თბილისში, აბესაძის 20 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ოჯახებს, რომლის ბინებსაც აღდგენითი სამუშაოების ჩატარება სჭირდება, გამგეობა ქირით გაიყვანს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. პირველ რიგში, ჩვენ მათ შევპირდით ქირით გაყვანას, ვიდრე არ შევუკეთებთ იმ სახლს, რომელიც დაზიანდა, თუმცა ისინი ამას არ საჭიროებენ. ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. კარგია, რომ სამაშველო სამსახურის მხრიდან ოპერატიულად მოხდა რეაგირება და ზიანი დიდი არ არის, ძირითადად მაინც ერთ ოჯახს შეეხო,"-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცეცხლი სამშენებლო წყალგაყვანილობის მილებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლი მიმდებარე 2 საცხოვრებელ სახლს გადაედო. ხანძრის შედეგად ორივე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა და ჯამში 4 ოჯახი დაზარალდა. შემთხვევის ადგილზე, 8 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა მუშაობდა.