დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, H1N1-ის 8 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ციფრი არ არის საგანგაშო. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიკოსებმა მოსახლეობას ვირუსის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები მისცეს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს:
„100 000 მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი საქართველოსთვის არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ, ჯერ იმის ნახევარია, რაც შეიძლება ზამთარში ჩაითვალოს ეპიდემიის გავრცელებად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპით გამოწვეული ინფექცია მეტად საშიშია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრონიკულ დაავადებებს ებრძვიან:
„გრიპით გამოწვეული ინფექცია საშიშია, ძირითადად, იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ფონური დაავადება, რაც უკავშირდება ქრონიკულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასევე ადამიანებს, ვინც იმყოფებიან დიალიზზე და ა.შ", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მზადყოფნის მიზნით ქვეყანაში აცრილია 20 ათასამდე ადამიანი. მათ შორის 12 ათასი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი.