წლიდან, იერუსალიმის სინოდის მდივნის თანამდებობა ეკავა. 1908 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დამიანემ იგი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და "წმინდა საფლავის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის" წმინდა საფლავის საძმოდან განაძევა (Batistos D. Proceedings and Decisions of the Pan-Orthodox Council in Constantinople, May 10 - June 8, 1923. Athens, 1982).



ამის შემდეგ მელეტი გადადის ინგლისელების მიერ ოკუპირებულ კვირპოსზე, სადაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს იფიცერის, ისტორიკოს ალექსანდრე ზერვუდაკისის  ცნობით, ორ სხვა სასულიერო პირთან ერთად, ინგლისის მასონთა ლოჟაში გაწევრიანდა (Alexander I. Zervoudakis, Famous Freemasons, Masonic Bulletin, No 71, January-February, 1967). სხვა ცნობებით, ის საბერძნეთის მასონთა დიდი ლოჟის - Αρμονία (ჰარმონია) წევრი იყო (http://www.grandlodge.gr/μελέτ...). თუმცა რამდენიმე მვკვლევარი უარყოფს მელეტის მასონობას, მაგრამ ჩემი აზრით ის კი არ არის მთავარი, მელეტი მართლაც იყო თუ არა მასონი, არამედ ის, თუ რას აკეთებდა და რა შედეგი გამოიღო მისმა მოღვაწეობამ, რადგან ნათქვამია: "საქმემან შენმან გამოგაჩინოს".



ამის შემდეგ იწყება მელეტის აღმა-დაღმასვლა სასულიერო იერარქიის კიბეებზე: 1910 წლიდან 1918 წლამდე იკავებს კვიპროსის მიტროპოლიტის ტახტს. 1916 წელს, პრემიერ ვენიზელოსის მიწვევით მიემგზავრება მატერიკულ საბერძნეთში, სადაც სათავეში უდგება ეკლესიის მოდერნიზაციას და აქტიურად მოღვაწეობს საბერძნეთის ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში ჩასართავად. პრემიერის მხარდაჭერის წყალობით 1918 წელს ის საეკლესიო კანონთა დარღვევით არჩეულ იქნა ათენის არქიეპისკოპოსად, მაგრამ 1920 წელს, ვენეზილოსის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მელეტი გათავისუფლებულ იქნა ათენის არქიეპისკოპოსობიდან და აეკრძალა მღვდელმსახურება (Нужно ли возвращаться на старый стиль? газ. «Дух христианина», 2008, Апрель-Июнь). შედეგად, ის გაემგზავრა აშშ-ში და აქტიურად მოღვაწეობდა ბერძნულ სამრევლოებში. 1921 წლის 25 ნოემბერს, ოსმალური მთავრობის თანხმობის გარეშე, არჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის პატრიარქად და ანტანტის ჯარების მიერ ოკუპირებულ კონსტანტინოპოლში ბიზანტიის დროშის ქვეშ მცურავი გემით შევიდა ( А. Буевский. Патриарх Константинопольский Мелетий IV и Русская Православная Церковь. // ЖМП. 1953, № 3, стр. 31).



კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან ძალიან მალევე მან რადიკალური ნაბიჯები გადადგა ეკუმენიზმის დამკვიდრებისთვის მართლმადიდებლობაში. ვაშინგტონში საბერძნეთის ელჩის ცნობით, მელეტიოსმა "(სამღვდელო სამოსში) შემოსილმა მონაწილეობა მიიღო ანგლიკანურ მსახურებაში, ლოცვისას მუხლს იდრეკდა ანგლიკანებთან ერთად, ეამბორა მათ ტრაპეზს, იქადაგა და შემდეგ, იქ მყოფნი დალოცა". მელეტის ზეწოლის შედეგად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1922 წელს ოფიციალურად სცნო ანგლიკანური სამღვდელოების ქიროტონია და მადლმოსილება, რამაც კათოლიკური რომის პროტესტიც კი გამოიწვია (Delimpasis, A. D., Pascha of the Lord, Creation, Renewal, and Apostasy, Athens, 1985, p.661, 663 (in Greek)).



ეს ყველაფერი უკვე საეკლესიო კანონების პირდაპირი და უხეში დარღვევა იყო, მაგრამ აშკარაა, რომ მელეტი მოქმედებდა წმინდად პოლიტიკური მოსაზრებებით და პოლიტიკოსების მხარდაჭერით და მის ქმედებას არავითარი რელიგიური მოტივაცია არ ედო საფუძვლად; შესაბამისად, არც საეკლესიო კანონიკას დაგიდევდათ. მითუმეტეს, არაფერი ჰქონდა ამას საერთო ქრისტიანულ მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან. მაგრამ მელეტი ამით არ დაკმაყოფილებულა, ის დაუდგრომელი სულის კაცი იყო. სწორედ მან წამოაყენა მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიისთვის სრულიად ახალი და მიუღებელი იდეა იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ეკუთვნის არა პატივით პირველობა (τα πρεβεῖα τῆς τιμῆς) თანასწორთა შორის, არამედ ძალაუფლებით პირველობა  (τα πρεβεῖα ἐξουσίας). შემდგომში,  მელეტის მემკვიდრეების დროს, ეს იდეა ხდება მსოფლიო საპატრიარქოს იდეოლოგიის ფუნდამენტი: 20-30-იან წლებში, ეს იდეოლოგია აქტიურად ხორციელდება ცხოვრებაში, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქები ნიშნავენ თავიანთ ეგზარქებს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ერთპიროვნულად წყვეტენ სხვა ეკლესიების დაქვემდებარებაში მყოფი ადგილობრივი ეკლესიების არსებობის კანონიერებასა თუ არაკანონიერებას (Проф. С. Троицкий. О границах распространения права власти Константинопольской патриархии на «диаспору»// ЖМП. 1947, № 11, с. 35).



