მოსკოვში, სასამართლომ 25 წლის ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ბიოლოგიურ შვილად აღიარა და მემკვიდრედაც სწორედ გონჩაროვა ცნო. რუსული მედიის ინფორმაციით, ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ქონების ნაწილის მფლობელი გახდება.
გონჩაროვამ ტელეკომპანია ДОЖДЬ-ის ეთერში განაცხადა, რომ ამიერიდან ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა იქნება.
შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდა. ბენდუქიძის ოჯახის წევრები ანასტასია გონჩაროვას მემკვიდრედ არ აღიარებდნენ. სასამართლო პროცესები რუსეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა.
2015 წლის დეკემბერში მოსკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბენდუქიძისა და გონჩაროვას დნმ-ის ანალიზი 99,9996 პროცენტით დაემთხვა. ანალიზის შედეგების საფუძველზე თბილისის სასამართლომ გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა.
„ჩემთვის ახლა პრიორიტეტებია მამის საქმის გაგრძელება და მისი სასწავლებლების - საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების განვითარებაში მონაწილეობაა. მამა ყოველთვის მირჩევდა ბიზნესით დაინტერესებას, ბუღალტერიის, ფინანსური მენეჯმენტის სწავლას. მაშინ არ მესმოდა, თუ რად მინდოდა ეს, ჩემი მუშაობის სფერო ხომ მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვაცნობიერებ, ის თავისი საქმის გასაგრძელებლად მამზადებდა", - განაცხადა გონჩაროვამ „დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.