საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს.
აღმოჩნდა, რომ შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება ამ დრომდე ავტომატურად და თანაც განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. განმარტებისთვის - თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით - 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.
"შპს "მაგთიკომს" დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა", - ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში - აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი - 438,849 ლარს შეადგენს. ინფორმაციისთვის, არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.