„ვერიჩკას მილოცვა ლევანს", - ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს ლევან მამალაძეს, რომელიც წლებია საქართველოში არ ცხოვრობს, დედა დაბადების დღეს ულოცავს:
„ლევან, დედა, გილოცავ დაბადების დღეს. ეს დღე ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, ბედნიერება და სიყვარულია.
შენ ხარ არაჩვეულებრივი შვილი, ბავშვობიდანვე სიკეთით, ზრუნვითა და სამართლიანობით გამოირჩეოდი და ყველას ძალიან შეაყვარე თავი. მთელი ჩვენი დიდი სანათესაო შენ შემოგხარით. მე ძალიან ხშირად ვიღებ სხვების მიერ შენი ქების ბედნიერებას და მინდა ვთქვა, რომ არაფერი არ არის შვილით სიამაყეზე ძვირფასი.
კარგ შვილთან ერთად, შენ ხარ კარგი დედმამიშვილი, ბიძა, მეგობარი და არაჩვეულებრივი მეუღლე. შენი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ძალიან მიყვარს მარიკა, ჭკვიანი შვილებისა და კარგი პიროვნებების აღზრდისათვის კი კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ. შენი შვილები - ანამარია, ნიკოლოზი და ლეგრი, დედიკო ეს არის შენი გამართლება და სიმდიდრე.
აგორებულმა შავმა პიარმა და რეპრესიებმა ჩვენს ოჯახს ბევრი უსამართლობა შეახვედრა, შეიწირა ოჯახის წევრების სიცოცხლე... ამდენი უსამართლობის ატანა ყველას ძალიან გაგვიჭირდა. მე არაფერი არ მინდა, შენ და შენი ოჯახი მყავდეთ კარგად.
13 წელი სამშობლოდან დევნილობა შენისთანა ქართველისთვის ყველაზე დიდი სასჯელია. მე აქედან ვერაფრით დაგეხმარე, ადამიანები გადასხვაფერდნენ, უფრო მეტი ბოროტებაა და ამ უსამართლობაში ვერაფერი მოვახერხე. გული მწყდება რომ ამდენი ხანი სამშობლოში ჩამოსვლის უფლება არ მოგეცა, მაგრამ მჯერა, რომ მალე ყველაფერი დალაგდება.
იცოცხლე მრავალჟამიერ! ჯანმრთელად და ბედნიერად შენს ლამაზ ოჯახთან ერთად. დედა, მე ყოველთვის შენს გვერდში ვარ, დედის ლოცვით და დედის სიყვარულით, ყველაფერი კარგად იქნება. მალე შევხვდებით ერთმანეთს.
ვერიჩკა", - ნათქვამია მილოცვის წერილში, რომელსაც ლევან მამალაძეს აკაკი მამალაძე სოციალურ ქსელში უზიარებს.