reportiori.ge - განასოს(ო)ებული იბიარდი და სხვები (ანუ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმამაღალი ფიქრები)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
განასოს(ო)ებული იბიარდი და სხვები (ანუ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმამაღალი ფიქრები)
ავტორი:
20 იანვარი, 2016. 14:55


ამთავითვე ხაზგასმით ვამბობ:  1. ვარ „ქართული ოცნების" რწმენიანი მომხრე და არჩევნებში ხმას სწორედ ამ პარტიას მივცემ; 2.  უაღრესად დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გულშემატკივრულ კრიტიკას ვაპირებ, ზოგიერთ მათგანთან საერთო სამეგობროც მყავს;  3. მწამს და ვცხოვრობ პრინციპით: მოყვარეს პირში უძრახეო...


ახლა საქმე:


ოფიციალურად ჯერ არდაწყებულმა, მაგრამ რეალურად სტარტაღებულმა წინასაარჩევნო პროცესმა გააშიშვლა მმართველ პარტიაში არსებული ნაკლოვანებები, სუსტი რგოლები და, აქედან გამომდინარე, განსაზღვრა ამოცანები და პრიორიტეტები. „ქართული ოცნების" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაცხადებული პასუხი, რომ აუცილებელია ფართომასშტაბიანი სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, შექმნილი რეალობის ადეკვატურია და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.


თავშივე ვთქვი და ვიმეორებ, „ქართული ოცნების" ამომრჩევლად ვრჩები, რადგან ამ პარტიას რესურსის ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს გახარჯული (გარემოებათა გამო) და არც მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ალტერნატივა იკვეთება უახლოეს მომავალში. ჩემი, როგორც ერთი მხარდამჭერის და ერთი მოქალაქის სურვილია, გავხდე რეალური ცვლილებების მოწმე და როგორც ამომრჩეველი - მონაწილე. მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ეს ცვლილებები შედარებით დუნედ მიმდინარეობს, პრაქტიკულად, მის შედეგებს მასა ვერ გრძნობს და ამის გამო საზოგადოების თვალში „ქართული ოცნება" ქულებს კარგავს.


მავანისთვის ეს შესაძლოა საკამათო მოსაზრება იყოს. მაგრამ, განსჯისთვის, მოდით, საპარლამენტო ცხოვრებას დავაკვირდეთ, სადაც თვალსაჩინოების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე შიდაპარტიულ რგოლებში და პარტიულ სამზარეულოში. ამასთან,  ვფიქრობ, პარლამენტზე დაკვირვება იქნება ანალიზის განვრცობისა და განზოგადების კარგი საშუალება.


საქართველოს მოქმედი პარლამენტი, საერთო შეფასებით, სუსტია, უაღრესად სუსტი. სუსტია დეპუტატთა დიდი უმრავლესობის საპარლამენტო საქმიანობისთვის, რბილად რომ ვთქვათ, მოუმზადებლობის გამო. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს მწარე რეალობა, სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად, ძირითადად ობიექტური გარემოებებით იყო და არის გამოწვეული, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ვერაფერი შეღავათია.


როდესაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არის სერიოზული ხარვეზები სამართლის სფეროს, ეკონომიკის დარგებისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტების დეფიციტის გამო, ეს მის მიმართ ნდობით განმაწყობს. ნდობით განმაწყობს იმის გამო, რომ სიმართლეს ამბობს და კიდევ იმის გამო, რომ ნაკლოვანებების ხალხის სამსჯავროზე გამოტანა (საზოგადოების ჩართულობა ნდობასაც ამაღლებს და ურთიერთპასუხისმგებლობასაც) პარტიის მმართველი რგოლის პრინციპულობაზე და ურყევ ნებაზე მიანიშნებს.


როდესაც ვკითხულობ, რომ მსახიობები და სპორტსმენები, „არსებული სიჭარბით" (!!!!)  მომავალ პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი, ჩემი მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ამ მოსაზრების გამხმოვანებელს „სიჭარბეშიც" ვეთანხმები და, გარდა ამისა, ვეთანხმები იმაშიც, რომ კითხვაზე პირდაპირი პასუხი უნდა გაცემულიყო, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე, პრობლემაზე წაყრუების გარეშე (ჟურნალისტის კითხვაში სტრიქონებს შორის აშკარად იკითხება, რომ დეპუტაციის ეს ჯგუფი (მისი გარკვეული ნაწილი) არამარტო სუსტი რგოლი, არამედ საყოველთაო ქილიკის ობიექტია).


მთავარ სათქმელსაც მივადექი... იმას, რასაც „ქართული ოცნების" მხარდამჭერისთვის ჯანსაღი თვითკრიტიკა და თვისებრივი ცვლილებებისთვის მზადყოფნა ჰქვია, პარტიის შიგნით სრულიად არაჯანსაღი (საღი აზრის პოზიციებიდან) აჟიოტაჟი მოჰყვა. სწორედ ამ აჟიოტაჟმა დამაფიქრა და,  როგორც სამოქალაქო საზოგადოების ერთმა რიგითმა წევრმa, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, თვისებრივი ცვლილებებისკენ გადადგმული ეს კონკრეტული, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი თუ მომავალი ნაბიჯი, დავიცვა სუბიექტური ინტერესებით დაღდასმული არაჯანსაღი გამოხდომებისგან.


ჯერ „არსებულ სიჭარბეზე" ვიტყვი ორიოდ სიტყვას: საქართველოს პარლამენტში რეჟისორ-მსახიობი და სპორტსმენი, სულ მცირე, ოცდაერთია (14%). რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებას" - ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ორმოცდაშვიდი დეპუტატით არის წარმოდგენილი. აქედან ჩვიდმეტია სპორტისა და კულტურის სფეროებთან (წარსულში თუ აწმყოში) დიდი შემხებლობის მქონე (პაატა ბარათაშვილი, ვალერი გელაშვილი, ზურაბ ზვიადაური, გიორგი კახიანი, ელდარ კურტანიძე, დათო ლორთქიფანიძე, ზაზა პაპუაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, გოგი ქავთარაძე, ნუკრი ქანთარია, თემურ ჩხაიძე, თემურ ჭკუასელი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, თემურ ხუბულური, გია ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი), რაც 36%-ს შეადგენს. მეტი ობიექტურობისთვის, 3-4 კაცი შეიძლება ამოვაგდოთ ამ სიიდან, რადგან მათ შერჩევაში სხვა ნიშანი უფრო სჭარბობდა, მაგრამ 28-30%-იც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მართვაზე მთავარი პასუხისმგებელი სუბიექტისთვის.


უნდა ითქვას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ დეპუტატთა დიდი უმრავლესობა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სრულიად ბუნებრივი, „ოლიმპიური სიმშვიდით" შეხვდა. ჟურნალისტების მიერ თემის „გასკანდალურების" მიზნით მრავლად დაგებულ ხაფანგებში  მხოლოდ ერთი-ორი (არცთუ შემთხვევითი) „მსხვერპლი გაება". „მთავარი დარტყმა" თავის თავზე ისევ და ისევ სოსო ჯაჭვლიანმა აიღო, ამიტომ, მეც მას გამოვარჩევდი. მითუმეტეს, ამ ნიჭიერი და ვაჟკაცური ბუნების მქონე  კაცისადმი ყოველთვის პატივისცემით ვიყავი გამსჭვალული და ვაფასებდი მის პირდაპირობასაც.