აი, ასეთ ზოგად ვითარებაში, 1923 წლის 10 მაისიდან 8 ივნისამდე, მელეტიმ კონსტანტინოპოლში მოიწვია "სრულიადმართლმადიდებლური კონგრესი", რომელსაც ელადის, კვიპროსის, რუმინეთისა და სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონგრესმა  "შესწორებული" კალენდრისა და პასქალიის მიღების თაობაზე გამოიტანა გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მან სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღო, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ საეკლესიო კანონებს - მარხვების გაუქმება, სასულიერო პირებისთვის მეორედ ქორწინების უფლების დართვა, მღვდლებისა და დიაკვნების ქორწინების უფლება ქიროტონიის შემდეგ და სხვა.



რა გამოხმაურება ჰქონდა 1923 წლის კონგრესის გადაწყვეტილებას მსოფლიო მართლმადიდებლობაში? ეს გადაწყვეტილებები არ სცნეს სხვა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა - იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის პატრიარქებმა უარი თქვეს ამ კრებაში მონაწილეობაზე. თავიანთ წერილებში კონგრესი დაგმეს და არაკანონიკურად სცნეს ალექსანდრიის პატრიარქმა ფოტიმ, ასევე, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქებმა (Хроника. Элладская Православная Церковь. Старый стиль и Элладская Церковь. ЖМП, № 11, с. 50); გადაწყვეტილებები უკანონოდ სცნო რუსეთის პატრიარქმა, ბოლშევიკებისგან რეპრესირებულმა წმ. აღმსარებელმა ტიხონმაც (Заявление Святейшего Патриарха Тихона во ВЦИК (относительно реформы календаря) от 30. 9. 1924г. Русская Православная Церковь в советское время. М. Пропилеи. 1995, кн. 1, с. 237 ). კიდევ ერთხელ, 1930 წელს, ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში შემდგარმა სრულიად მართლმადიდებლურმა კრებამ კონგრესის გადაწყვეტილებები დაგმო და არაკანონიკურად სცნო; წმ. ნიკოლოზ ველიმიროვიჩმა კონგრესს ბრალი დასდო სქიზმის ჩამოგდებაში. კონგრესის გადაწყვეტილებებს "ეკლესიის საწინააღმდეგო ვანდალიზმი" უწოდა წმ. ანტონი ხრაპოვიცკიმ, რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის მეთაურმა (Митрополит Антоний (Храповицкий). Жизнеописание. Письма к разным лицам 1919-1939 годов. СПб. 2006, с. 93 ).



ასეთ ვითარებაში ვინ დაუჭირა მხარი მელეტის მიერ შეკრებილი კონგრესის გადაწყვეტილებას? სინამდვილეში, კონგრესის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მხოლოდ ათენის არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა, რომელიც ჯერ კიდევ 1908 წელს, მელეტისთან ერთად, გაძევებულ იქნა წმინდა საფლავის საძმოდან და მისი დიდი ხნის მეგობარი და თანამოაზრე იყო; და რუმინეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა, რაც წმინდა წყლის მერკანტილიზმი გახლდათ, რადგან ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მელეტისგან პატრიარქის ტიტულის ტარების უფლება მიიღო (Нужно ли возвращаться на старый стиль? газ. «Дух христианина», 2008, Апрель-Июнь).



მელეტის უკანონო ქმედებებმა სასულიერო პირთა წრეში და კონსტანტინოპოლის მრევლში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც, 1923 წლის ივლისში, მელეტი იძულებული გახდა, ავადმყოფობის საბაბით, კონსტანტინოპოლი მიეტოვებინა და ათონზე წასულიყო. მაგრამ ამან ვერ უშველა და მალე, იმავე წლის სექტემბერში, საბერძნეთის ახალი მთავრობისა და მრევლის ზეწოლის შედეგად გადადგომა მოუწია. დაუცხრომელი ბუნების მელეტიმ ახლა საბერძნეთის გარეთ სცადა თავისი ბედი: 1926 წელს ის ალექსანდრიის პატრიარქად იქნა არჩეული, მელეტი II-ის სახელით, სადაც ასევე განაგრძო რეფორმისტული და ეკუმენისტური მოღვაწეობა, თანდათანობით დაამკვიდრა ახალი სტილი და ამჯერად უკვე ალექსანდრიის პატრიარქის ხარისხში, კიდევ ერთხელ სცნო ანგლიკანთა ხელდასხმის მადლმოსილება. კომიკურად ჟღერს, მაგრამ ცნობილია, რომ ამავე მიზნით, ანუ ანტისაეკლესიო  რეფორმების იქ გასატარებლად, მელეტის ალექსანდრიის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქად გახდომა ჰქონდა  განზრახული (Εισαγωγη: Пρακτικα και Αποφασεις του εν Κωνσταντινουπολει Πανορθοσοξου Συνεδριου 10.5.-8.6.1923, ΑΘηναι, 1982, σελ.δ.), მაგრამ 1935 წლის 28 ივლისს ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.



ეს გრძელი ექსკურსი იმისთვის გახდა საჭირო, რომ მეჩვენებინა მთავარი რამ: კალენდარული რეფორმა არ არის მხოლოდ ერთი უწყინარი რეფორმა. ის არის მოვლენათა ჯაჭვის ერთი რგოლი, რომელიც მოიაზრება ანტიეკლესიურ ფართომასშტაბიან რეფორმათა კომპლექსის პირველ ნაბიჯად. ამასთან, ისიც ნათლად დავინახეთ, რომ ამ რეფორმას ბერძნულ ეკლესიაში არავითარი კავშირი არ ჰქონია რელიგიასთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადამიანის სულის ცხონებასთან, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკა და თუ გნებავთ - პოლიტიკანობა, რომელმაც არავითარი სიკეთე ბერძნულ ეკლესიას არ მოუტანა, გარდა განხეთქილებისა და ქრისტეს ეკლესიის ნამსხვრევებად ქცევისა. ასე ხდება, როდესაც მელეტიოსი ვენიზელოსობას ცდილობს, ხოლო ვენიზელოსი მელეტიოსობას.



XX საუკუნის დასაწყისი - რუსეთის პატრიარქი წმ. ტიხონი. ბერძნული ეკლესიისაგნ სრულიად სხვა ვითარება იყო შექმნილი რუსეთში, სადაც დიდი სახელმწიფოებრივი ცვლილებები მოხდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, წლის ბოლოს, რუსეთის საეკლესიო კრებამ პატრიარქის ინსტიტუტი აღადგინა და პირველ პატრიარქად არჩეულ იქნა წმ. აღმსარებელი ტიხონ ბელავინი (1865-1925). 1918 წლის 14 თებერვლის რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით რუსეთში ოფიცალურად იქნა მიღებული გრიგორიანული ("დასავლეთ-ევროპული") კალენდარი. დეკრეტს ხელს აწერდა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ლენინი და კიდევ რამდენიმე კომისარი.



1918 წელსვე დაიწყო ეკლესიის დევნა და ქონების ექსპროპრიაცია. პატრიარქი ურყევი რჩებოდა პრინციპულ საკითხებში, თუმცა ცდილობდა, მეორეხარისხოვან საკითხებში ათეისტურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში კომპრომისისთვის მიეღწია. მაგრამ ბოლშევიკებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: 1922 წლის 22 მარტს, ლენინის ინიციატივით, ბოლშევიკურმა პოლიტსაბჭომ ეკლესიის ორგანიზაციის სრული განადგურებისა და სინოდის წევრთა და პატრიარქის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. 1923 წელს ტიხონი დააპატიმრეს და პოლიტბიურომ დავალება მისცა ცენტრალურ კომიტეტს, რომ მისი საქმე მთელი სიმკაცრით გარჩეულიყო, მის მიერ ჩადენილ კოლოსალურ დანაშაულთა გამო, რაც, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. პარალელურად, ე.წ. ობნოვლენცების მოდერნისტულმა ეკლესიამ, რომელმაც თავიდანვე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ბოლშევიკურ ხელისუფლებას, 1923 წლის აპრილ-მაისში მოიწვიეს "სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება", რომლის 3 მაისს მიღებული რეზოლუციითაც გაუქმებულად გამოცხადდა პატრიარქის ინსტიტუტი, როგორც მონარქისტული და კონტრრევოლუციური წარმონაქმნი, ხოლო ტიხონს ჩამოერთვა პატრიარქობა და მონაზვნობა (!). ამავე კრებამ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი («Поместный собор Российской Православной Церкви 1923 года (обновленческий)» // Данилушкин М. и др. «История Русской Православной Церкви. Новый патриарший период». Том 1. 1917-1970. СПб.: «Воскресение», 1997, стр. 851-852). პარალელურად, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მელეტიმ ობნოვლენცების ცრუკრების გადაწყვეტილებები კანონიერად სცნო, რაც თავისთავად, მრავლისმეტყველი ფაქტია ( Митрополит Антоний (Храповицкий). Жизнеописание. Письма к разным лицам 1919-1939 годов. СПб. 2006, с. 200,  Письмо № 47 к митрополиту Евлогию (Георгиевскому)).



მალე, სავარაუდოდ, ე.წ. კერზონის ნოტის შედეგად, რომელსაც ულტიმატუმის ხასიათი ჰქონდა,  ბოლშევიკებმა ტიხონის მიმართ განაჩენი შეამსუბუქეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. კერზონის ნოტაში გამოთქმული იყო მუქარა, რომ თუ საბჭოთა ხელისუფლება არ შეწყვეტდა რელიგიურ დევნას, დიდი ბრიტანეთი მასთან დიპლომატიური ურთიერთობს სრულიად გაწყვეტდა. (С. Г. Петров. Освобождение Патриарха Тихона из-под ареста: Источниковедческое изучение «покаянных» документов. იხ.: http://www.krotov.info/history/20/1...).



მიუხედავად იმისა, რომ ტიხონი საჯაროდ ირწმუნებოდა, რომ არ ექნებოდა არავითარი ურთიერთობა მონარქისტებთან და ახალი ხელისუფლებისადმი მტრულად არ იქნებოდა განწყობილი («Известия». 1 июля 1923, № 145, стр. 1), ბოლშევიკებისთვის ეს საკმარისი არ იყო. უპირველეს ყოვლისა, მას მოსთხოვეს ორი რამ, რომ: 1. მისდამი დაქვემდებარებულ ეკლესიებში დაწყებულიყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის ლოცვების აღვლენა და 2.  ახალი სტილის შემოღება (Дмитрий Сафонов. Был ли патриарх Тихон сторонником введения нового стиля? http://www.pravoslavie.ru/57504.htm...). 



რა თქმა უნდა, აქაც კალენდარული რეფორმა მხოლოდ კალენდარულ რეფორმას არ გულისხმობდა. მას უნდა მოჰყოლოდა სხვა რეფორმებიც, იმის მსგავსი, როგორიც მელეტიმ მიიღო 1923 წლის კონგრესზე. НКВД-სთან არსებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ГПУ НКВД РСФСР) უფროსის, ევგენი ტუჩკოვის გეგმით, ახალი სტილის შემოღება, სამღვდელოთათვის მეორედ ქორწინებაზე უფლების დართვა  და სხვა სიახლეების დამკვიდრება პატრიარქის პრესტიჟს დასცემდა და განხეთქილებას შეიტანდა ეკლესიაში, რაც მორწმუნეთა იმედგაცრუებას და მათი უმრავლესობის საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ობნოვლენცების რიგებში შერწყმას გამოიწვევდა.



ევგენი ტუჩკოვმა ახალი სტილის შემოღების აუციელებელ არგუმენტად პატრიარქ ტიხონს კონსტანტინოპოლის 1923 წლის "სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესის" გადაწყვეტილებები წარუდგინა, რომელიც, თითქოსდა, აღმოსავლეთის ყველა პატრიარქის თანხმობით იქნა მიღებული (Архивы Кремля. В 2-х кн. / Кн.1. Политбюро и Церковь 1922-1925 гг. М.-Новосибирск, РОССПЭН, Сибирский хронограф, 1997. Т.1. С.531). ზუსტად არაა ცნობილი, იცოდა თუ არა ტიხონმა, რომ სინამდვილეში, აღმოსავლეთის პატრიარქებმა დაგმეს 1923 წლის მელეტიოსის კონგრესი, მაგრამ ფაქტია, რომ 1923 წლის 24 სექტემბერს შედგა საეპისკოპოსო კრება პატრიარქ ტიხონის თავმჯდომარეობით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთის ეკლესია ახალ სტილზე გადასულიყო. შესაძლოა პატრიარქ ტიხონის მხრიდან ეს მასზე განხორციელებული კოლოსალური წნეხის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ГПУ-სთვის, საპატრიარქოში შეგზავნილი სასულიერო პირების "დანოსებიდან" კარგად იყო ცნობილი, რომ პატრიარქი და მისი ერთგული იერარქები ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას არ აპირებდნენ. ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი, ხელისუფლების მოსაჩვენებლად ახლ სტილზეც აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ძველ სტილზედაც (Центральниый архив ФСБ. Д. Н-1780. Т.5. Л.108;  ЦА ФСБ Д. Н-1780 Т.4. Л.354; Дмитрий Сафонов. Был ли патриарх Тихон сторонником введения нового стиля?).



ფაქტია, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. სულ მალე, 1923 წლის 8 ნოემბერს, პატრიარქმა გამოსცა ახალი განკარგულება, რომლითაც ახალი სტილის შემოღება რუსეთის ეკლესიაში შეაჩერა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ტიხონმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის დანამდვილებით ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის კოგრესის გადაწყვეტილება მელეტიოსმა ერთპიროვნულად და სხვა პატრიარქებთან შეუთანხმებლად და წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო.



ამას შედეგად, ГПУ-ს მხრიდან მოჰყვა ახალი რეპრესიები, ცილისწამებები პატრიარქისა და მისი მომხრეების დისკრედიტაციის მიზნით, ახალი სტილის მოწინააღმდეგეებზე ფიზიკური თავდასხმები და მკვლელობები და სხვა. მალე, 1925 წლის 25 მარტს/7 აპრილს, 60 წლის პატრიარქი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით გარდაცვალება მოჰყვა გულის შეტევას, თუმცა არსებობს ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს (Юрий Пущаев. 5 вопросов о революции и патриархе, беседа со старшим научным сотрудником Института всеобщей истории РАН, историком Алексеем Бегловым. http://hram-troicy.prihod.ru/articl...). პატრიარქი ტიხონი შერაცხულია წმინდანთა დასში, როგორც აღმსარებელი.



აი, ასეთია მოკლედ ისტორია და რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულება 20-იან წლებში წლებში ახალი სტილისადმი. ყველა უტყუარი ისტორიული დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ბოლშევიკები იყვნენ ახალი სტილი შემოღების თავგადაკლული მომხრეები, ხოლო რელიგიური საზოგადოება, ანტიბოლშევიკურად განწყობილ საზოგადოებასთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლების ამ მიზანს ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო მრავალმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლეც კი შესწირა, მრავალმა კი ან რუსეთის საზღვარგარეთულ, ან კიდევ კატაკომბურ ეკლესიას მიაშურა. დღესდღეობით, სახელდობრივად, ცნობილია 1774 რუსი წმინდა ახალმოწამე, თუმცა, ბუნებრივია, ეს რიცხვი გაცილებით დიდი აღმოჩნდება საბჭოთა უშიშროების არქივების გახსნისა და მათი სრულყოფილად შესწავლის შემდეგ. ამათგან ბევრი სწორედ კალენდრის საკითხსა და ეკლესიაში მოდერნიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ გამოთქმული პოზიციის გამო იწამა. ამიტომ, ცინიკურად და უპასუხისმგებლოდ ჟღერს ზოგიერთი განცხადება იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლებას რუსეთის ეკლესიის დასავლური სამყაროსგან იზოლირება სურდა და ამის გამო, მათ უფლება არ მისცეს ახალი სტილი მიეღოთ. მივმართოთ ფილოსოფიის ერთ-ერთ დარგს, ლოგიკას, ბატონებო! თუ არადა, მაჩვენეთ თუნდაც ერთი წმინდანი ახალმოწამე ან აღმსარებელი, რომელიც ახალი სტილის შემოღების სურვილის გამო აწამა და ტანჯა საბჭოთა ხელისუფლებამ.



