„დღეს აღვნიშნავთ ხსენების დღეს ექვთიმე თაყაიშვილისა - ეროვნული გმირის, ღვთისკაცის, როგორც მას ჩვენმა ეკლესიამ უწოდა", - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ძნელად მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე სფერო, რომლისთვისაც დიდ მამულიშვილს ძალისხმევა არ გაეღოს:
აქტიურად მონაწილეობდა წერა-კითხვის საზოგადოების საქმიანობაში, უნივერსიტეტის დაარსებაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების მუშაობაში, მის სახელს უკავშირდება ვეფხისტყაოსნის ძველ ხელნაწერთა აღმოჩენა, უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური, საისტორიო, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული მოღვაწეობა.
ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით სამაგალითოა მისი გმირული თავგანწირვა საქართველოს ისტორიული საგანძურის შეინარჩუნებისა და სამშობლოში დაბრუნებისთვის.
მისი ღვაწლი სახელმძღვანელოა ყველასთვის, ვისთვისაც ხალხისა და სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.