გურამ შარაძის საზოგადოების დამფუძნებელი რუსუდან შარაძე საქართველოს პროკურატურის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმე ნამდილად პროფესიონალურ დონეზეა გახსნილი, რაც მისთვის ძალიან სასიხარულოა.
რუსუდან შარაძის თქმით, მისი მამის, გურამ შარაძის საქმე კვლავ გასახსნელია და იმედი აქვს, პროკურატურა ამჯერადაც პროფესიონალურად იმოქმედებს.
„თუ შეიძლება რამემ გაგახაროს ბესიკ ხარძიანის ამ ტრაგიკულ ამბავში...
ვინც გაეცნო პროკურატურის განცხადებას და ნახა ვიდეოფირები, დამეთანხმება, რომ საქმე ძალიან პროფესიონალურად არის გახსნილი. დიდი იმედი მაქვს, მკვლელობის დამკვეთების ვინაობასაც გამოიძიებენ და დაასახელებენ.
გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შევხვდი. ყველაფერი ნორმალურად მიდის. იმედის თვალით ვუყურებ ახალ გამომძიებელს - გიორგი ლომთაძეს, რომლის პროფესიონალიზმიც მომწონს.
დღეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია, არაერთი მწერს, რომ თურმე, როცა უნდათ, ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა.
ასეც არის, მაგრამ ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო!
ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. დღეს, განსხვავებით 2007 წლისგან, არსებობს ბევრად გაუმჯობესებული ტექნიკური საშუალებები (მრავალრიცხოვანი და უფრო ხარისხიანი ვიდეო-კამერები, დნმ-ის ანალიზი და ა.შ...).
მამაჩემის მკვლელობა არათუ ცხელ კვალზე გამოიძიეს ზაალ გურგენიძემ და მალხაზ ბოხუამ, არამედ, სულ აურდაურიეს ყველაფერი. გადის 9 წელი, „ალდაგი" კამერის შესახებ ინფრომაციას მალავს, მოწმეები იმალებიან და სულ არ წუხან არც ღმერთის, არც მამაჩემის და არც არავის წინაშე. მე კი არ ვამართლებ პროკურატურას. კეკლუცობა არ მიყვარს, გეხსომებათ, როცა საქმე მამაჩემს შეეხება, არასდროს არავინ დამინდია. უბრალოდ, ვცდილობ, ობიექტურობა შევინარჩუნო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, დრო, რომელიც ყველაფერს კანონზომიერად, თავის ადგილზე ალაგებს.
მიყვარხართ მე თქვენ და გული არ გაიტეხოთ!"- აღნიშნავს გურამ შარაძის ქალიშვილი.