ბატონი სოსო მისთვის ავადსახსენებელი „იბიარდის" მერე იმ „პალასაზეა", როცა უფრო ბევრს რომ ლაპარაკობენ, მით უფრო მეტ შეცდომას  უშვებენ ხოლმე. შეცდომები, სამწუხაროდ, ისეთი ხასიათისაა, რომ საზოგადოება მათ, რბილად რომ ვთქვათ,  „მტკივნეულად" აღიქვამს. საგულისხმოა, რომ ბატონი სოსო „მიზნის მისაღწევად", გარკვეულ შემთხვევებში, ჩემდა გასაკვირად, „წითელი ხაზების" გადაკვეთასაც არ ერიდება ხოლმე. მაგალითად, მის ადგილზე, მე არ ვიკადრებდი  (მითუმეტეს, თანაგუნდელთან კამათის დროს) აზრის დამახინჯებას. როდესაც, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, კონტექსტიდან შეგნებულად ამოჭრი პრინციპული და განმსაზღვრელი მნიშვნელობის სიტყვებს - „არსებული სიჭარბით" (!!!!), და განგაშის ზარებს დაარისხებ, არიქა, სპორტსმენებს და მსახიობებს გვებრძვიან და ჩვენს დისკრიმინაციას ახდენენო. ვიმეორებ, თუ ეს შეგნებულად გაკეთდა, არ არის საკადრისი საქციელი. ზოგიერთისთვის „თავზარდამცემ" ინტერვიუში მთავარი (!) და განმსაზღვრელი  ხომ სწორედ ეს სიტყვები -„არსებული სიჭარბით" იყო. და არავინ, მითუმეტეს ამ სიტყვების ავტორი თავს არ დასხმია არც სპორტსმენებს და არც მსახიობებს.


არადა, სწორედ ახლა გამახსენდა, ზოგიერთ ოპონენტს „იბიარდის" მაღალი ხარისხის იუმორად შემოსაღება რომ უნდოდა, თანაც, „პოსლეზე". ისევე, როგორც, საკუთარი „თეთრეულის" გამომჟღავნება საჯაროდ, როცა სიამაყით საუბრობ იმ მანდილოსნებზე, როდესმე რაიმე „საქმე" გქონია სპორტული (და არა საპარლამენტო) საქმიანობის დროს. არა მგონია, ამ „ხუმრობის" ავტორმა არ იცოდეს, რომ თბილისშიც, მესტიაშიც, ვაშინგტონშიც, მოსკოვში, ორივე მაჩხაანშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგ პარლამენტის აბსოლუტურ უმრავლესობაშიც,  ერთი სახელი ჰქვია... ეტყობა, ამ სიტყვების ავტორს ისეთი მოყვარე არ ჰყავს, პირში რომ უძრახოს, ან ჰყავს, მაგრამ არ(ვერ) შეისმენს, სოსო ჯაჭვლიანის ფილმის სიუჟეტს რომ დავესესხოთ - „განასოს(ო)ებულია".


მომავალი ოპონენტების საყურადღებოდ  ვიტყვი: ჩემს ასეთ ღია და პირდაპირ საუბარს ის განაპირობებს, რომ ეს თუ მსგავსი (უფრო ხისტიც კი) შეფასებები საზოგადოებას უკვე აქვს  გამოთქმული მედიაში, ინტერნეტში და არ მომწონს, როცა ჩემი (იმიტომ რომ ჩემი და ჩემნაირების მიერ არჩეული) ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი სირაქლემის პოზას ირგებს, ვითომც აქ არაფერიო, და კიდევ ის, რომ ბატონ სოსოს სჩვევია მორალზე და ურთიერთობის წესებზე, საჯაროდ, შეგონებებით მანიპულირება და სხვების დამუნათება და, მისდამი კეთილი დამოკიდებულება მმატებს გამბედაობას, სარკეში ჩავახედო. იმედი მაქვს, ეს გულშემატკივრული კი, მაგრამ შედარებით „მკვახე შეძახილი" მაინც დაეხმარება „კულტურისა და სპორტის მტრებთან" მებრძოლ დეპუტატს თავისი სახეცვლილი იმიჯის დანახვაში.


