საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატიმართა წერილებს აქვეყნებს, რომელშიც ისინი შეწყალების კომისიის წევრებს მიმართავენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუბრიკა - „პატიმრის ხმა შეწყალების კომისიას" კომისიის გამჭვირვალობის ერთ-ერთი ფორმაა, სადაც საზოგადოება პატიმრების წერილებს უშუალოდ გაეცნობა.
„ვიწყებთ პატიმართა იმ წერილების საჯაროდ გამოქვეყნებას, ვინც მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია უსამართლოდ ექცევა პატიმრებს და ჩვენი კომიტეტისგან ითხოვენ რეაგირებას. რადგან შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გადავწყვიტეთ, პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით გავასაჯაროოთ იმ პატიმართა საჩივრები, ვინც მიიჩნევს, რომ ის თავად უსამართლობის მსხვერპლია. იქნებ მათი ხმა მივაწვდინოთ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს და იქნებ ამის შემდეგ მაინც სათანადო ყურადღება მიაქციონ მათ და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება".