„ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
"მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს იმით, რაც ვნახეთ, მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამორიცხულია. იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. უმარავი მოქმედებაა ჩასატარებელი, სანახავია მანქანა, სადაც სისხლის კვალებია, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, სად არის განლაგებული და როგორ. ეს ყველაფერი ასაწყობია. ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.