იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან დღემდე, იაშვილის კლინიკაში, H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევა დაფიქსირდა. უმეტესობა ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვები არიან. მათი უმრავლესობა დღეისთვის კლინიკიდან გაწერილია. ინფორმაცია ჩხაიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
მისი თქმით, ანტივირუსული პრეპარატები ეფექტურია დაავადების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში.
"ბოლო კვირის განმავლობაში შეიმჩნევა მატება, თუმცა თითქმის შემთხვევების იმ რაოდენობის მსგავსია, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა.
რეკომენდაციებს რაც შეეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს მძიმედ მიმდინარე გრიპის შემთხვევებში მკურნალობის დროულად დაწყებას", - განმარტა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე ურჩევს მშობლებს, იმ შემთხვევაში თუკი პატარას 38,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა აღენიშნება, ამასთანავე დაწეყო ძილიანობა და არ იღებს საჭმელს აუცილებლად მიმართონ ექიმს. უფროსებს რაც შეეხებათ, თუკი გაუჩნდათ თავისა და სახსრის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში პირღებინებაც მიმართონ ექიმს. ჩხაიძის განმარტებით, ვირუსის დროს მკურნალობის დროულად დაწყება მნიშვნელოვანია.