თემა შემიძლია უსასრულოდ გავშალო, რადგან არაერთი პარლამენტარის (ცოდვა გამოტეხილი ჯობს და უნდა ითქვას: ორივე ფრთიდან!) გამოსვლა იძლევა მსგავსი „მკვახე შეძახილის" საბაბს. მაგრამ, მთავარი მაინც შეცდომების მიზეზის გარკვევაა და მიზეზი კი ისაა, რომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, „ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენელი მზად არ აღმოჩნდა საპარლამენტო საქმიანობისთვის და უჭირს ამის აღიარება, რადგან დეპუტატის სკამი არ ეთმობა და, აქედან გამომდინარე,  ცდილობს,  არ გაიზიაროს (ან წინ აღუდგეს) პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გამოხატულ ნებას საკადრო-საპარლამენტო კუთხით ძირეულ ცვლილებებთან დაკავშირებით.


სამართლიანობა აუცილებლად(!)  მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა სხვა „ოცნებელმა" კოლეგებმა თავის დროზე დეპუტატის მანდატები სრულიად დამსახურებულად(!!!) მოიპოვეს... მაგრამ, არაერთხელ ითქვა, და ამაზეც ყველა თანხმდება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყნის წინაშე სულ სხვა გამოწვევები იდგა, ხოლო დღეს თვისებრივად ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.


ისე, ამ საკამათოდ გამხდარ უკამათო საგანს პაატა ბარათაშვილმა დაუსვა მსუყე წერტილი, წერტილი კი არა - ძახილის ნიშანი: „არა მგონია, რაიმე უბედურებას ვქმნიდეთო"(!). მარტივად ვიტყვი - კაცი როცა საქმეში ხარ, თანაც ამხელა საქმეში, იმით კი არ იზომება შედეგი, რას არ აფუჭებ, არამედ იმით, რა გააკეთე (ისე, არცთუ ბოროტი ხმები ამბობენ, ალბათ, იუმორნარევად: პაატა ბარათაშვილი უფრო კარგი დეპუტატია, ვიდრე ზოგიერთი „ოცნებისტიო" - ხმას მაინც არ იღებს და „ოცნებას" პრობლემებს არ უქმნისო.)


წერილის დასკვნით ნაწილში უფრო დიდ პრობლემაზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას. ძირეული ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებულ დღესავით ნათელ კამათში, დამაფიქრებელი იყო, რბილად რომ ვთქვათ,  გია ვოლსკის, მანანა კობახიძის, ზვიად კვაჭანტირაძისა და ზვიად ძიძიგურის, ანუ, „მძიმე წონის" პერსონათა  შეფასებები.


ჯერ ზვიად ძიძიგურზე ვიტყვი: პირველი - სხვა პარტიის, თუნდაც პარტნიორი პარტიის „საშინაო საქმეებში" ჩარევა სადაური წესია, პოლიტიკური საქმიანობის ოცდახუთწლიანი სტაჟის მქონე, ბატონო ზვიად? მე შემიძლია გავაკეთო ჩემი შეფასებები, რადგან რიგითი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ თქვენ?.. მეორე - კარგად მოგეხსენებათ, რეიგანი როგორც მსახიობი (პაატა ბარათაშვილის ნახევარი მსახიობიც არ იყო) არ აურჩევია ამერიკელ ხალხს თავისი ქვეყნის პრეზიდენტად. ბოლო ათწლეულების ამ ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკურმა ლიდერმა მსახიობობიდან პრეზიდენტობის კანდიდატობამდე პოლიტიკოსის უაღრესად რთული და მრავალსაფეხურიანი გზა განვლო.


გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, მაქვს უფლება ვიფიქრო, ზვიად ძიძიგურის უადგილო ჩართვა, პოლიტიკის ენაზე რომ ვთქვათ (თუნდაც, რბილად),  რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს. წესების დარღვევას კაცს პრობლემები აიძულებს ხოლმე. რა შეიძლება იყოს ბატონი ზვიადის პრობლემა? ალბათ ის, რომ ჯერ არ იცის, შენარჩუნდება თუ არა კოალიცია და თუ შენარჩუნდება, როგორი იქნება მისი და მისი დაბალპროცენტიანი პარტიის ბედი. მე ვფიქრობ, რომ ზვიად ძიძიგური უნდა იყოს მომავალ პარლამენტშიც, მაგრამ რა სტატუსით და რა უფლება-მოვალეობებით? სავარაუდოდ, ეს კითხვა აწუხებს ბატონ ზვიადსაც (რუსთაველ ამომრჩევლებთან ერთად) და ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შინაგანი ხმის კარნახით, ეძებს (ან უკვე მოძებნილი ჰყავს) მსგავსი პრობლემების წინაშე მყოფ კოლეგა-დეპუტატებს.


