კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „2030" მისი რეჟისორობით მიმდინარე მრავალსერიანი ფილმის გადაღებების დეტალებზე საუბრობს.
ხაინდრავას განცხადებით ფილმი, რომელსაც მაყურებელი გაზაფხულის ბოლოს იხილავს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში სისტემური დანაშაულებების შიდა სამზარეულოს ასახავს. გლდანის ციხეში მიმდინარე სცენები რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და როგორც რეჟისორი აღნიშნავს, საზოგადოებისთვის ბევრი რამ მართლაც შოკისმომგვრელი იქნება.
„ფილმი ქართული საზოგადოებისთვის თვალის ახელა იქნება, რადგან ეს სიმახინჯეები ძალიან მალე დაგვავიწყდა. ჩვენ, ისევე, როგორც გერმანულმა საზოგადოებამ, უნდა ვნახოთ, რა გავიარეთ, რა ჩავიდინეთ, რომ აღარასოდეს გავიმეოროთ. ყველანი მდუმარე თანამონაწილენი ვიყავით იმ პროცესისა, რომელშიც საქართველო 10 წლის მანძილზე იხარშებოდა. ხელოვნების ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ჩვენი ნამოქმედარი არ დაგვავიწყოს." - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. „ზღვა საქმეებიდან მხოლოდ ის საქმეები ამოვარჩიეთ, რომელიც სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზე იყო დაფუძნებული. გახმაურებული საქმეების სამზარეულო მაყურებელმა ნაკლებად იცის. მაგალითად, თეთრაძის საქმე მთლიანადაა მოცემული. არის გირგვლიანის საქმე, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ევროპის განაჩენი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. ფილმში აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. ჩვენი მამები და პაპები ციმბირის ბანაკებშიც იყვნენ, მაგრამ ის უბედურება, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, თანამედროვე მსოფლიოს არ ახსოვს და ვერც წარმოუდგენია." - აღნიშნავს კინორეჟისორი.