XX საუკუნის დასაწყისი - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი წმ. ამბროსი ხელაია. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საბერძნეთისა და რუსეთის ეკლესიის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლები ვიცით ამ პერიოდის საქართველოს ეკლესიაზე და, კერძოდ, კალენდარულ საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებზე. ამ საკითხზე, ჯერ-ჯერბით, მონოგაფიული გამოკვლევები არ დაწერილა. შესაბამისი მწირი მასალა ან აქა-იქაა გაფანტული, ან რამდენიმე ზედაპირულ საგაზეთო სტატიაშია თავმოყრილი.  სამწუხაროა, რომ ქართველმა ისტორიკოსებმა საქართველოს ეკლესიის ამ პერიოდის ისტორიის კვლევა მაშინ დაიწყეს, როდესაც კალენდარული დისკუსიების მონაწილე და მომსწრე თაობა უკვე გარდაცვლილი იყო. დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ შეუსწავლელია საბჭოთა უშიშროების არქივებში ამ პერიოდის საქართველოს ეკლესიის ისტორიის დოკუმენტებიც. ფართო საზოგადოებისთვის ასევე მიუწვდომელია საქართველოს საპატრიარქოს არქივიც. იმ დროის ბოლშევიკური პრესის მასალებს, რა თქმა უნდა უკრიტიკოდ და სათანადო ანალიზის გარეშე პირდაპირ მტკიცებულებად ვერ მივიღებთ. და, რაც მთავარია, რა მასალაც გვაქვს ხელთ, ყველა ახალი სტილის მომხრეთა პოზიციას გამოხატავს. პირადად მე, არსად შემხვედრია ძველი სტილის იმდროინდელ მომხრეთა პირველ პირში გადმოცემული პოზიცია და არგუმენტები. იმედი ვიქონიოთ, რომ საარქივო მასალების შემდგომი კვლევა ძიება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს აღნიშნულ საკითხში. 



მაშ ასე, რა ვიცით საქმის ვითარების შესახებ ამ ეტაპზე? კალენდარულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ორი წამყვანი ფიგურა იკვეთება, ორივე საქართველოს კათალიკოს პატრიარქი - წმ. ამბროსი აღმსარებელი (1921-1927) და ქრისტეფორე  ციცქიშვილი (1927-1932). ორივეს რთულ ვითარებაში მოუწია მოღვაწეობა, რადგან საქართველოს გასაბჭოებისთანავე დაიწყო ეკლესიის დევნა, ქონების ჩამორთმევით დაწყებული დაპატიმრებებითა და დახვრეტით დამთავრებული. ამბროსი ხელაიამ ამ ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციას წერილი გაუგზავნა, სადაც საბჭოთა ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და მოწმუნეთა უფლებების ტოტალურ შელახვაში სდებდა ბრალს. საბჭოთა ხელისფულებამ აღნიშნული  წერილი სილის გაწვნად აღიქვა და 1923 წლის თებერვალში, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით, ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს უმრავლესი წევრი დააპატიმრა. 



ამ დროისთვის უკვე ასპარეზზე იყო გამოსული ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც ამბროსის დაპატიმრების დროს ურბნისის ეპისკოპოსის ტახტს (1922 წლის 18 მარტიდან) იკავებდა. საინტერესოა, რომ მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა მოხდა ისე, რომ მონაზვნად აღკვეცილი არ ყოფილა. ამბროსი ხელაიას და სხვა ეპისკოპოსთა დაპატიმრების შემდეგ, გარეთ დარჩენილი ქრისტეფორე სათავეში ჩაუდგა რეფორმატორთა ჯგუფს, რომელსაც საქართველოს ეკლესიის მოდერნიზება ჰქონდა განზრახული. ამ ჯგუფს ზუსტად იგივე მიზნები ჰქონდა, რაც რუს ობნოვლენცებს, რომლებიც, როგორც ზემოთ ითქვა, საბჭოთა ხელისუფლების მეხოტბეები იყვნენ.



ამბროსის პატიმრობის პერიოდში ახლადშექმნილ საკათალიკოსო საბჭოს სათავეში სწორედ ქრისტეფორე ციცქიშვილი მოექცა, რომელმაც გარშემო სხვა რეფორმისტები შემოიკრიბა. ერთ-ერთი მათგანი იყო ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, რომელმაც უმალ  ეკლესიაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე დაიწყო აქტიური პროპაგანდა. 1923 წლის 2 სექტემბერს, სწორედ მისი ორგანიზებით შედგა კრება, რომელზედაც გაკრიტიკებულ იქნა ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი წერილის შინაარსი. ამავე კრებამ განიხილა ამბროსისთან მისი გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების საკითხიც (სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია 1917-1952 წლებში, გვ 114-154).



ორი თვის შემდეგ,  1923 წლის  24 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ, ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით, თითქოსდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (რომელიც ამ დროს საპატიმროში იმყოფებოდა!) ლოცვა-კურთხევით, გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1923 წლის 1 ნოემბრიდან უნდა შემოღებულიყო ახალი სტილი (იქვე, გვ. 79). მაგრამ მათ, ვინც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული განჩინება ამბროსის ლოცვა-კურთხევით გამოიცა, ამის არავითარი საფუძველი და სარწმუნო მტკიცებულება არ აქვთ და სხვა მიზნები ამოძრავებთ. საკითხის უკეთ შესწავლის შედეგად მტკიცდება, რომ ეს იყო, უბრალოდ, საპატიმროში მყოფი ადამიანის სახელით თვითნებური მანიპულაცია. ეს კარგად საბუთდება რამდენიმე გარემოებით. 1925 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვია ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ კალინინი, რომელმაც საქართველოს სსრ ხელისუფლებას მოუწოდა ამნისტია გამოეცხადებინა 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე მსჯავრდებულთათვის და ასევე, შეეწყვიტა რელიგიური დევნა (Lasha Tchantouridze. Russia Annexes Georgia. Georgian Patriarch's Letter to the 1922 Genoa Conference. The Canadian Journal of Orthodox Christianity. Volume III, No 3, Fall 2008 ). შედეგად,  1925 წლის 8 მარტს, ამბროსი  პატიმრობიდან გაათავისუფლეს (სერგო ვარდოსანიძე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (1921-1927 წწ.), საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 20) და პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ 11 მარტს, გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, ქრისტეფორე ციცქიშვილის განჩინება ახალი სტილის შესახებ გააუქმა.



გარდა ამისა,  საქართველოს შსს არქივში დაცულია საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მოადგილის, საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსის, ლავრენტი ბერიას წერილი საქართველოს კომპარტიის ცკ-ს მდივნის, კახიანისადმი; წერილი დათარიღებულია 1926 წლის 27 მარტით. ამ მრავალმხრივ საინტერესო წერილში გაანალიზებულია 20-იანი წლების საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა, შესწავლილია მთავარი მოქმედი პირები, მათი ხასიათი, მიდრეკილებები; საკათალიკოსო საბჭოში შემავალი სასულიერო პირები დაყოფილია კატეგორიებად: რეაქციონერი, მერყევი, პროგრესისტი. ამავე წერილიდან ჩანს, რომ ბერიას უშიშროების სამსახურს უკვე გადაბირებული ჰყავდა ე.წ. პროგრესისტი სასულიერო პირები, რომლებიც, ბერიას სიტყვებით, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, პერიოდულად, შესაბამის პასუხისმგებელ ამხანაგებთან შეხვედრებს მოითხოვდნენ ("как показала практика бывали моменты, когда некоторые представители прогрессивного духовенства добивались, в целях получения поддержки, переговоров с ответственними товарищами." (იხ. ნინო ყიფშიძე,  ლავრენტი ბერიას პასუხი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცნობილ მემორანდუმზე,  საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 100). მართალია, ბერია სახელდობრივ არ ასახელებს ამ პროგრესულ სასულიერო პირებს, ვინც შეხვედრებს მოითხოვდნენ საბჭოთა უშიშროების წარმომადგენლებთან, მაგრამ ამგვარ პირთა ჯგუფის გამოყოფა ძალიან ადვილია, რადგან ამავე წერილში მოყვანილ მოქმედ იერარქთა სიაში პროგრესისტებად მოიხსენიებიან მხოლოდ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი და ქუთათელ-გაენათელი დავით კაჭახიძე (ბოდბელ სტეფანე კარბელაშვილზე შენიშნულია - одно время был прогресистом).



ზემოთ თქმულიდან არც ისაა გასაკვირი, რომ ახალი სტილის საკითხს სწორედ ქრისტეფორე და დავითი ლობირებდნენ და როგორც ბერიას წერილიდან ირკვევა,  1923 წლის  24 ოქტომბერის განჩინება, ახალი სტილის შემოღების თაობაზე, სწორედ მათი შემოქმედებაა და ამ საკითხში ამბროსი ხელაის ხელი, მითუმეტეს ლოცვა-კურთხევა, არ ურევია. კერძოდ, ბერია წერს: "после осуждения Амвросия и части членов католикосского совета, ... (ჩამოთვლილია დაჭერილთა სია; ნ.ნ.) во глове церкви в качестве патриаршего местоблюстителя стал митрополит Христофор (Цицкишвили). ... С этого момента, католикосский совет во глове с Христофором определенно стал на путь проведения в церкви реформ. В первую очередь был введен новый стиль..." (ნინო ყიფშიძე,  ლავრენტი ბერიას პასუხი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცნობილ მემორანდუმზე,  საარქივო მოამბე, N8, 2010, გვ. 93).



მაგრამ, რატომღაც, ჩვენი დროის ახალი სტილის მომხრეები კალენდარულ რეფორმასთან ერთად არ ახსენებენ სხვა საეკლესიო კანონების საწინააღმდეგო სიახლეებს, რომლებიც ქრისტეფორე ციცქიშვილმა განაჩინა 1923 წლის  24 ოქტომბერს. სამაგიეროდ, ლავრენტი პავლოვიჩი დაწვრილებით მოახსენებს ამ სიახლეების შესახებ ცკ-ს მდივანს. ესენია: მღვდელმსახურებს ნება დაერთოთ  სამოქალაქო ტანსაცმელი ატარონ არასამსახურებრივ დროს, მარხვები და ღვთისმსახურება შემოკლდა, მარხვის დროს დაიშვა ჯვრისწერა და გადაიდგა ნაბიჯი ღვთისმსახურთათვის მეორედ ქორწინების უფლების მინიჭებისთვის: "С этого момента, католикосский совет во глове с Христофором определенно стал на путь проведения в церкви реформ. В первую очередь был введен новый стиль, священникам разрешено во внеслужебное время носить штатскую одежду, посты и богослужения сокращены, разрешено совершать венчания в постоное время и даже был намечен к разрешению вопрос о второбрачии священников". ამასთან, ბერია ასკვნის: "Все эти реформы необходимо понять как желание Христофора, человека сочувствующего Соввласти, перевести церковь из враждебного Соввласти лагеря и повести ее по пути обновленчества." (იქვე).



ზემოთ მოყვანილს ამტკიცებს ლავრენტი ბერიას მოგვიანო, 1929 წლის საანგარიშო წერილიც "საქართველოს ეკლესიის შესახებ", რომელსაც ის უკვე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოზიციიდან წერდა: "Длительной нашей работой нам удалось создать оппозицию католикосу Амвросию и тогдашней руководящей группе грузинской церкви, и... в 1927 году в январе месяце удалось полностью вырвать из рук Амвросия бразды правления Грузинской церковью и вместе с его приверженцами удалить от руководящей роли в Грузинской церкви. В апреле месяце, после смерти католикоса Амвросия, католикосом был избран митрополит Христофор, вполне лояльно относящийся к Соввласти, и уже собор, избравший Христофора, декларировал свое лояльное отношение к власти и осудил политику и деятельность Амвросия, в частности, и грузинскую эмиграцию." (Борис Соколов, Берия. Судьба всесильного наркома, М., 2003, ст. 17). როგორც ვხედავთ, ქართველი მოდერნისტების რეფორმები, ქრისტეფორე ციცქიშვილის მეთაურობით, თავისი შინაარსით ერთი-ერთზე იმეორებს საბერძნეთში მელეტის, ხოლო რუსეთში პრობოლშევიკური ობნოვლენცების რეფორმებს; ხოლო ქრისტეფორეს და ბერიას ურთიერთობა ძალიან წააგავს მელეტის და ვენიზელოსის, ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის არაჯანსაღ ურთიერთობას.



საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ამბროსი ხელაიას დიდხანს აღარ უცოცხლია, ის 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. შერაცხულია წმინდანთა დასში, როგორც აღმსარებელი. ქრისტეფორემ კი მისი ადგილი დაიკავა და კვლავ განაგრძო საეკლესიო რეფორმატორული კურსი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ კალენდრის რეფორმის ინიციატივა სწორედ მას ეკუთვნოდა. რა ვითარებაში მოხდა ეს? კერძოდ, 1927 წლის 21 ივნისს მოწვეულ იქნა საქართველოს ეკლესიის IV კრება, რომელმაც ქრისტეფორე საპატრიარქო ტახტზე აირჩია. ამავე კრებამ გამოიტანა განაჩენი, რომელმაც კვლავ აღადგინა ამბროსი ხელაიას მიერ შეჩერებული კალენდარული რეფორმა, რაც ახალი სტილის შემოღებას გულისხმობდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა:  1928 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა ახალი სტილის დროებით შეჩერებისა   და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნების განჩინება მიიღო, მორწმუნეთა მოუმზადებლობისა და შეუგნებლობის საბაბით. ახალი განჩინება აღნიშნავდა, რომ ახალი სტილის მოწინააღმდეგენი იყვნენ არამხოლოდ გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც ( ს.ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", გვ. 82). როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობია, ამ "გაუნათლებელ თუ განათლებულ მორწმუნეთა" არგუმენტები, ისევე, როგორც უცნობია თავად ამბროსი ხელაიას არგუმენტები და პოზიცია პირველი პირიდან. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მოგონობათა ერთადერთი ცნობა, რომ თითქოსდა ამბროსი ხელაიამ ნება დართო ახალი სტილის შემოღებაზე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) ,  მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან, "ქართული მწიგნობრობა", ტ. 9, გამომცემლობა "ციცინათელა", თბ. 2010, გვ.333-334. ), თუმცა კი საინტერესოა, მაგრამ დასკვნების გამოსატანად - სრულიად არასაკმარისი, რადგან, ერთი მხრივ, არ გვაქვს საკონტროლო მასალა, უშუალოდ ამბროსის და სხვა "რეაქციონერთა" ხელიდან გამოსული და მეორე მხრივ, შსს არქივში დაცული და ბოლო ხანებამდე გასაიდუმლოებული მასალა სრულიად ნათელს ხდის ქრისტეფორე ციცქიშვილისა და სხვა "პტოგრესისტთა" როლს ამ საკითხში. ამრიგად, ახალი სტილის თანამედროვე მომხრეთა მიერ შექმნილი მითი, თითქოს საბჭოთა უშიშროება ხელს უშლიდა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს კალენდარული რეფორმის განხორციელებაში, რათა საბჭოთა მორწმუნეები გაუცხოებულიყვნენ საზღვარგარეთის მართლმადიდებელ მოძმე ეკლესიებთან, სრული უაზრობა და იაფი პროპაგანდისტული ხრიკია.