და აქ უკვე „ხავერდოვნად" გადავდივართ მმართველი პარტიის საპარლამენტო დეპუტაციის ზემოხსენებულ სამ ლიდერზე... მათი საფიქრალიც, ეჭვი მაქვს, მთლიანად ზვიად ძიძიგურის საფიქრალის იდენტური უნდა იყოს. ეს სამეულიც, ვფიქრობ, იმსახურებს მომავალ პარლამენტში ყოფნას, მაგრამ რა სტატუსით და რა უფლება-მოვალეობებით?


მარტივი ლოგიკაა - თუ ცვლილებები იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის, მათ დღევანდელ მდგომარეობას არაფერი დაემუქრება, მაგრამ თუ გატარდება ძირეული რეორგანიზაცია, ვინ იცის... ვინ იცის?..


ვოლსკი-კობახიძე-კვაჭანტირაძის კომენტარებს შორის ისეთი მსგავსებაა, ერთმანეთისგან გადაწერილი გეგონებათ. ძირითადი ლაიტმოტივი კი ამ ფრაზაში იკითხება - „ყველა პროფესიის ადამიანს აქვს უფლება, საკანონმდებლო ორგანოში იყოს ხალხის წარმომადგენელი" - ნუცას სკოლაა?.. ამაზე მეტი დემაგოგია რა გინდათ?


სამეულის ტაქტიკა ისეთია, თითქოს პარტიის აღმასრულებელი მდივნის  განცხადებით გარკვეული პროფესიები სამომავლოდ საფრთხის ქვეშ შეიძლება მოექცეს და ისინი კი ცდილობენ, მათ დამცველებად მოგვევლინონ. თქვე კაი დედმამიშვილებო, როცა კაცი ამბობს, სადაც დეფიციტია, უნდა შეივსოს და სადაც „სიჭარბეა", უნდა შეიკვეცოსო, რა არის აქ გაუგებარი და მიუღებელი და კიდევ - როცა იცით (მთელმა საქართველომ იცის), ჟურნალისტების საქილიკო, „თქვენი დასაცავი" პროფესიების ზოგიერთი წარმომადგენლის („გვარებს არ დავასახელებ") გამო, „ქართულ ოცნებას" ბევრჯერ რომ დასცინეს და ხმებს და მხარდამჭერებს რომ კარგავთ, ტაქტიკური მანევრების დროა? ან იქნებ დღევანდელი პარლამენტის საქმიანობით ხართ კმაყოფილი?


ზემოთ რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ გავიმეორებ - მე ყველა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას" ვაძლევ ხმას, მაგრამ აღარ მინდა გავაკეთო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. მინდა, მხარი დავუჭირო აღმშენებლობას და არა ნაცძალადობისა და ნაცტერორის არდაბრუნებას.


აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩემი საარჩევნო ხმის (ამაზე მაღალი კონსტიტუციური ფასეულობა არ არსებობს) პატივისმცემელი მოქალაქე, მოვითხოვ, მმართველ ძალაში გატარდეს ძირეული საკადრო რეორგანიზაცია. კარგი პარლამენტი ნიშნავს კარგ მთავრობას, მოკლე ხანში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებიც მოგვიკაკუნებს კარზე და ამისთვისაც კარგი საფუძველი იქნება ჩაყრილი... ასეთია აღმშენებლობის სასტარტო მდგომარეობა.


არ იქნება ასე და... „იბიარდეთ" და იყავით!


მე კი სინდისი მექნება პატიოსანი და მშვიდი - მამალმა, ხომ გახსოვთ, რა თქვა: მე მიყივლია და...


 

მერაბ  მაისურაძე

„ქართული ოცნების" ამომრჩეველი

 

14.01.2016

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016