„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა. შეხვედრის დასასრულს ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ:
„როგორც ცნობილია, 30-31 დეკემბერს გაიმართა „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების საპროტესტო მიტინგი, სადაც თანამშრომლებმა მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება, ყოველწლიური დანამატის გაცემა და ხელფასების მატება. იმავდროულად ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების დროს თანამშრომლებმა უარი განაცხადეს გაფიცვაზე, რათა წინასაახალწლო დღეებში პრობლემები არ შეექმნათ დედაქალაქისთვის და მზადყოფნა გამოთქვეს, ყველა სადავო საკითხი გადაეწყვიტათ დიალოგის გზით.
სამწუხაროდ, თანამშრომლების კონსტრუქციულ მიდგომას საპასუხოდ მოჰყვა ადმინისტრაციის მხრიდან პოლიციური ზომები და მიტინგის ორგანიზატორები დაითხოვეს სამსახურიდან, ხოლო მონაწილეებს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები. ზ/ა პროცესს აკონტროლებდა არა უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელობა, არამედ თბილისის მერია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა აზრის გამოხატვის გამო წარმოადგენს არა მხოლოდ შრომითი, არამედ ძირითადი კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული კურსი ევროპული ინტეგრაციის შესახებ მხოლოდ კომედიაა. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში წარმოუდგენელი იქნებოდა, დასაქმებულების პროტესტს მოჰყოლოდა მათი სამსახურებიდან გათავისუფლება.
„თავისუფალი საქართველო" დაიცავს თანმშრომლების ინტერესებს სასამართლოში და მოითხოვს მათ აღდგენას სამუშაოზე, იმავდროულად მიგვაჩნია, რომ ადმინისტაციის მხრიდან ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მოვითხოვთ შესაბამისი გამოძიების დაწყებას.
სამწუხაროდ, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიმართ მონური მიდგომა არ არის გამონაკლისი, მსგავს პირობებში მუშაობენ სახელმწიფო კომპანიების თანამშრომელთა უმრავლესობა, მცირე ელიტური კასტის გამოკლებით. ამიტომაც მივმართავთ პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სახალხო დამცველს და თბილისის საკრებულოს - შეისწავლონ ზ/ა შემთხვევა, მოაწყონ საჯარო მოსმენები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს" განცხადებაში.