მაგრამ აქ ისმის ლეგიტიმური კითხვა: თუ ახალი სტილის შემოღებას საბჭოთა ხელისუფლება ლობირებდა 20-იან წლებში, რატომ არ გააგრძელა ამ მხრივ ზეწოლა შემდგომ 30-იან, 40-იან წლებში და კიდევ უფრო მოგვიანებით? ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია, სანამ სრულყოფილად არ იქნება შესწავლილი საარქივო მასალა, მაგრამ უკვე ჩვენს ხელთ არსებული მასალებისა და საბჭოთა კავშირში შექმნილი ზოგადი რელიგიური კლიმატის მიხედვით შეიძლება ლოგიკური მოსაზრებების გამოთქმა. საბჭოთა ისტორიის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ რეპრესიების შენელება სტალინს სწორედ ბერიამ ურჩია, მის მიერ საქართველოს ეკლესიისადმი გატარებული, შედარებით "ლიბერალური" პოლიტიკის მაგალითზე (Борис Соколов, Берия. Судьба всесильного наркома, М., 2003). ბერიას 1929 წლის საანგარიშო მოხსენებით წერილში - "საქართველოს ეკლესიის შესახებ" - კარგად ჩანს როგორც საქართველოს პარტიული ხელმძღვანელობის, ასევე უშიშროების მიდგომები ეკლესიისადმი. საქმე ისაა, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების სათავეში საბჭოთა წყობილებისადმი ლიბერალურად განწყობილი სერგი სტრაგოროდსკისა და  ქრისტეფორე ციცქიშვილის მოსვლის შემდეგ, ეკლესიის რეფორმის აუცილებლობამ ის მნიშვნელობა დაკარგა, რაც მას ახალგაზრდა საბჭოთა წყობილების პირველ ხანებში უნდა შეესრულებინა - სსრკ მომძლავრდა, ხოლო ეკლესიის როლი მნიშვნელოვნად დასუსტდა. გარდა ამისა, საბჭოთა ხელისფლება საბოლოოდ მიხვდა, რომ ხალხის განწყობის საპირისპირო რეფორმების ძალით გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ოფიციალურ ეკლესიაში მოსიარულე მრევლს და ამით ხელისუფლება მორწმუნე "მასებზე" ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს დაკარგავდა. შესაბამისად, "რეაქციონერი" იერარქების წინააღმდეგ გატარებული მასობრივი რეპრესიების შედეგად, ხელისუფლებამ დაიგულა რა ეკლესიების სათავეში მორჩილი პატრიარქები, ასეთივე მორჩილი სინოდის წევრებით,  ეკლესიის რეფორმირების იდეა თავის აზრს სრულიად კარგავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი და ახალი საარქივო მასალების გამომზეურება ამ აზრს კიდევ უფრო გაამყარებს.



ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:


გასული საუკუნის 20-იან წლებში დაწყებულ მოძრაობას კალენდარული რეფორმისთვის არა საეკლესიო-რელიგიური, არამედ წმინდად პოლიტიკური სარჩული ედო საბერძნეთშიც, რუსეთშიც და საქართველოშიც.


კალენდარული რეფორმის გატარება რუსეთსა და საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ეკლესიისათვის თავსმოხვეული მოვლენა იყო.


რუსეთშიც და საქართველოშიც კალენდარული რეფორმის გამტარებელი სასულიერო პირები (ობნოვლენცები და ქრისტეფორე ციცქიშვილის დაჯგუფება) ახლო ურთიერთობაში იყვნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან და მოქმედებდნენ უშიშროების სამსახურებთან შეთანხმებით.


რუსეთშიც და საქართველოშიც კალენდარული რეფორმის მოწინააღმდეგენი იყვნენ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი და ღრმად რელიგიური ადამიანები, რომელთა უმრავლესობამ საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიების გამო სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა, ან წმინდა აღმსარებელთა დასში შეირაცხნენ.



შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ძველი სტილით შობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერაა და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში უკან გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, ეს არის მხარდაჭერა ამბროსი და ტიხონ აღმსარებელი პატრიარქებისა და მათთან ერთად, იმ ათასობით ახალმოწამისა, რომელთა სიცოცხლეც საბჭოთა იმპერიალიზმმა შეიწირა. ხოლო თქვენი განცხადება კი, ბატონო გიგი, არ გეწყინოთ და, პირველ რიგში, ამ წითელი ტერორის მსხვერპლთა სულების შეურაცხყოფაა.




ნიკო ნიკოლოზიშვილი

28 დეკემბერი/10 იანვარი, 2015/2016

ორთა ბევრთა (20 000) ნიკომედიას დამწვარ მოწამეთა ხსენების დღე

 

 

P.S. ზოგიერთი კომენტარიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე გავაკეთო მცირე განმარტება. პირადად მე, შობას აღვნიშნავ ძველი სტილით, მაგრამ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ხალხის, ვინც თავისი სინდისის კარნახით, მისი სარწმუნოებიდან გამომდინარე, შობას ახალი სტილით აღნიშნავს. და საერთოდ, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მომხრე ვარ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016